„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტანი, ნემანია ვიდიჩი მილანის „ინტერს“ ტოვებს.
ნემანია ვიდიჩმა მილანის „ინტერთან“ ორმხრივი მოლაპარაკების შემდეგ კონტრაქტი გაწყვიტა. ახლა სერბი მცველი თავისუფალი აგენტია.
„იუნაიტედის“ ყოფილ კაპიტანს მიმდინარე სეზონში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია სერია ა-ში და სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, აწ უკვე ყოფილ კლუბთან კონტრაქტის გაუქმება.
როგორც უკვე ვთქვით, ვიდიჩი თავისუფალი აგენტია. ვრცელდება ჭორები, რომ ნემანია ვიდიჩი შესაძლოა, მოსკოვის „სპარტაკში“ დაბრუნდეს, საიდანაც სერ ალექს ფერგიუსონმა გადმოიბირა მანჩესტერში.
გარდა ამისა, „ეშმაკუნების“ ყოფილი კაპიტანი შესაძლოა, ამერიკის ლიგაში გადაბარგდეს, თუმცა კლუბის ვინაობა უცნობია.
შესაძლოა, 34 წლის ნემანია ვიდიჩი პრემიერ ლიგაშიც ვიხილოთ, ვინაიდან მისი გამოცდილებითა და მონაცემებით შესაძლოა, ინგლისის ბევრი საშუალო დონის გუნდი მოიხიბლოს.
შეგახსენებთ, რომ ნემანია ვიდიჩი რვა წლის განმავლობაში ემსახურებოდა „მანჩესტერ იუნაიტედს“. ამ წლების განმავლობაში მან , სხვა ტიტულებთან ერთად, მოასწრო ხუთი პრემიერ ლიგისა და ერთი ჩემპიონთა ლიგის მოგება. სერბი მცველი ორი წლის განმავლობაში კაპიტნობდა გუნდს და წლების განმავლობაში რიო ფერდინანდთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დაცვის დუეტს ქმნიდა.
სოციალურ ქსელებში იუნაიტედის ფანები ვან გაალს მისი დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
წყარო :
Talksport.com