პატრის ევრა - არა როგორც ფეხბურთელი, არამედ-ორატორი.
2006 წლის 10 დეკემბერს "მანჩესტერ იუნაიტედმა" "მონაკოდან" ფრანგი მარცხენა მცველი, პატრის ევრა შეიძინა. ევრამ "იუნაიტედში" 8 წელი გაატარა და ამ დროის განმავლობაში არა მარტო კარგი თამაშით, არამედ საინტერესო გამონათქვამებითაც დაგვამახსოვრა თავი. ფრანგის პრესკონფერენციებიდან და ინტერვიუებიდან შევარჩიეთ და წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო გამონათქვამს:
"მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ"იმ დღიდან, როცა "იუნაიტედში" გადავედი, ვიგრძენი, რომ ეს ჩემი ბედი იყო. "იუნაიტედის" ფეხბურთელობისას საკუთარი თავი ვიპოვე. აქაურობა ჩემს ხასიათს შეესაბამებოდა. ხალხი მაფასებდა და საშუალება მქონდა ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ"
"იუნაიტედის" ლეგენდებთან მხარდამხარ თამაშის შესაძლებლობა"როდესაც გუნდის ნაწილი გავხდი, ბევრი მეკითხებოდა, თუ რა მომწონდა ყველაზე მეტად. მე ვპასუხობდი, რომ ეს იყო ვარჯიში, თუმცა არა რუნისთან და რონალდოსთან ერთად, არამედ გიგზთან და სქოულზთან."
როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საქმის მიმართ "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეს"იუნაიტედის" რიგებში თამაში თქვენგან დიდ მსხვერპლს ითხოვს. ეს შრომისმოყვარეთა კლუბია. მუხლჩაუხრელად უნდა იშრომო. ეს არ არის ადგილი შუშის ფიგურებისა და ნაზი არსებებისთვის. შენ ნამდვილ "წითელ ეშმაკად" იქცევი, როდესაც ამ ყველაფერს გააცნობიერებ."
"იუნაიტედის" ისტორიის შესწავლა"მე DVD-ფილმები ვიყიდე მიუნხენის ტრაგედიის, "ბასბის ჩვილების", სერ ბობი ჩარლტონის, ჯორჯ ბესტის, დენის ლოუსა და ერიკ კანტონას შესახებ. იქ გუნდის მთელი ისტორია იყო. ყველა ამ ადამიანს კლუბში თამაშისას ვხვდებოდი, ამიტომ მინდოდა,მათ შესახებ ყველაფერი გამეგო, რას წარმოადგენდნენ და რა გაუკეთებიათ "იუნაიტედისთვის". როდესაც სერ ბობის ხელს ართმევ, ხვდები, რომ შენ წინ ლეგენდა დგას."
როდესაც 2009 წელს "იუნაიტედმა" "არსენალი" დაამარცხა ჩემპიონთა ლიგაზე"11 კაცი თამაშობდა 11 ბავშვის წინააღმდეგ. ჩვენ არასდროს გვეპარებოდა ეჭვი საკუთარ თავში. მათთან შედარებით საკმაოდ გამოცდილები ვართ. ყოველთვის თავდაჯერებულები ვართ. პირველ შეხვედრაში ანგარიში 3-1 უნდა ყოფილიყო. შესანიშნავია, რომ სწორედ "იუნაიტედი" გამოვიდა გამარჯვებული."
ევრას არ სჭირდება დასვენება"ყოველთვის ვეუბნებოდი საკუთარ თავს, ძალიან გამიმართლა, რომ ამდენ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და სანამ სირბილი შემეძლება, მწვრთნელს ვთხოვ, მომცეს თამაშის უფლება. თუკი ის გადაწყვეტს, რომ მე დასვენება მჭირდება - დავისვენებ, თუმცა მსურს, ყოველთვის ვითამაშო. დასვენებას პენსიაზე გასვლის შემდეგაც მოვასწრებ."
დიდი პატივისცემა პარკ ჟი სუნის მიმართ"იგი კორეელი დევიდ ბექჰემია. როდესაც მოწინააღმდეგეები მას ხედავენ, ისინი განიცდიან, ტირიან და მწუხარებისგან ყვირიან. ეს შესანიშნავია."
"მიუნხენის ბაიერნის" კარში გატანილი გოლის შემდეგ"მატჩების წინ ყოველთვის ვლოცულობ ოჯახისთვის. ზოგჯერ მოწინააღმდეგისთვისაც ვლოცულობ. თუმცა ამჯერად ვითხოვე: "შემიძლია, რამე ღირებული გავაკეთო "ბასბის ჩვილებისთვის"?". თუმცა აუცილებლად გოლის გატანა არ მითხოვია, მაგრამ მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინა, რათა დაგვემარცხებინა გერმანელები. სწორედ ამიტომ ვიყავი გატანილი გოლის შემდეგ ასეთი ემოციური, შოკში ვიყავი, ვერ ვიჯერებდი."
მისი ავტობიოგრაფიის სათაური?მე უკვე მოვიფიქრე სათაური: "ქუჩიდან "მანჩესტერ იუნაიტედში".
გამოსამშვიდებებელი წერილი "წითელ ეშმაკებს""მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს. ჩვენ ერთად მშვენიერი პერიოდი გავატარეთ, ყველამ ერთად აღვმართეთ ტიტულები. მოსკოვის ღამე კი ყოველთვის დარჩება გულებსა და მეხსიერებაში. ყოველთვის, როდესაც "იუნაიტედის" მაისურს ვირგებდი, ვიცოდი, რომ ვთამაშობდი განსაკუთრებულ გუნდში, ეს კლუბი ყოველთვის მეყვარება."