თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2016, 21:38
ავტორი: ViDa,
ნანახია: 7165,
კომენტარები: 6
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: პირველად. ნაწილი 2
როგორც "იუნაიტედის" გულშემატკივარი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ინგლისის თასი მოვიგეთ 1993 წელს და მწვერვალზე დავბრუნდით.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: პირველად. ნაწილი 2
როგორც "იუნაიტედის" გულშემატკივარი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ინგლისის თასი მოვიგეთ 1993 წელს და მწვერვალზე დავბრუნდით. მწვრთნელმა სრულად გადაახარისხა გუნდი ათ-წლიანი იმედგაცრუების შემდეგ. პირველი ტიტული მთავარი და გადამწყვეტი აღმოჩნდა გუნდის ისტორიაში და სიმართლე გითხრათ, ისე მიხაროდა, როგორც ნებისმიერი მატჩის გამარჯვებები ჩემპიონატში, რომელშიც მე პირადად, საკმარისი წვლილი შევიტანე.

"ბლექბერნ როვერსთან" გამარჯვების შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში ვზეიმობდით. მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მინახავს "ოლდ ტრაფორდზე". ალბათ, იმიტომ, რომ პირველი ბევრად დასამახსოვრებელია, ვიდრე დანარჩენი. ჩვენ მეცხრე ცაზე ვიმყოფებოდით სიხარულისგან. ძალიან დიდხანს ველოდებოდით ამ მომენტს. სეზონით ადრე, ალბათ, ყველა აგონიაში იმყოფებოდა ხელიდან გაშვებული გამარჯვების გამო, მაგრამ ამჯერად არცერთი ჩვენგანი არ გატყდა და გავიარეთ ბევრი გულისამაჩუყებელი მომენტი, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, "შეფილს უენსდეის" წინააღმდეგ მატჩი იყო, როდესაც ჩვენ ბრიუსის მიერ ორი დარტყმული თავურით მოვიგეთ. იმ საღამოს ჩატარებულ მატჩს "ოლდ ტრაფორდზე", საფლავში ჩავიტან.

წარმატების მეორე მხარე და ახალი გუნდის ჩამოყალიბება იყო ის, რომ ისეთ ბიჭებს, როგორებიც ვიყავით მე, ბექსი და ბატი, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დღითიდღე გვიჭირდა. თუ ჩემს თავს ცენტრალურ მცველად განვიხილავდით, პირველ გუნდში მოხვედრა თითქმის შეუძლებელი იყო, ვინაიდან ადგილი მყარად ჰქონდა გამაგრებული ბრიუსს- არაჩვეულებრივი მცველი, ვაჟკაცური და პატივსაცემი კაპიტანი. წყვილში მასთან ერთად პალი თამაშობდა: ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, ვისაც ოდესმე უთამაშია "იუნაიტედის" რიგებში. განვითარების შანსი 18 წლის ცენტრალურ მცველს თითქმის არ ჰქონდა. ამიტომ, მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, ჩემგან მარჯვენა მცველი გამოეყვანათ.

ჯიმ რაიანი, ჩვენი რეზერვების მწვრთნელი და პოპ რობსონი, მისი ასისტენტი, ერთხელ ჩემთან მოვიდნენ და გვერდზე გამიყვანეს, რათა ეთქვათ, რომ პოლ პარკერი ხშირად იმყოფებოდა ლაზარეთში. ამასთან ერთად, მის თამაშებში უკვე აღარ იგრძნობოდა დამაჯერებლობის ნაპერწკალი. მათ პირდაპირ მითხრეს, რომ პირველ გუნდში სათამაშოდ რეალური შანსები მქონდა, მაგრამ განაპირა მცველად. მე არ დავეთანხმე მათ და ვუთხარი, რომ ცენტრალურ მცველად მსურდა თამაში.

ვერ ვიტყვი, რომ მსიამოვნებდა მარჯვენა ფლანგზე თამაში კარიერის დასაწყისში. მე სულ მიზიდავდა ძალაუფლება და პასუხისმგებლობა, რომელიც ცენტრში თამაშის შემდეგ მოდიოდა, დაცვის ორგანიზება, მცველების გადაადგილების კონტროლი ზემოთ და ქვემოთ. თავს მხოლოდ ცენტრალურ მცველად მოვიაზრებდი, რომელიც თავის პარტნიორებს უყვირის და ცენტრს აკონტროლებს. ამიტომ, ნამდვილად არ მინდოდა, მეორე ჯოსიმარი ვყოფილიყავი და ფლანგებზე მერბინა. მარჯვენა ფლანგისთვის უნდა მესწავლა არა მხოლოდ შეტევის გაძლიერება და საჯარიმოში ბურთის ჩაკიდება, არამედ უნდა გავმხდარიყავი მეტად მობილური და მოქნილი. ამის მიუხედავად, მწვრთნელებმა ნათლად მიმანიშნეს, რომ ეს ერთადერთი შანსი იყო პირველ შემადგენლობაში მოსახვედრად.

ძალიან ბევრი უნდა მესწავლა და ძალიან გამიმართლა, რომ გვერდში დენის ირვინი მყავდა. ვიყავი თუ არა ინგლისის საფეხბურთო ისტორიაში მეტად უნივერსალური განაპირა მცველი, ვიდრე ის? მას შეეძლო ეთამაშა, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივაც, შეეძლო დაეცვა და შეტევაშიც გაქცეულიყო, ასრულებდა თერთმეტმეტრიანებსა და ჯარიმებს, ამასთან ერთად, ყველაზე მორცხვი რჩებოდა. ალბათ, იგი დღემდე საუკეთესო მარჯვენა და მარცხენა მცველია "იუნაიტედის" ისტორიაში.

მის დონემდე მისასვლელად ძალიან ბევრი მაკლდა, მაგრამ რაღაცას მაინც სწორად ვაკეთებდი, რადგან 1993/94 წლების სეზონში მე მეორედ გამოვედი მოედანზე "იუნაიტედის" მაისურით. ჩვენ, ახალგაზრდა ბიჭები, ხშირად სათადარიგოზე ვისხედით ევრო თასების მატჩებზე, რადგან წესის მიხედვით, სკამზე უფრო მეტი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ 1993 წლის ნოემბერში მე მაინც გამოვედი მოედანზე სტამბოლში 5 წუთით, მაგრამ ის საღამო ჩემი გამოსვლით არ იყო დასამახსოვრებელი.

მატჩი "ალი სამი იენის" სტადიონზე იმართებოდა და "გალათასარაის" გულშემატკივრები კარგად იყვნენ მომზადებულები. პირველ მატჩში ერთ-ერთი გულშემატკივარი მოედანზე გამოვარდა, პიტერი კი გაეკიდა მას და მინდორზე მიაწვინა. ამიტომ, მოედანზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ნამდვილი ჯოჯოხეთი მოგვიწყო.

საათ-ნახევრით ადრე ბრბო გაგიჟდა. აქამდე არასდროს ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში. ისეთი ბოლი იდგა სტადიონზე, რომ მეგონა, სტადიონი დაიწვებოდა. როდესაც შეხვედრა დაიწყო, ხმაური შემცირდა. ჩვენ სიტყვასაც ვერ ვიგებდით, რას ყვიროდნენ გულშემატკივრები და თარჯიმანი გვჭირდებოდა, ხოლო ცოტახანში გამოჩნდა ბანერი, წარწერით- "Manchester United RIP".

პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც 3-3 დასრულდა "ოლდ ტრაფორდზე", ყველაფერი უგოლო ფრესკენ მიდიოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატს (დღემდე ასე მირჩევნია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა) ვეთიშებოდით საპასუხო შეხვედრაში. ამ მომენტში მე მაიკ ფელანის ნაცვლად შემოვედი.

იმ საღამომ ძალიან დიდი ძალა წაგვართვა და დიდი იმედგაცრუება გვაჩუქა. ერიკ კანტონამ ვერ გაუძლო და მოედნიდან გააძევეს მთავარი არბიტრის შეურაცხყოფის გამო საფინალო სასტვენის დროს. გაგიჟებული ბრბო უფრო და უფრო ღიზიანდებოდა, ხოლო ცოტა ხანში, მოედანზე ნივთების სროლა დაიწყეს. ჩვენ პოლიციელები გადაგვეღობნენ ფარებით. ალბათ, მათი დავალება ჩვენი დაცვა იყო, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, რადგან მათ გასახდელისკენ მიმართულ კიბეებზე ჩაგვყარეს. ერიკი დუღდა სიბრაზიზგან და მოულოდნელად ხელკეტი მოხვდა თავში. ძალიან დიდი არეულობა იყო, ხელკეტები და ფარები ყველგან იყო მიმოყრილი და სიტუაცია სიკეთისკენ არ მიდიოდა.

კიდდო და სხვა მწვრთნელები ცდილობდნენ ჩვენს გასახდელში შეყრას. საბოლოოდ, ჩვენ მივაღწიეთ კარამდე და დაცულ ადგილზე აღმოვჩნდით, თუმცა ხმაური მაინც გვესმოდა. ჩვენი ვეტერანები აბაზანას ორ-ორად იღებდნენ, რადგან ერიკი წამით არ დარჩენილიყო გასახდელში მარტო. შემდეგ, ყველამ ერთად გააცილა ავტობუსში, რათა პოლიციელებთან საქმის გარჩევა არ დაეწყო.

***


უდავოდ, გუნდმა, რომელმაც პირველად გაიფორმა დუბლი თავის ისტორიაში, ძალიან იმოქმედა ჩემზე და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. მათ ჩამოაყალიბეს სტანდარტი, რომლისკენაც თითოეული ჩვენგანი მიიწევდა.

მაგრამ ის, რომ შენ ინსთან, ჰიუზთან და კანტონასთან ვარჯიშობ, ცოტა არ იყოს, გაფორიაქებს. ერიკს შეეძლო, ჩვეულებრივი გადაცემიდან ნამდვილი შედევრი გაეკეთებინა. ნებისმიერი წვრილმანი შეცდომა შენს რეპუტაციას ლახავდა. ასეთ გუნდში შენ ყოველთვის განიცდი ზეწოლას. ამიტომ, შეცდომის დაშვება დანაშაული იყო.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ გუნდში კონკურენცია არ იყო, მაგრამ როი კინის მოსვლის შემდეგ, ადგილისთვის ბრძოლა ახალ დონეზე გადავიდა. იყო ერთი ეპიზოდი "ქოვენთრის" წინააღმდეგ, როდესაც ზედმეტი შეხება გავაკეთე ბურთის დასამუშავებლად, რაზეც კინმა ყვირილი დამიწყო. მისი თავი ისე ახლოს იყო ჩემთან, რომ მე, გულწრფელად გითხრათ, გავიფიქრე, თითქოს დარტყმა უნდოდა. იგი ყვიროდა:
– ეშმაკმაც დალახვროს, უნდა ჩაგეწოდებინა.

– ნუთუ, შემეძლო ეს შეხება არ გამეკეთებინა?

– ვინ ჯანდაბა ხარ შენ, რომ ლაპარაკს ბედავ? უნდა ჩაგეწოდებინა და მორჩა.

შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს პიტბული მიყეფდა. ადრე ვფიქრობდი, რომ მკაცრი თავკაცი მხოლოდ შმეიხელი იყო. მაგრამ კინთან ერთი ზედმეტი შეხება და მისაღებს მიიღებდი.

იმ დროისთვის ძალიან განვიცდიდით კონკურენციას. მაგრამ ახლა ჩვენ საშუალება გვქონდა გვეყურებინა, როგორ თამაშობდნენ საუკეთესო ფეხბურთელები და როგორ იხარჯებოდა თითოეული მათგანი. ჩვენ უბრალოდ ვაკვირდებოდით და ვხედავდით, რა იყო აუცილებელი იმისთვის, რათა გავმხდარიყავით გამარჯვებულები უმაღლეს დონეზე.

პრინციპი მწვრთნელის მიერ იყო ჩამოყალიბებული- წარმატება აუცილებელი იყო, მხოლოდ ფეხბურთელების ვალდებულება გახლდათ მოედანზე გასვლა და მისი მოპოვება. 25–წლიანი ჩავარდნის შემდეგ "იუნაიტედმა" ორი ტიტული მოიგო. მას შემდეგ, უტიტულო სეზონი ჩავარდნილ სეზონად ითვლებოდა. "იუნაიტედში" ასე ითვლება დღემდეც, მაგრამ ეს უკვე ცარიელი სიტყვაა. მე არც ისე გამიმართლა, ვინაიდან 1994/95 წლების სეზონში ჩვენ წარუმატებლობა განვიცადეთ, ხოლო მე იმ დროისთვის უკვე "იუნაიტედის" ძირითადი ფეხბურთელი ვიყავი.

გასული ორი სეზონის შემდეგ, მწვრთნელმა შობის წინ 1994-ში მარჯვენა მცველის პოზიციაზე გამომიყვანა და ოთხი მატჩი ჩავატარე ზედიზედ, ამასთან ერთად, მე ბოლომდე მაინც ვერ ვიგებდი, რას ითხოვდა მწვრთნელი ჩემგან. რამდენჯერმე, წარმატებული მატჩის შემდეგ, იგი მაინც არ მაყენებდა შემადგენლობაში, ალბათ, იმიტომ, რომ ახალგაზრდების გადატვირთვა არ სურდა. ერთ-ერთ მატჩში, რომელშიც მწვრთნელმა მოედანზე არ გამოგვიყვანა, "ჩელსის" წინააღმდეგ გასვლითი შეხვედრა იყო. მატჩის წინ ბევრი საუბრობდა ნეონაცისტური ორგანიზაციის Combat 18-ის ჩარევაზე შეხვედრის მსვლელობის დროს. მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ის მატჩი ვეტერანების საღამო იქნებოდა.

ხოლო მომდევნო ჯერზე უკვე საკუთარი შეცდომის გამო დავკარგე ადგილი. ყველაფერი სიდრის დალევის გამო მოხდა, რომელსაც ძალიან იშვიათად ვეკარები. თუმცა, ძალიან მძიმე რაღაც აღმოჩნდა. ყოველთვის ვმგზავრობდი პირველ გუნდთან ერთად, ამიტომ ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როდესაც მწვრთნელმა ჩესტერში ორშაბათს დილით რეზერვებში თამაში მიბრძანა. შაბათს ძალიან გადავაჭარბე აღნიშვნა, რის გამოც მე მწყობში არ ვიყავი.

"ვარსკვლავური დაავადება აიკიდა ნევილმა?! ჰაჰ, ახლო მომავალში, შეგიძლია არც იოცნებო პირველ გუნდთან ერთად მგზავრობაზე". ამის შემდეგ, მე იმ ავტობუსში 6 კვირა არ ავსულვარ. კარგი გაკვეთილი მივიღე: არაფერმა არ უნდა მოადუნოს ახალგარდა ფეხბურთელი, ერთმა ღამემაც კი. მას შემდეგ სიდრი ერთხელაც არ დამილევია.

ეს სეზონი ბევრს დაამახსოვრდა ერიკის დამსახურებით, როდესაც კუნგ-ფუს ილეთით შეაფრინდა "კრისტალ პალასის" გულშემატკივარს. იმ საღამოს მანჩესტერის ერთ-ერთ ბარში ვისვენებდი, როდესაც ვიღაცამ ტელევიზორის ჩართვა მოითხოვა, რადგან გაიგო, რომ ერიკი უსიამოვნო ამბავში გაეხვა. სტამბოლში ყველამ დავინახეთ, რომ ერიკის მწყობიდან გამოყვანა ძალიან მარტივია და ყველამ იცოდა, რომ მას შეეძლო ყველაფერი გაეკეთებინა, რასაც ამბობდა. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ მას ვადანაშაულებ. ერიკი უნიკალური პიროვნებაა და იგი არასდროს არ ღალატობდა იმას, რასაც მასზე ამბობდნენ.

გუნდმა მას ზურგი არ შეაქცია და სწორადაც მოიქცა. ამის მიუხედავად, იგი ძალიან გვაკლდა. ბუნებრივია, ნებისმიერს დააკლდებოდა გუნდის სიმბოლო, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვმონაწილეობდით საჩემპიონო რბოლაში და ტიტულზე გვქონდა პრეტენზია. მარტში კი მე კიდევ ერთხელ მომეცა შანსი, საკუთარი შესაძლებლობები წარმომედგინა პირველ შემადგენლობაში.

გადამწყვეტ მატჩში ჩემპიონობაზე, ჩვენ "ბლექბერნის" წინააღმდეგ გვიწევდა თამაში. მათ არ ჰქონდათ ისეთი ჟინი, როგორც ჩვენ, მაგრამ ჰყავდათ ფენომენალური ბომბარდირი ალან შირერის სახით და გამოცდილი მწვრთნელი- კენი დალგლიში. ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე ნათელი გახდა, რომ დიდი ბრძოლა მოგვიწევდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერს სეზონის ბოლო მატჩი წყვეტდა.

სეზონის ბოლო მატჩში "ვესტ ჰემთან" გავემგზავრეთ და იძულებულები ვიყავით, გაგვემარჯვა. "ბლექბერნი" ორი ქულით გვასწრებდა, მაგრამ მათ წინ "ლივერპულთან" მატჩი ჰქონდათ, ამიტომ საკმაოდ კარგი შანსები გვქონდა მათ გადასასწრებად. ამიტომ მე და დანარჩენები გაკვირვებულები დავრჩით, როდესაც გავიგეთ, რომ მწვრთნელმა სპარკი ძირითად შემადგენლობაში არ ჩასვა. წინა თვეებში სპარკი ყოველ შეხვედრაში ძირითად თერთმეტეულში ხვდებოდა. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გადაწყვიტა ბოსმა ასე, როდესაც იმ მატჩში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდებოდა.

ჩვენ პირველებმა გავუშვით, მაგრამ შემდეგ საკმარისი მომენტები შევქმენით, რათა მატჩი მოგვეგო. ბრაიან მაკკლერმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კიდევ გვქონდა 3-4 შანსი, მაგრამ არ გაგვიმართლა. იმისათვის, რომ ჩემპიონატი მოგვეგო, დაგვაკლდა მხოლოდ ერთი გოლი. სწორედ ის გოლი იყო ხაზი, რომელიც ჰყოფს წარმატებასა და წარუმატებლობას.

არც მანამდე და არც შემდეგ არ მიგრძვნია ისეთი იმედგაცრუება, როგორც იმ საღამოს. მთელი კარიერის მანძილზე იმდენი წარუმატებლობის გადატანა მომიწია, რომ ვისწავლე, როგორ უნდა დავმარცხებულიყავი ღირსეულად. უნდა აღვნიშნო, რომ ასაკთან ერთად წარუმატებლობის მიღება უფრო გიმარტივდება. მაგრამ ის ჩემი პირველი საჩემპიონო რბოლა იყო, რომელიც კატასტროფულად დასრულდა. სახლისკენ დიდი გზა გავიარეთ და ფიზიკურად მთლიანად გამოფიტული ვიყავი.

ალბათ, ინგლისის თასი იმოქმედებდა ჩვენზე დამაკმაყოფილებლად. ასიციაციამ თამაშის უფლება მომცა, 11 ყვითელი ბარათის მიუხედავად. ძალიან უხეში ვიყავი კარიერის დასაწყისში და იქ ვუხეშობდი, სადაც საჭირო არ იყო. მახსოვს, "შეფილდის" წინააღმდეგ ორთაბრძოლაში წავედი კარლტონ პალმერის წინააღმდეგ და ლამის გადავჩეხე ნაწილებად.

მწვრთნელები მეუბნებოდნენ, რომ საკუთარი თავი უნდა გამომეჩინა, მე კიდევ ამას პირდაპირ ვიგებდი. ვფიქრობდი, რომ ჩემი შანსი უნდა გამომეყენებინა და შთაბეჭდილება ჩემი თამაშით შემექმნა. სწორს ამბობენ, რომ "იუნაიტედში" არ შეიძლება, ორდინალური იყო და დიდი ხნით დარჩე გუნდში, მაგრამ საკუთარი თავის ჩვენებას ძალიან ვაჭარბებდი.

ამის გამო ფინალური შეხვედრა უნდა გამომეტოვებინა, მაგრამ აპელაციას მივმართეთ. ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც დიდ ფეხბურთს უმიზნებენ, ზოგჯერ აჭარბებენ საკუთარი ენთუზიაზმის გამო. მე გავემგზავრე ლონდონში სასამართლოზე და ვთქვი, რომ ჩემს საქციელში არაფერი არ იყო ისეთი, რის გამოც ყვითელ ბარათს მიჩვენებდნენ და დავამატე, რომ უსამართლო იქნებოდა, თუ ისინი 21 წლის ბიჭს წაართმევდნენ შანს ასეთ მნიშვნელოვან მატჩში. ასე რომ, მათ უფლება მომცეს მეთამაშა. თუმცა მაიძულეს, 1 000 ფუნტი სტერლინგი გადამეხადა ჯარიმის სახით. მე არ მქონდა ასეთი თანხა - 210 ფუნტს ვიღებდი კვირაში ჩემი პირველი პროფესიონალური კონტრაქტით - ამიტომ იძულებული გავხდი, მამაჩემისგან მესესხა.

დისციპლინარული სასამართლო ჩეთვის პირველი იყო და მას შემდეგ კომიტეტს საკმაოდ სამართლიანებად მივიჩნევდი. თუმცა, ამ აზრზე დიდხანს არ ვყოფილვარ.

ყველაფერი მომწონდა, რაც ხდებოდა ჩემ ირგვლივ პირველი დიდი მატჩის წინ "უემბლიზე". ვგრძნობდი, რომ კარგ ფორმაში ვიმყოფებოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდით. ინსი, კინი, ბრიუსი, პალისტერი - ყველა მათგანი გამარჯვებულები იყვნენ. ასევე გვესმოდა, რომ "ევერტონი" სუსტი გუნდი არ იყო და მას შეეძლო, ჩვენი დამარცხება.

ბევრი არაფერი მახსოვს იმ თამაშიდან, იმის გარდა, რომ მწვრთნელი გაცოფებული ყვიროდა მას შემდეგ, რაც ისინი კონტრშეტევაში წავიდნენ და ანგარიში გახსნეს. სქოულზი ახლოს იყო იმასთან, რომ საპასუხო გოლი გაეტანა. ახლოს იყო სპარკიც. ჩვენ გამარჯვება ჩემპიონატის ბოლო თამაშში გავუშვით ხელიდან და ახლა ისევ ვერ შევძლეთ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი გოლის გატანა.

ერთი კვირის განმავლობაში გამანადგურებელი ორი დარტყმა მივიღეთ საკუთარ თავზე. ჩვენ შეგვეძლო, დუბლი გაგვეფორმებინა, მაგრამ ორმა რთულმა თამაშმა ჰაერში დაგვტოვა. 27-ჯერ გამოვედი ამ სეზონში და იდეაში, ამაყი უნდა ვყოფილიყავი ამ ფაქტით, მაგრამ ღიმილის დრო არ გვქონდა. ამ სეზონში "იუნაიტედი" ტიტულების გარეშე დარჩა.

ამბობენ, ყველაზე მეტად მარცხისგან სწავლობო. ამ კამპანიას უეჭველად უნდა გამოეწვია სერიოზული ცვლილებები გუნდში. ცვლილებები მოხდა, მაგრამ მოგვიანებით. მარცხის შემდეგ ინგლისის თასის ფინალში 95-ში, ჩვენ წვეულებაზე გავემართეთ. სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვიყავი იმის ყურებით, თუ როგორ სვამდნენ გამოცდილი ფეხბურთელები, მაგრამ ტყუილად არ ამბობენ, რომ ტკივილს მხოლოდ სასმელით დაამარცხებო. მეც დავლიე იმის იმედით, რომ შემდეგ ჯერზე მხოლოდ ტიტულებს აღვნიშნავ.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია
6 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
8 იანვარი 2016 21:49
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს პიტბული მიყეფდა. ადრე ვფიქრობდი, რომ მკაცრი თავკაცი მხოლოდ შმეიხელი იყო. მაგრამ კინთან ერთი ზედმეტი შეხება და მისაღებს მიიღებდი.

mocking2

ამ თაობის ფეხბურთელების მიერ მოყოლილ ისტორიებს ყველა, ალბათ, დაუსრულებლად მოუსმენდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: GeorgeBest
8 იანვარი 2016 21:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ შეიძლება იმის თქმა, რომ გუნდში კონკურენცია არ იყო, მაგრამ როი კინის მოსვლის შემდეგ, ადგილისთვის ბრძოლა ახალ დონეზე გადავიდა. იყო ერთი ეპიზოდი "ქოვენთრის" წინააღმდეგ, როდესაც ზედმეტი შეხება გავაკეთე ბურთის დასამუშავებლად, რაზეც კინმა ყვირილი დამიწყო. მისი თავი ისე ახლოს იყო ჩემთან, რომ მე, გულწრფელად გითხრათ, გავიფიქრე, თითქოს დარტყმა უნდოდა. იგი ყვიროდა:
– "ეშმაკმაც დალახვროს, უნდა ჩაგეწოდებინა".

– "ნუთუ, შემეძლო ეს შეხება არ გამეკეთებინა?"

– "ვინ ჯანდაბა ხარ შენ, რომ ლაპარაკს ბედავ? უნდა ჩაგეწოდებინა და მორჩა".


აი ეს იყო კაპიტანი, ყველაზე დიდი მოტივატორი და ლიდერი. ბევრს არ ევასებოდა მისი ხასიათის გამო მაგრამ ძალიან ცოტა მახსენდება ვინც მისნაირად სულს და გულს დებდა ან დებს მოედანზე
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 იანვარი 2016 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"ვინ ჯანდაბა ხარ შენ, რომ ლაპარაკს ბედავ? უნდა ჩაგეწოდებინა და მორჩა"-კინზე"გიჟი" კაპიტანი მე არსად მეგულება wink

წინა თავები უკეთესი იყო, თუმცა მაინც საინტერესო წასაკითხია რა თქმა უნდა winked
0
№4
ავტორი: RojoDiablo
8 იანვარი 2016 22:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
იმდენად სენტიმენტალურად ამთავრებს, რომ იფიქრებ, საცოდავი კარიერა ჰქონდა ცხოვრებაში არაფერი უნახავსო, მაგრამ ამ სიტყვებში მხოლოდ წადილს და გამოვლილით გამოწვეულ ტკივილს აღწერს. გარი გულშემატკივარიცაა ყოფილ ფეხბურთელთან ერთად და ყოველთვის კარგი გამოდის მისი ნაწერის წაკითხვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ViDa
8 იანვარი 2016 22:54
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
საინტერესო თავი გამოდგა ესეც. კინი უდაოდ შეუდარებელი კაპიტანი და ლიდერი იყო. იტოგში, დაგვიბრუნეთ ის გუნდი რა :დ :(((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№6
ავტორი: red devil
9 იანვარი 2016 09:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ერიკი რა გიჟი იყო :-D კინი შეუდარებელი კაპიტანი სწორედ ეგეთი ჭირდება ახლა გუნდს

ერიკი რა გიჟი იყო :-D კინი შეუდარებელი კაპიტანი სწორედ ეგეთი ჭირდება ახლა გუნდს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top