თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 6464,
კომენტარები: 3
ყურადღების მოკრება (ნაწილი II)
თავი VII
ყურადღების მოკრება (ნაწილი II)
ნაწილი I

გაგრძელება

"იუნაიტედში" გატარებული დროის განმავლობაში უმაღლესი განათლების მქონე არც ერთი ფეხბურთელი არ მყოლია. კოლინ მერდოკმა, რომელიც ჩვენს პირველ გუნდში ვერ მოხვდა, მაგრამ 90–ანების დასაწყისში ჩვენს ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა, 1990–ან წლებში "პრესტონ ნორტ ენდში" თამაშის პარალელურად მანჩესტერის საქალაქო უნივერსიტეტში იურისტის დიპლომი მიიღო. მაგრამ მერდოკი გამონაკლისია.

სხვა სახის გონების გაფანტვა ორგანიზაციასა და გარკვეულ ადამიანებს აწევთ მხრებზე, დაუჯერებელი დისციპლინაა საჭირო იმისთვის, რომ ყურადღება არ მიაქციო. "იუნაიტედში" ფეხბურთელები ყოველთვის მონაწილეობენ კლუბის კომერციულ თუ საქმიან ღონისძიებებში. ეს გასაგებია, რადგან კომერციული განყოფილება ტელევიზიიდან და სპონსორული კონტრაქტებიდან მიღებულ შემოსავალზე აგებს პასუხს, ყიდის ვიპ–ლოჟის ადგილებს სტადიონზე, აწარმოებს მომგებიან მოლაპარაკებებს და წვეულებებს აწყობს სტუმრებისთვის. მთელი ამ შემოსავლის გარეშე სარფიან კონტრაქტებს ვერ გავაფორმებდით, გიგანტურ ხელფასებს ვერ გადავიხდიდით. ვერ გავაუმჯობესებდით ჩვენს სასწავლო ცენტრს და ვერ გამოვიყენებდით კერძო თვითმფრინავს მატჩის შემდეგი გადაფრენისთვის.

ფეხბურთელებთან კონტაქტი თითოეულ სპონსორს სურდა, ეს სურვილი დროსთან ერთად მხოლოდ იზრდებოდა. ტელეტრანსლირებიდან მიღებული შემოსავალი კვლავ იზრდებოდა, "იუნაიტედი" კი უფრო ცნობილი ხდებოდა მსოფლიოში, სპონსორების რაოდენობა მატულობდა. ჩემი საქმის ნაწილი იყო – ფეხბურთელების დაცვა სპონსორული საკითხებისგან. კომერციული განყოფილების ბიჭები, რომლებიც, რა თქმა უნდა, "იუნაიტედის" ფეხბურთელების სპონსორებისთვის იყვნენ განკუთვნილნი, ახალი იდეებით მოდიოდნენ, შეკითხვების რაოდენობა კი უსასრულობისკენ მიდიოდა. მაიკ ფელანი ჩვენი შუამავალი იყო, საჭირო ვარიანტის პოვნა შეეძლო, რომელიც ჩიხიდან გამოსვლაში გვეხმარებოდა.

სეზონის დაწყებამდე საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებას საკუთარ თავზე იღებდა. შედეგად, მტკიცე გამოხედვით ვამბობდით, რომ ჩვენი ვალდებულებები შესრულებული იყო და სეზონის მიმდინარეობისას სხვა მოთხოვნებს თანდათან შევასრულებდით. ზოგიერთ სპონსორს ვარჯიშზე დასწრება და ცქერა სურდა, რაც გულს მირევდა, რადგან არ მინდოდა, ვინმეს ენახა, ვინ ვარჯიშობდა და ვინ იყო ტრავმირებული. ამიტომ გარკვეულ წუთებს ვაძლევდი ვარჯიშის დასაწყისში, ან სადილობის დროს ვესაუბრებოდი, ან სეზონის განმავლობაში რამდენიმეჯერ ვვახშმობდი მათთან ერთად.

ყოველთვის ვცდილობდით, მხარი დაგვეჭირა ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის. პარასკევობით ფეხბურთელები დაახლოებით 100 მაისურს აწერენ ხელს, რომელსაც შემდეგ საქველმოქმედო მიზნით ან აუქციონზე კარგ ფასად ყიდიან. "იუნისეფი" – ერთ–ერთი მსოფლიო ორგანიზაციაა, რომელთან თანამშრომლობას ვაწარმოებდით. წინასასეზონო ტურნეს დროს მიგვყავდა ფეხბურთელები, რათა ამ ორგანიზაციის საქმიანობას დავკვირვებოდით. ტაილანდში მდინარეზე ნავით ვცურავდით, რათა სკოლაში ბავშვები მოგვენახულებინა, რომლებიც საბავშვო პროსტიტუციისგან დაიცვეს, სამხრეთ აფრიკაში კი საბავშვო სახლებს ვსტუმრობდით. თითოეული ჩვენგანისთვის ახალი გამოცდილება იყო.

მაგრამ საქველმოქმედო საქმიანობის უმეტესობას ჩვენი სახლის სიახლოვეს ვეწეოდით, რადგან, გვინდოდა, რომ კეთილსინდისიერი მოქალაქეები ვყოფილიყავით და გვეჩვენებინა, რომ მანჩესტერელებზე ვზრუნავდით. 2006 წელს "მანჩესტერ იუნაიტედის სოციალური ფონდი" დავაარსეთ, რომელსაც კლუბის საქველმოქმედო საქმიანობა უნდა უზრუნველეყო – კერძოდ, ადგილობრივი სკოლები და საავადმყოფოები. მოთამაშეები ადგილობრივ სკოლებსა და მძიმედ დაავადებულ ბავშვებს სტუმრობდნენ, რომლებიც ეტლს იყვნენ მიჯაჭვული. ეს შესანიშნავი საქმეა, მაგრამ მას მხოლოდ თვალის კუთხით ვუმზერდი, რადგან ჩემი მთავარი საქმე შაბათის მატჩის მოგება იყო. გულშემატკივარი მადლობას არ გადაგიხდის, თუ კი აკეთებთ კეთილ საქმეს, რომელიც მათ გამარჯვებად და სამ ქულად უჯდებათ.

მნიშვნელოვანი მატჩი ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს. ეს პირველად 1983 წელს, "აბერდინთან" ერთად თასების მფლობელთა თასის ფინალში ვიგრძენი. უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ფეხბურთელების ცოლები და მეგობარი გოგონები თავიანთ როლს აცნობიერებდნენ.

ამგვარად, მათთვის ხუმრობა მოვიფიქრე და ყველას მივწერე ბარათი, რომელშიც ახსნილი მქონდა, რომ თითოეულ მათგანს ფეხბურთელის ჩემოდანში კბილის პასტა, თეთრეული და შვედეთში გამგზავრებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი ნივთები უნდა ჩაელაგებინათ, გარდა ამისა ვუბრძანე, "პიტორდზე", "აბერდინის" სტადიონზე შეკრებილიყვნენ, სადაც სამომავლო მითითებებს მივცემდი. ჭორების დახმარებით გავიგე, რომ ხუმრობამ არ გაჭრა და ჩემი იუმორი ბუშტივით გასკდა.

"პიტორდის" ოთახში შევედი, სადაც ცოლების კოლექტივსა და მდუმარებას შევხვდი. ბოდიში მოვიხადე ხუმრობისთვის, რომელსაც უსიამოვნო შედეგი მოჰყვა და ვუთხარი, რომ ჩემი წერილის რეალური მიზანი მათი ერთად შეკრება იყო, რათა მათი ქმრების კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის მოვმზადებულიყავით და შესაძლოა, უდიდეს გამოწვევაში, რომელშიც ოდესმე მიუღიათ მონაწილეობა. დავრწმუნდი, რომ ცოლებმა ვალდებულება გაიგეს – მაქსიმალურად კარგად მოემზადებინათ ქმრები თამაშისთვის და არავითარ შემთხვევაში არ მოედუნებინათ ისინი. მას შემდეგ, რაც საუბარს მოვრჩი, ვიკითხე, რამე ხომ არ აინტერესებდათ. არავის არაფერი უთქვამს. ყველაფერი გაიგეს, რაც მინდოდა: არავითარი მოსადუნებელი საშუალებები.

არსებობენ გულშემატკივრები, რომლებიც აეროპორტში ბრბოდ იკრიბებიან; სასტუმროს მახლობლად, სადაც ფეხბურთელები ჩერდებიან, ფოტოზე მონადირე ხალხსაც წააწყდები. როცა "იუნაიტედი" 2009 წელს რომში "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალს თამაშობდა, სასტუმროს მენეჯმენტს ვთხოვე, გულშემატკივართათვის სასტუმრო დაეკეტათ, რადგან მინდოდა, სრული სიჩუმე ყოფილიყო. ასაკის მატებასთან ერთად აღმოვაჩინე, რომ იყო მდგომარეობა, რომელსაც უნდა განერიდო.

დრო და დრო გარკვეული შენიშვნები მესმოდა სამწვრთნელო შტაბისგან, მაგრამ მათ არ ვუსმენდი, რადგან ჩემს ფიქრებში ვიყავი ჩაფლული. როცა მნიშვნელოვანი მატჩები გვქონდა, საკუთარ თავს ასეთ მენტალურ ჩარჩოში ვაქცევდი. თუ საქმე არ ეხებოდა გუნდს, საუბარს არ ვუსმენდი. მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან მიზანს ვაქცევდი ყურადღებას – ჩემს სამუშაოს.

როცა საკუთარ ფიქრებში ვეფლობოდი, კეტი მეუბნებოდა: "არ მისმენ". მართალი იყო.

დრო და დრო ჩნდება ყურადღების გამფანტველი მომენტი, რომელსაც უნდა განერიდო. ამის მაგალითია 1970–ანის წლების მიწურულს სასამართლო გარჩევა, რომელიც "სენტ–მირენის" წინააღმდეგ შევიტანე უსამართლო გაძევების გამო. ემოციურად და იმპულსურად ვმოქმედებდი. უმჯობესი იქნებოდა, იმაზე მეფიქრა, როგორ გამეხადა "აბერდინი" ჩემპიონი.

ყოველთვის, როცა მნიშვნელოვან მატჩს ვატარებდით, ფეხბურთელებს ვეუბნებოდი: "დიდი მოვლენების მონაწილენი ნუ გახდებით, ფეხბურთი ითამაშეთ". ასეთ შეხვედრებს გარს ახვევია ფონი, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს: გაზეთების გარეკანი, მატჩისწინა ჭორები, ახალი კოსტიუმები, სტუმართა გულშემატკივარი, რომელიც დიდ აჟიოტაჟს ქმნის. პირველად, როცა "იუნაიტედთან" ერთად 1990 წელს "უემბლის" ფინალამდე მივაღწიე, ბავშვივით ვღელავდი და ყურადღება მატჩის ანტურაჟზე გადამქონდა.

მოვიქეცი ისე, როგორც იქცევიან სხვები და გუნდთან ერთად გაზონის შესამოწმებლად გავედი. ცხელი დღე იყო, კოსტიუმებში ოფლად ვიღვრებოდით და მივხვდი, საკმაოდ სულელური საქციელი ჩავიდინე, რადგან ჩვენი ფეხბურთელების ორგანიზმები სიცოცხლისუნარიანობას კარგავდა. მოედნის დათვალიერება შედეგზე ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებდა, ამიტომ ყველა გასახდელში დავაბრუნე. ფინალით დატკბობის ერთადერთი გზა არსებობს – მისი მოგება. დამარცხებული არავის ახსოვს.

ჩავარდნები

როდესაც წარმატებულ ადამიანს უყურებთ, ვერ წარმოიდგენთ, რომ ოდესღაც ის უიღბლო იყო და არ უმართლებდა. აკვირდებით სპორტვარსკვლავებს. ისეთებს, როგორიც როჯერ ფედერერი, სერენა უილიამსი ან ძველი მუჰამედ ალი და სტირლინგ მოსი არიან, და ვერაფრით წარმოიდგენთ მათ უიღბლოების როლში. იგივე ეხება ცხოვრების სხვა სფეროსაც, როცა ვინმე წარმატებული თავს იწონებს მიღწევით.

როცა ვაკვირდები ლ. ლოურის, მანჩესტერელი, თავისი აღვირახსნილი საქალაქო ცხოვრებით ცნობილ მხატვარს და მის ნახატებს ვუყურებ, ვერ წარმომიდგენია, რომ ოდესმე ცუდად დახატავდა; თუ წაგიკითხავთ რობერტ კაროს წიგნი პრეზიდენტ ლონდონ ბ. ჯონსონზე, რთულად წარმოიდგენთ, რომ მას შემოქმედებითმა მუზამ რომელიმე თავი სიტყვამახვილობის გარეშე დააწერინოს. მაგრამ ყველას ცხოვრებაში ყოფილა უიღბლობა. ამის გამო ზოგი მიზანს კარგავს, ზოგი მიზეზს იძენს. წარმატების მიღწევის დამატებითი სტიმული ყოველგვარი ცხოვრებისეული ჩავარდნებისგან თავის დაღწევის სურვილს მიღვიძებდა.

მას შემდეგ, რაც 1969 წელს "რეინჯერსი" დავტოვე, რთული არ იყო თავი უიღბლოდ მეგრძნო. ფეხბურთის მწვერვალზე ნამყოფმა ყოველთვის ვიცოდი, რომ არასდროს ვყოფილვარ წამყვანი ფიგურა მენეჯერის გეგმებში და როცა ორწლიანი მუშაობის შემდეგ კლუბი დავტოვე, ყველაფერი, რაც მებადა – შოტლანდიის თასის ფინალში დამარცხების შემდეგ მიღებული ვერცხლი იყო. 1967/68 წლების შოტლანდიის ლიგის სეზონის გამაწყვეტ შეხვედრაში ქულები დავკარგეთ, როცა "აბერდინმა" სავსებით მოულოდნელი მარცხი მოგვაყენა. დამწუხრებული ვიყავი, როცა "ფალკირკში" გამყიდეს, მაგრამ ამის გამო თავის მოკვლას არ ვაპირებდი.

ასეა თუ ისე, მინდოდა მეფიქრა, რომ ადამიანები, ვისთან ერთად "აბერდინსა" და "იუნაიტედში" ვმუშაობდი, წარუმატებლობისადმი იგივე მიდგომას ინარჩუნებდნენ. ჩემთვის მთელი ცხოვრებისეული გზა გადის დამატებითი დროის 101–ე წამზე, რომლის დროსაც "იუნაიტედმა" "ბაიერნთან" 1:0 მარცხი 2:1 გამარჯვებად აქცია. დაჯილდოების ცერემონიის წინ "ბაიერნის" ფერის ლენტებით უკვე მოერთოთ თასი და უეფა–ს პრეზიდენტი უკვე აპირებდა გერმანელებისთვის თასის გადაცემას, მაგრამ ჩვენი დაუნებებლობის სურვილმა ლენტები წითელ ფერად აქცია. "იუნაიტედის" ფერად.

როცა ცხრა წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ვემზადებოდით, 2008 წელს, ფეხბურთელებს 1999 წლის ფინალის ჩანაწერის ბოლო სამი წუთი ვუჩვენე, რათა მათთვის შემეხსენებინა – დანებება არ შეიძლება. ნებდები მხოლოდ მაშინ, როცა მკვდარი ხარ.

სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ოდესმე "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი გავხდებოდი. ყველაფერი, რაზეც ვფიქრობდი – გადარჩენა იყო. ყოველთვის, როცა ახალ კლუბში – "ისტ სტირლინგშირი", "სენტ–მირენი" და "აბერდინი" – გადავდიოდი, უბრალოდ ვფიქრობდი: "აქ არ მომეფერებიან". ასეთი აზრები ყოველთვის წინსვლისკენ მიბიძგებდნენ. არასდროს მტოვებდა დამარცხების შიში და წარუმატებლობის ნიმუში ყოველთვის ფიგურირებდა ჩემს ფიქრებში.

ჩემთვის ვამბობდი: "წაგება. ასეთი აღარაფერი მოხდება". როცა "ისტ სტირლინგშირში" მწვრთნელის რანგში მივედი, ჩემი ერთადერთი გამოცდილება სათამაშო კარიერით და სამწვრთნელო კურსების გავლით შემოიფარგლებოდა, ასევე რთული გადაწყვეტილების მიღების უნარიც. მეტი არაფერი ვიცოდი. ოთხი კვირის წინ 32 წლის ფეხბურთელი ვიყავი.

უცებ მწვრთნელი გავხდი, თუნდაც ნაკევარგანაკვეთიანი. ვცდილობდი, საკმარისად დიდხანს გამეძლო, რათა სამწვრთნელო საქმიანობის ყოველი ასპექტი შემეთვისებინა. მას შემდეგ, რაც "სენტ–მირენში" გადავედი და მმართველობით წარმატების პირველი გემო ვიგრძენი, ვხვდებოდი, რომ უკეთ მუშაობაც შემეძლო, ამიტომ "აბერდინში" გადავედი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მწვრთნელის საქმეს მთელი დღე ვასრულებდი, კლუბს კი ყველაფერი ჰქონდა გამარჯვებისთვის – კარგი მფლობელი, შესანიშნავი სავარჯიშო პირობები და დიდებულად შერჩეული ფეხბურთელები.

"აბერდინში" გატარებული ბოლო წლის განმავლობაში დავიწყე ნათელი მომავლისკენ გზის გაკვლევა. მანამდე კი მხოლოდ გადარჩენას ვცდილობდი. 1966/67 წლების სეზონში "სელტიკი" აბსოლუტურად იდეალური იყო – ერთდროულად ხუთ ტურნირზე გამარჯვება არასამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავდა. "იუნაიტედის" ყველაზე ძლიერი სეზონების დროსაც კი მიპყრობდა წარუმატებლობის შიში და სრულყოფილებისკენ სწრაფვა. მიუხედავად იმისა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ტიტულების კაბინეტი გავავსე, ჩემი ხელმძღვანელობით კლუბი მაინც ვერ გადიოდა მთელ ჩემპიონატს წაუგებლად (როგორც ეს "არსენალმა" მოახერხა 2003/04 წლებში). წაგება, უფრო სწორად მათზე რეაგირება – ეს უმთავრესია, რაც ადამიანს გამარჯვებულად აყალიბებს.

თამაშების წინ ყოველთვის მუცელი მიბუყბუყებდა. ამას ვერასდროს ვაღწევდი თავს. ამ უსიამოვნებისგან თავდაღწევის წამალი მაინც ვერ ვიპოვე. ყველაზე მეტად "რეინჯერსში" თამაშის დროს ვნერვიულობდი, რადგან მწვრთნელს ჩემი არ სჯეროდა და მეგონა, რომ მოედანზე ჩემი ყოველი გამოჩენა უნდა გამემართლებინა. რამდენიმე წლის შემდეგ ეს შეგრძნება უფრო მიმძაფრდებოდა – ახალი თასების მოპოვებას მოლოდინის ზრდა მოჰყვებოდა. ყოველთვის, როცა "ლივერპულთან" "ენფილდზე" სათამაშოდ ჩავდიოდით, ტანში ჟრუანტელი მივლიდა.

ყველაზე მეტად მატჩის წინა გახურება მიშლიდა ნერვებს. მას ვერ ვიტანდი. თუ მატჩი დღის სამ საათზე იწყებოდა, ფეხბურთელებს 13:15–დან 13:45–მდე შუალედში ველაპარაკებოდი. ამ პროცედურის დამთავრებისთანავე გავრბოდი გასახდელიდან. რაც შეიძლება კარგად ვემზადებოდით და ბოლო ინსტრუქციების შემდეგ ფეხბურთელები ფიქრობდნენ, შეეძლოთ თუ არა თავის მართვა ისევე კარგად, როგორც მათ მწვრთნელს. 14 საათზე ჩემს დამხმარეს მსაჯთან ჩვენი განაცხადი მიჰქონდა, ჩვენ კი ვხედავდით, როგორ შემადგენლობას გამოიყვანდა მოწინააღმდეგე. 14:15 საათზე ყველას სავარჯიშო მაისურები ეცვა, გასახდელი კი ცარიელდებოდა. მომდევნო ნახევარი საათი საუკუნოდ გრძელდებოდა. გასახდელში ხშირად ვრჩებოდი მარტო და მეგონა, რომ კედელზე დაკიდებული საათის ისრები სვლას წყვეტდნენ.

მატჩისწინა გახურების დროს (თუ ის "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარეობდა) ჩემს კაბინეტში ვიჯექი, მატჩის პროგრამას ვკითხულობდი ან ტელევიზორით ჯირითს ვუყურებდი. ხანდახან თანამოსაუბრის ძიებაში დავწანწალებდი, ხანდახან კი მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი მოდიოდა ფინჯან ყავაზე. უფრო მარტოსულად ვგრძნობდი თავს, როცა გასვლაზე ვთამაშობდით – ჩემი ოფისის სახით თავშესაფარი არ მქონდა, ამიტომ გასახდელში ძალიან ხშირად ვიყავი მარტო. არა მგონია, ასეთი განწყობა მარცხის შიშს გამოეწვია. უფრო მოუთმენლობა, შეწუხება და სიბრაზე გამოიწვევდა, რომელთაც ყოველთვის განიცდი მნიშვნელოვანი მოვლენის წინ. დარწმუნებული ვარ, სხვა ლიდერებიც მსგავს რამეს განიცდიან, დამოუკიდებლად იმისა, რამდენად მშვიდები და ყოვლისშემძლეები ეჩვენება ისინი სხვებს.

ახლაც კი, როცა "იუნაიტედს" ვუყურებ ვიპ–ლოჟიდან ან ტელევიზორით, შეწუხებულობის გრძნობა არ მტოვებს. მისგან თავდაღწევა არც მიცდია. მნიშვნელოვანი გამოსვლის წინ ვიღაც ვისკის გადაკრავს ან სუნთქვით ვარჯიშებს ასრულებს, მაგრამ ეს საჩემო არ არის. ამ მტანჯველ შეწუხებას ჩემი სამუშაოს ნაწილად ვთვლიდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საზომი იყო. საზომი იმისა, თუ რამდენად ძლიერ გვინდოდა თამაში.

გამოთქმა იმის შესახებ, რომ მარცხისგან უფრო მეტს იღებ, ვიდრე გამარჯვებისგან, ჩემს შემთხვევაში მართებული გამოდგა. როცა ვამბობ, რომ წარსულს არასდროს ვიხსენებ, ვცრუობ. მარცხის შემდეგ ფეხბურთელებს არ მივვარდები, ჩემს ემოციებს ვმალავ, მაგრამ როცა მარტო ვრჩები, ჩვენს მატჩებს ვრთავ და ვუყურებ. უფრო ხშირად წაგებულებს, ვიდრე მოგებულებს. ასევე, თუ რომელიმე მნიშვნელოვან ტურნირს გამოვეთიშებოდით, რომელიც უნდა მოგვეგო, მომდევნო ზაფხულს ჩავარდნის მიზეზების ძიებაში ვატარებდი. ამგვარად, ახალი სეზონის დაწყებამდე ყველაფრის გამოსწორებას ვცდილობდი.

ჩემი კარიერა სავსეა წაგებებით. 1974 წლის 10 აგვისტოდან, დღე როცა პირველად გავწვრთენი "ისტ–სტირლინგშირი", 2013 წლის 19 მაისამდე, დღე, როცა მოედანი ბოლოჯერ დავტოვე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში, ჩემი გუნდები დაახლოებით 2 მატჩს აგებდნენ ათიდან. ხშირად ვთამაშობდით ფრეს, ეს კი ჩემთვის წაგების ტოლფასია. ამიტომ უნდა მეპოვნა ღილაკზე დაჭერის საშუალება და გაკვეთილის მიღება. თუმცა არასდროს ვყოფილვარ სტატისტიკაზე დამოკიდებული, მწვრთნელის რანგში ჩემი გამარჯვებების პროცენტული მაჩვენებელი ოდნავ ნაკლები იყო 60%–ზე. "იუნაიტედის" საუკეთესო სეზონში მატჩების დაახლოებით 72 პროცენტს ვიგებდით.

ხანდახან სახალხო სახრჩობელაზე გაგვიყვანდნენ და ასეთი პერიოდი მაცოფებდა – მაგალითად, 1996/97 წლების სეზონში ზედიზედ ორჯერ წაგება "ნიუკასლთან" 5:0 ანგარიშით და "საუთჰემპტონთან" – 6:3. სხვა ისეთი შემთხვევა არ მახსენდება, როცა ზედიზედ ორ მატჩში 11 გოლი გაგვიშვია. 1995 წელს ჩემპიონატი ("ბლექბერნთან") და ინგლისის თასი ("ევერტონთან") წავაგეთ შვიდ დღეში. თუმცა, არა მგონია, ისევე რიგრიგობით განმეცადა სერიოზული წარუმატებლობები, როგორიც "ბაიერმა" 2002 წელს, როცა მათ მნიშვნელოვანი მატჩები ჩაატარეს ჩემპიონატში, გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში – სამივე შეხვედრა წააგეს. აქ ასპირინის 10 აბიც კი ვერ გიშველის.

როცა "აბერდინისა" და "იუნაიტედის" შემადგენლობას ზედმიწევნით კარგად ვარჩევდი და მაინც ვმარცხდებოდით, ჩემი გუნდის თამაშში შეცდომებს ვეძებდი ნაცვლად იმისა, რომ მეორე გუნდის უპირატესობა მომეძებნა. წაგებისადმი ასეთ მიდგომას ყველაზე ჯანსაღად მივიჩნევდი, რადგან ამ დროს სიტუაციას ვაკონტროლებდით და ნებისმიერ დროს შეგვეძლო ყველაფრის გამოსწორება. ყოველი წაგების შემდეგ უფრო გამოცდილი მწვრთნელი ვხდებოდი.

ვფიქრობ, ხანდახან მინდოდა დამემტკიცებინა, რომ უიღბლო არ ვარ, ხანდახან კი წაგებისთვის შურისძიება მინდოდა. 1993/94 წლების სეზონის შემდეგ ყოველი წელი, როცა ჩემპიონატის გამარჯვებულები ვერ ვხდებოდით, ჩაგდებულად მიმაჩნდა. გარკვეულ მომენტში გამარჯვებების საჭიროებას ჩაფლავების შიში ცვლიდა. მოგება ღირსების საქმედ იქცა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს პირველი გუნდი იქნებოდა თუ სარეზერვო. წაგება – ძლიერი იარაღია მმართველობაში, თუ, რა თქმა უნდა, ჩვევაში არ გადადის.

ამას კარიერის ბოლომდე ვგრძნობდი. მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ სიტიმ" 2012 წელს ტიტული წაგვართვა, "სინათლის სტადიონზე" "სანდერლენდის" გულშემატკივარმა საშინლად დაგვცინა, და ჩემი აზრით, იმ მომენტში ეს სახელწოდება საერთოდ არ შეესაბამებოდა სტადიონს. თამაშის შემდეგ, გასახდელში, ბიჭებს ვუთხარი, რომ "შავი კატების" დამოკიდებულება დაემახსოვრებინათ. ფეხბურთელებს მეხსიერებაში ჩაებეჭდათ. მომდევნო სეზონში დავბრუნდით და მათ 1:0 მოვუგეთ.

წაგებას იშვიათად გამოვყავდი მწყობრიდან, საკუთარ თავს კი ვამჩნევ, რომ პენსიაში გასვლის შემდეგ გაცილებით ადვილია წარსულის გახსენება. ვერაფერი შეცვლის იმას, რომ 2008 წლის დასაწყისიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ ვითამაშეთ ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოვიგეთ. ერთხელ ვიყავი ბედნიერი, სამჯერ კი – დამცირებული. ხანდახან სრული სასოწარკვეთა მიპყრობდა. 1989 წლის ოქტომბერში "იუნაიტედი" კეთილი განზრახვით ეწვია "სენტ–ჯონსტონს", რათა სეზონის შუა ნაწილში ამხანაგური მატჩი ეთამაშა და მოწინააღმდეგეს ახალი სტადიონის გახსნაში დახმარებოდა.

1:0 მოვიგეთ, მაგრამ ამაზე საშინლად არასდროს გვითამაშია. მატჩის შემდეგ სასტუმროს ნომერში დავბრუნდი, რადგან შორს გაქცევა მინდოდა. არჩი ნოქსმა, ჩემმა ასისტენტმა კარზე დააკაკუნა და მითხრა, რომ ამ შეხვედრისთვის მიძღვნილ ღონისძიებაში უნდა მიმეღო მონაწილეობა. საწოლში მწოლიარემ გავძახე: "არსად წასვლა არ მინდა. ამ მოთამაშეების დანახვაც კი არ მინდა. არაფრად ვარგიან". არჩი ყველაფერს სწორად აკეთებდა. ცოტა ხანი დამჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც დავეშვი კიბეზე, თუმცა მეეჭვება, კარგი მოსაუბრე ვყოფილიყავი.

სხვა რამდენიმე წაგებაც მახსენდება. 1979/80 წლების სეზონის შოტლანდიის ლიგის თასის ფინალში "აბერდინის" დამარცხების შემდეგ ვერა და ვერ დავიძინე, იგივე დამემართა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 1989 წელს "სიტისთან" 5:1 წააგო. ორი უცუდესი მარცხი განვიცადეთ ჩემპიონთა ლიგაზე – დორტმუნდის "ბორუსიასთან" 1997 წელს და მადრიდის "რეალთან" 2013 წელს. ეს წაგებები უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე 5:0 განაგდურება "ნიუკასლთან" 1996 წელს, 5:0 "ჩელსისთან" 1999 წელს და ლიგის თასის 1991 წლის ფინალში "შეფილდ იუნაიტედთან" ჩვენი დამარცხება.

როცა ვიცოდი, რომ წავაგებდით, ფსიქოლოგიური პრინციპებისგან თავის დაღწევას ვცდილობდი. 2011 წლის ოქტომბერში "მანჩესტერ სიტის" "ოლდ ტრაფორდზე" ვეთამაშეთ და 6:1 გავნადგურდით. 22 წლის განმავლობაში ჩვენს მეზობლებს ამაზე ცუდი არაფერი გაუკეთებიათ ჩვენთვის და 1955 წლის შემდეგ, როცა იმავე "სიტიმ" 5:0 მოგვიგო, ყველაზე დიდი ანგარიშით დავმარცხდით. ირონია ის იყო, რომ მატჩის უმეტეს ნაწილში უკეთესად გამოვიყურებოდით.

"სიტიმ" ორი გოლი გაიტანა ორი ტაიმის შუაში და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში 3:1 გავხადეთ, ბოლო 13 წუთში სამი გოლი გავუშვით. უბრალოდ "ავტობუსი" უნდა ჩაგვეყენებინა, ბოლო სამი გოლი არ გაგვეშვა და ახალ ამბებში გამოთქმულ დამცინავ ფრაზებსა და მანჩესტერის მეორე ნაწილში არნახულ ზეიმს თავიდან ავიცილებდით. მეტიც, "სიტისთან" ჩემპიონობა გატანილი ბურთების გამო დავთმეთ, რამაც შედეგი კიდევ უფრო მტკივნეული გახადა.

ძალიან რთული იყო წაგების შემდეგ პრესასთან გამკლავება. ვცდილობდი, საერთო ფრაზებით მესაუბრა, რათა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელი არ გამეკრიტიკებინა, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ერთხელ ნანის მისამართით გამოვიყენე რამდენიმე უარყოფითი ფრაზა, როცა ლიგის თასზე "ჩელსისთან" 5:4 წავაგეთ. თავდამსხმელმა, რომელმაც საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, მცველმა, რომელმაც ფატალური პასი გააკეთა ან მეკარემ, რომელმაც წამით კონცენტრაცია დაკარგა, შესანიშნავად იციან, რომ შეცდნენ.

საუკეთესო ფეხბურთელი თავად არის საკუთარი თავის უმკაცრესი კრიტიკოსი და მათ არ სჭირდებათ ჩემი კომენტარები საკვირაო პრესაში. ეს ვერ დაეხმარებათ. ჩვეულებრივ, ვცდილობდი გუნდისა და ფეხბურთელებისგან მოწინააღმდეგის კარგ ტაქტიკასა და მსაჯის გადაწყვეტილებებზე გადაეტანათ ყურადღება ჟურნალისტებს. მაშინაც კი, როცა ვიცოდი, რომ დამნაშავეები მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ჩვენგან დამოუკიდებელი ათასი მიზეზის პოვნა შემეძლო, რაც ჩვენს წაგებას იწვევდა.

ჩემი როლი კარგად მესმოდა – რთულ დროს "იუნაიტედის" ფეხბურთელების ფარი უნდა ვყოფილიყავი.

წყარო: theatreofdreams
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
3 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 იანვარი 2016 20:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩავარდნა თუ გვინდა, ახლა რომ გვაქვს, ისეთი უნდა გქონდეს. გულშემატკივარს მოგვენატრა უკვე ხმაურიანი წარმატება და მე ვფიქრობ, ამის მიზეზი დიდწილად ფერგიცაა, რომელმაც მიგვაჩვია. მაგრამ ამაზე რთული პერიოდი გამოგვივლია და ამაზე რთულ ვითარებაში ყოფილა გულშემატკივარი.

მე, რა თქმა უნდა, არავის ვკიცხავ, მაგრამ ცოტა არ მესმის, რომ ამბობენ, რა მაყურებინებს ასეთი გუნდის თამაშს და ა.შ. მოთმენა გვჭირდება, უნდა გვახსოვდეს, რომ რაც მეტია იმედგაცრუება, მით მეტია, წარმატებით ტკბობა, თანაც ფერგის უთქვამს: "თუ მხარს ვერ გვიჭერს მაშინ, როცა ვაგებთ, ნუ დაგვიჭერთ მაშინ, როცა ვიგებთ".
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
14 იანვარი 2016 22:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საქველმოქმედო საქმიანობას ეხლაც აქტიურად აგრძელებენ და ეს სასიამოვნოა ალბატ ყველა გულშემატკივრისთვის კლუბს რა მიზანი აქვს ეგ სხვა საქმეა, მთავარია აკრგი საქმე კეთდება winked
0
№3
ავტორი: AkkRed
15 იანვარი 2016 10:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს შესანიშნავი საქმეა, მაგრამ მას მხოლოდ თვალის კუთხით ვუმზერდი, რადგან ჩემი მთავარი საქმე შაბათის მატჩის მოგება იყო. გულშემატკივარი მადლობას არ გადაგიხდის, თუ კი აკეთებთ კეთილ საქმეს, რომელიც მათ გამარჯვებად და სამ ქულად უჯდებათ.


ამ კაცის პირდაპირობა მიყვარს მე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top