თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 7131,
კომენტარები: 5
ყურადღების მოკრება (ნაწილი I)
თავი VII
ყურადღების მოკრება (ნაწილი I)
დრო

მამა ყოველთვის მეუბნებოდა: "არ მოიტყუო, არ მოიპარო და ყოველთვის ადრე მიდი". დაგვიანებას ვერ ვიტან, ყოველთვის შეხვედრის დაწყებამდე მივდივარ, სამუშაოზე ყოველთვის პირველი ვარ. ჩემთვის ეს ჭეშმარიტებაა. მე "ტოროლა" ვარ, ამიტომ სამსახურში ადრე მისვლა ჩემთვის შეუსრულებელი მისია არ არის. მახსოვს ჟან–კლოდ ბივერთან, Hublot-–ის (საათების მწარმოებელი) მმართველ დირექტორთან საუბარი. მიყვებოდა, რომ გასაუბრების დროს მას დაავალეს სამსახურში დილის ხუთ საათზე მისულიყო. როცა ჟან–კლოდმა ინტერვიუერს ჰკითხა, რატომ უნდა ამდგარიყო ასე ადრე, მან უპასუხა: "რადგან დილის 5 საათზე ვდგები, სხვებს სამი საათით ვუსწრებ. როცა შენ გძინავს, მე ვმუშაობ". ვფიქრობ, ამ ადამიანს ვგავარ.

ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ მათ განკარგულებაში საუკუნეებია. თუ თქვენ პატარა ბიჭი ხართ, რომელიც თავის მეათე დაბადების დღეს ზეიმობს, გგონიათ, რომ მომდევნო დღესასწაულამდე აურაცხელი დროა. ასე იმიტომ ხდება, რომ ერთი წელიწადი განვლილი ცხოვრების 10%–ს წარმოადგენს. სულ სხვა განცდები გაქვს 50 წლისას, რადგან 1 წელი მხოლოდ 2%–ს უდრის.  როცა ასაკში შედიხარ და გამოცდილებას იძენ, დროის სწორად განაწილებაზე იწყებ ფიქრს. ხვდები, რომ ერთი საათი ან უქმე დღეები, რომელიც ტყუილად დაკარგე, არასდროს დაბრუნდება.

მოზარდობის ასაკში მთელი ჩემი დროის მაქსიმალურად გამოყენებას ვცდილობდი, რადგან ორ სამუშაოზე ვმუშაობდი. ოსტატს ინსტრუმენტების დამზადებაში ვეხმარებოდი, სახლიდან დილის 6:45 გამოვდიოდა და 7:40 უკვე სამსახურში ვიყავი. სამუშაოს შემდეგ ან უქმეებზე, იმის ნაცვლად, რომ პაბში ან საბილიარდეში წავსულიყავი, ფეხბურთს ვთამაშობდი. როცა "სენ–ჯონსტონში" ვვარჯიშობდი, ორსაათ-ნახევრის განმავლობაში ვემზადებოდი და სახლში ღამის პირველ საათამდე ვბრუნდებოდი. ვარჯიშები კვირაში სამჯერ მიტარდებოდა. მათზე მოსახვედრად კი ტრამვაის, მატარებელსა და ავტობუსს ერთი მეორეზე მიყოლებით ვიცვლიდი.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელები კარიერას ასრულებენ და მმართველობით თანამდებობაზე გადადიან, რამდენიმე უსიამოვნო სიუპრიზს აწყდებიან. პირველი – ეს არის სამსახურებრივი დღის ხანგრძლივობა. თანამედროვე ფეხბურთელები, თუ მატჩისწინა დღე არ არის, სახლში სადილის შემდეგ ბრუნდებიან. მოდუნებას, პირადი საქმეებით დაკავებას ან ტელევიზორის წინ გაშხლართვას ამჯობინებენ. როცა მენეჯერი ხდებით, სამ ახალ რამეს აღმოაჩენთ. აღმოჩნდება, რომ ბევრი ადამიანი და საგანი არსებობს, რომელიც თქვენს ყურადღებას მოითხოვს. გგონია, რომ დღე არასდროს დასრულდება და არაფრისთვის გეყოფა დრო.

როცა მწვრთნელი გავხდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, როგორი განრიგი მექნებოდა. პანიკაში ვიყავი. ყველაფრის მოსწრებას ვცდილობდი. კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტი არსებობდა – როცა "სენტ–მირენს" ვწვრთნიდი 1974 წელს, ორი პაბის მფლობელიც ვიყავი, რომელიც ერთმანეთისგან სამი მილით იყო დაშორებული. "ფერგი" კინინგ–პარკზე, ჰოვანის რაიონის მახლობლად მდებარეობდა, "შოუსი" კი ბრიჯთაუნში. პაბში მუშაობა მიწევდა, რადგან "ისტ შრილინგში" ვთამაშობდი და ვწვრთნიდი ნახევარგანაკვეთით, ფული კი ახალგაზრდა ოჯახის რჩენისთვის არ მყოფნიდა. მიუხედავად იმისა, რომ "სენტ–მირენი" მიხდიდა, ვფიქრობდი, რა წარმატებას მივაღწევდი კლუბში, ამავდროულად პაბი რომ არ მემართა.

ყურადღების მოკრება (ნაწილი I)

ალექს ფერგიუსონი თავისი პაბის დახლთან


"სენტ–მირენში" და პაბებში მუშაობა იმას ნიშნავდა, რომ შვილებს მხოლოდ მაშინ ვხედავდი, როცა დროდადრო სკოლაში დამყავდა და კვირაობით მათთან ერთად რამდენიმე საათს ვატარებდი. როცა "აბერდინში" მუშაობას შევუდექი, პაბები გავყიდე, რადგან მინდოდა, მთელი ყურადღება ფეხბურთზე გადამეტანა. ახალ კლუბში ჩემი სამუშაო დღე 12–14 საათს გრძელდებოდა და არც სახლში მისული ვწყვეტდი მუშაობას. ტელეფონზე "გადაკიდება" და სკაუტებთან, მწვრთნელებთან ან ფეხბურთელებთან საუბარი მიხდებოდა. მე უფრო დიდხანს ვშრომობდი კვირის განმავლობაში, ვიდრე მამაჩემი, მაგრამ არ ვნანობ. მისი სამუშაო უფრო რთული იყო, ვიდრე ყველაფერი ის, რაც ოდესმე გამიკეთებია.

მანჩესტერში ჩემი მიზნები და დავალებები იგივე დარჩა, მაგრამ მოთხოვნილებები გაიზარდა. მოედანზე დილის 7 საათზე ვიყავი და ფინჯანი ჩაით ხელში აქეთ–იქით ვსეირნობდი. ჩემი კაბინეტის კარი საღამოს ცხრა საათამდე ღია იყო, პერსონალის ნებისმიერ წევრს, იქნებოდა ეს ექიმი თუ ფეხბურთელი, შეეძლო ჩემთან შემოსულიყო და ნებისმიერი საკითხი განეხილა. ცხრის შემდეგ ოთახში ვიდეოანალიზისთვის ვიკრიბებოდით და სპორტდარბაზში ახალგაზრდა ფეხბურთელების მოქმედებას ვაკვირდებოდით. ორშაბათს, სამშაბათს და ხანდახან ოთხშაბათს, სახლში 9 საათზე ვბრუნდებოდი. თუ ოთხშაბათს მატჩი გვქონდა, გუნდთან ერთად ვიყავი. სხვა შემთხვევებში სარეზერვო გუნდს, მომდევნო მეტოქეს  ვაკვირდებოდი ან ჩემთვის საინტერესო ფეხბურთელს ვადევნებდით თვალს.

როცა "იუნაიტედი" ძველ სავარჯიშო ბაზაზე, "კლიფზე" ვარჯიშობდა, სეზონის მეორე ნახევარში "ოლდ ტრაფორდზე" დავდიოდი, რათა ქაღალდების საქმით დავკავებულიყავი ან რამდენიმე ზარი განმეხორციელებინა. კარინგტონში კი ჩემი ოფისი მქონდა და საბუთებთან იქ ვმუშაობდი. "კლიფზე" და კარინგტონზე პარასკევი განსაკუთრებულად გადიოდა. დილით ჩემთან შემოდიოდა დევიდ გილი, "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი, ვსაუბრობდით, ცხრა საათზე კი მატჩისწინა პრესკონფერენციას ვატარებდი.

საღამოები და წვეულებები გამონაკლისს არ წარმოადგენდა. თუ შუაღამეში მეღვიძებოდა, კაბინეტში ჩუმად შევდიოდი და ჩვენს თამაშებს ხელახლა ვუყურებდი. ახალად დაძინებაში დროის უქმად ხარჯვას ვერ მივეჩვიე. ჩემს დროს ეკონომიურად ვხარჯავდი და კონტრაქტით გათვალისწინებულ შვებულებაზე არ გავდიოდი. 1995 წლიდან ხუთკვირიან შვებულებას მაძლევდნენ, მაგრამ ჩემთვის ეს მეტისმეტი იყო. ჩვეულებრივ, წელიწადში ორ კვირას ვისვენებდი და დედაჩემის ოჯახთან ჩავდიოდი ესპანეთში ან მალიორკაზე. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ 60 წელს არ მივუკაკუნე. ამის შემდეგ წელიწადში სამ კვირას ვისვენებდი. ჩვენი ბიჭები უკვე გაიზარდნენ და დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ამიტომ კეტისთან ერთად ამერიკაში მივდიოდი. როცა საფრანგეთის სამხრეთით ვისვენებდით (1995 წელი), ჩემთვის საყვარელი სასტუმროს რესტორანში ფეხბურთელებთან, რომელთა შეძენას ვაპირებდი, შეხვედრას ვაწყობდი. ამ რესტორნიდან ხმელთაშუა ზღვაზე და კაპ–ფერზე შესანიშნავი ხედი იშლებოდა. არ არსებობდა ფეხბურთელი, რომლესაც იქ კონტრაქტზე ვერ ვითანხმებდით.

ყურადღების მოკრება (ნაწილი I)

ხედი კაპ ფერზე


ასაკთან ერთად ორი რამ მომივიდა. პირველი, აღმოვაჩინე, რომ სხეული მისუსტდებოდა. უფრო მალე ვიღლებოდი, ვიდრე ახალგაზრდობის წლებში. ახალგაზრდობაში 4 საათი მეძინა და მაინც კიტრივით ახალი ვიყავი, ახლა ასე არ გამომდის. ამიტომ სახლში მოვდიოდი, რათა ერთი საათით ჩამეთვლიმა და ისევ გავსულიყავი მოედანზე. კეტი მაფრთხილებდა, რომ ასეთი რეჟიმით თავს ვიკლავდი. გავაცნობიერე, რომ ცხოვრების ასეთმა რიტმმა ჯოკ სტეინი შოტლანდიისა და უელსის ნაკრებებს შორის 1985 წელს კარდიფში გამართულ მატჩზე სიკვდილამდე მიიყვანა. მაშინ სტეინის დამხმარე ვიყავი და მასთან ერთად ვიმყოფებოდი. კეტის რჩევას ყური ვუგდე და ამის ხარჯზე არასაფეხბურთო ინტერესებიც აღმომაჩნდა – ცხენები, ღვინო, წიგნების კითხვა.

ამ ჰობებიდან არცერთი მოითხოვდა ბევრ დროს, მაგრამ ამან მოდუნებისა და ფეხბურთისგან თავის დაღწევის საშუალება მომცა. დილით, "ოლდ ტრაფორდზე" გამართული ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, ნიუმარკეტში (სავაჭრო ქალაქი) მივდიოდი და მოჯირითეების ვარჯიშს ვაკვირდებოდი. დილით იქ სიჩუმე სუფევდა და ჯირითის რამდენიმე ნიუანსი აღმოვაჩინე. არა მარტო ნაყიდი ღვინით ვიღებდი სიამოვნებას, არამედ ცხენების ფასსაც ვადევნებდი თვალს. ამაში იყო რაღაც ჩამთრევი, ჩემი გონების გამწმენდი. რამდენიმე ბრწყინვალე იდეა ბანქოს თამაშის, წიგნის კითხვის ან ღვინის კატალოგის დათვალიერების დროს მომდიოდა. დარწმუნებული ვარ, ბევრ ლიდერს მოსდიოდა მოულოდნელი აზრი, როცა რამე გასართობ საქმეს აკეთებდა, ველოსიპედზე კატაობდნენ, ვარდებს ალამაზებდნენ ან მთაზე ადიოდნენ. მაგრამ ეს ჰობები ჩემთვის პანაცეა არ იყო: ხანდახან, "იუნაიტედის" პრობლემებზე ფიქრის გამო ღამით არ მეძინებოდა. 

ყურადღების გაფანტვა

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დიდი წარმატებისთვის მიუღწევია, მაგრამ ამასთან ერთად სხვადასხვა გართობაზე უარი არ უთქვამს და ხალხის ყურადღებას არ დამალვია. არა მგონია, რაიმე იდეით შეპყრობას ჯანსაღი ცხოვრებისა და მუდმივი ბედნიერებისკენ მიჰყავდე, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოახერხო საქმეში სრულყოფილება და ამავდროულად ცხოვრებისეული ბალანსის დაცვა. თუ ორი ერთნაირი პოტენციალის მქონე ადამიანი გყავთ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გზას დაადგება. ზოგიერთ ადამიანს უკეთ გამოსდის დანარჩენი სამყაროსგან განცალკევება, ეს კი ნიშნავს, რომ საყვარელ საქმეს უფრო მეტ დროს უთმობენ და ორგანიზაციისა თუ ნიჭის განვითარებაში დიდ წარმატებას აღწევენ. შეპყრობილობისა და საქმისადმი ერთგულების ნათელი მაგალითი – ჯიმი სირელი, "ნოთს ქაუნთის" მწვრთნელია, რომელიც, როგორც მე, გლაზგოში გაიზარდა. ძალიან უყვარდა თავისი ცოლი, რომელიც ქორწინებიდან 40 წლის შემდეგ, 60 წლის ასაკში შაბათ დილით გარდაეცვალა. ჯიმი დეპრესიაში იყო, თავის ორ შვილს დაურეკა, შემდეგ კი, ფეხბურთელებისთვის სიტყვის უთქმელად "ნოთს ქაუნთს" "ვესტ ბრომთან" ერთი ქულა მოაპოვებინა.

როცა მოზარდობის ასაკში ხართ, ძალიან ადვილია თავსმოხვეულ იდეაზე კონცენტრირება, მით უმეტეს იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც თავს შორს იჭერენ წვეულებებისა და ალკოჰოლისგან. რა თქმა უნდა, 16 წლის ფეხბურთელს შეუძლია, შეყვარებული და რამდენიმე მეგობარი ჰყავდეს, მაგრამ ერთადერთი, რის გარეშეც ვერ იარსებებენ – ფეხბურთია. მას ყოველ წამს, სიზმარშიც კი გაჰყვება. დაესიზმრება, როგორ თამაშობს პირველ გუნდში ან როგორც გააქვს გოლი მსოფლიო თასის ფინალში. საუკეთესოობის სურვილი ყველაზე ბატონობს. მაგრამ 10 წლის შემდეგ, შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს. შეიძლება შეირთოს ცოლი, შეეძინოს შვილები. შეუძლია გახდეს მულტიმილიონერი, მაგრამ ქუჩასა და რესტორანში ვერ ივლის ისე, რომ გულშემატკივარს, რომელიც ავტოგრაფს მოსთხოვს, არ შეეჩეხოს. თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს, როცა თავის დიდ სახლში არ არის. იგივე ეხება დიდი კლუბის მწვრთნელებსაც.

გამიმართლა, რომ მყავდა ცოლი და შვილები, რომლებიც არ მადანაშაულებდნენ იმის გამო, რომ მათთან ერთად ცოტა დროს ვატარებდი. საშუალებას მაძლევდნენ, ეგოისტი ვყოფილიყავი. ყოველთვის ვცდილობდი დავრწმუნებულიყავი, რომ სამუშაოს დროს არაფერი მიშლიდა ხელს. ფეხბურთი ყოველთვის პირველ ადგილას იდგა, თუ სახლში უბედურება არ ხდებოდა. კეტი ჩვენს სამ შვილს ზრდიდა, მე კი ცოტა ხანს ვიყავი სახლში. მაგალითად, ჩემი შვილების სასკოლო თამაშებზე არ დავდიოდი, რადგან არდადეგებზე "აბერდინთან" ან "იუნაიტედთან" ერთად უნდა ვყოფილიყავი.


ყურადღების მოკრება (ნაწილი I)

ალექს ფერგიუსონი ოჯახთან ერთად


საშობაო არდადეგები არასდროს მქონია, რადგან ის ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე რთულ დროს უწევდა. მაშინ ამას არასწორად ვაფასებდი, მაგრამ ახლა, როცა წარსულში ვიხედები, გასაგები ხდება, რომ ჩემმა ოჯახმა საუკეთესო საჩუქარი გამიკეთა, რომელიც ოდესმე მიმიღია – საყვარელ საქმეზე ყურადღების დათმობის დრო. არასდროს მიხდებოდა შეწინააღმდეგება დაძაბულობასთან, რომელიც ბევრ ცოლ–ქმარს, მშობელსა და შვილს შორის არსებობს, როცა ცოლი ან ბავშვი ფიქრობს, რომ ცოტა დროს უთმობენ. როცა გექმნება გრძნობა, ოჯახის ფიზიკური წევრი შენთან ერთად არის, მაგრამ ფიქრებით სხვაგან დაფრინავს.

"იუნაიტედში" მისულმა ვერაფრით მოვახერხე ჩემი ყურადღების გამფანტველი ფაქტორების განადგურება. დაუფიქრებლად ვიღებდი გარკვეულ საქველმოქმედო სადილებსა თუ ფან–კლუბის დღესასწაულზე მიწვევებს. "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული პირველი 12 წლის განმავლობაში ყველა წერილს ვკითხულობდი, რომელსაც ვიღებდი, არადა, ყოველდღე ასობით წერილი მომდიოდა.

არ შემეძლო გულშემატკივართა ფოსტის უყურადღებოდ დატოვება, რადგან ამ წერილების უმეტესობას წერდა ადამიანი, რომლისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" ცხოვრებაში ყველაზე მთავარი იყო. წერილებს ვიღებდით ხალხისგან, რომლებიც ოჯახში სიკვდილის შესახებ გვატყობინებდნენ და გვთხოვდნენ, ჭირისუფლისთვის თანაგრძნობა გამოგვეხატა. გვწერდნენ მშობლები, რომელთა შვილები ავად იყვნენ და საავადმყოფოში იწვნენ – ისინი ავტოგრაფს გვთხოვდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საზეიმო შემთხვევებისთვის გვწერდნენ, როგორიც მაგალითად, დაბადების დღე და ქორწილია. ამ შეკითხვების პასუხს ვკარნახობდი.

დროდადრო უკეთ ვანაწილებდი ჩემს დროს. ლინ ლაფინმა, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლიდან მალე გახდა ჩემი ასისტენტი, მუდმივი სატელეფონო ზარებისგან მიხსნა და გულშემატკივრებს, რომლებიც გასაყიდ ფეხბურთელთან ან მომდევნო მატჩში გამოსაყენებელ ტაქტიკასთან დაკავშირებით რეკავდნენ, თვითონ უმკლავდებოდა.

ვერაფრით მივეჩვიე ელექტორონულ ფოსტას, ამიტომ ამ საშინელ და ყველაფრის მსრუტავ საქმიანობაზე ნერვიულობა არ მიხდებოდა. გულშემატკივართა გამუდმებულ ელექტრონულ წერილებს მაქსიმალური კონცენტრაციის დროსაც კი შეუძლია აზრთა მსვლელობის არევა. "იუნაიტედში" ყოფნის ბოლო 10 წლის განმავლობაში ლინი თითქმის მთელ კორესპონდენციას იღებდა საკუთარ თავზე, რადგან ჩემი წერილების სტილიც იცოდა და ყველაფერი, რის გაკეთებაც რჩებოდა – მხარდაჭერა და ხელის მოწერა.

სხვა წესებიც გვქონდა, რომელთა დახმარებით ყოველი დღისგან მაქსიმუმს ვიღებდი. არასდროს ვთანხმდებოდი ლანჩზე მიწვევას, გარდა "ოლდ ტრაფორდზე" სპონსორის ლანჩისა და მანჩესტერში ყოველწლიურ საფეხბურთო ჟურნალისტთა ლანჩისა, რადგან სადილობის შესვენება, მით უმეტეს სამგზავრო, გრაფიკიდან სამ საათს წაგართმევს. ასევე გავთავისუფლდი საქველმოქმედო ნაწილის საქმიანობისგან.

თქვენგან, როგორც "იუნაიტედის" მწვრთნელისგან, საქველმოქმედო ღონისძიებებზე გამოჩენას ელიან, რათა მეტი რესურსი მოიპოვონ. ამის მიზეზი ნაწილობრივ გახდა ასაკი – სადილთან გამკლავება 65 წლის ასაკში ისეთი ადვილი არ არის, როცა 35 წლის ასაკში. ზოგიერთი მოვლენა ჩემთვის რიტუალად იქცა.

ყოველთვის ვესწრებოდი მწვრთნელების ლიგის ასოციაციის ყოველწლიურ საღამოს, "იუნაიტედისა" და "იუნისეფის" ყოველწლიურ საღამოს ან "იუნაიტედისა" და იმ ფონდის, რომელიც მე შევქმენი – ფონდი "ელიზაბეტ ჰარდი ფერგიუსონი". როცა რომელიმე ჩვენიანი "პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ დასახელებულ წლის საუკეთესო მოთამაშის" ჯილდოს ან ოქროს ბურთს მიიღებდა, ყოველთვის ვესწრებოდი ცერემონიას.

ფან–კლუბებთან ერთად სადილობას ჩემ წასვლამდე ათი წლით ადრე შევეშვი. ჩვეულებრივ გვიანობამდე გრძელდებოდა და უსასრულო რიგები დგებოდა ავტოგრაფისა და ფოტოგრაფიისთვის. არ მინდა უჟმური მოგეჩვენოთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ ჩემი საქმე თასების მოგება იყო და არა- ავტოგრაფების დარიგება. ყოველთვის ვთვლიდი, რომ პრიორიტეტულ მიზნებზე კონცენტრირება უკეთესია.

უფრო რაციონალური გავხდი გუნდის არჩევისას, რომელთა თამაში პირადად უნდა შემესწავლა. "იუნაიტედში" გატარებული ბოლო 10 წლის განმავლობაში ვცდილობდი, იმ გუნდებით შემოვფარგლულიყავი, რომელთაც ევროთასებზე ვეთამაშეთ. ჩემს ასისტენთან, მაიკ ფელანთან ერთად კერძო თვითმფრინავით მივფრინავდი, ვვახშმობდი, თამაშს ვაკვირდებოდი (რომელსაც მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ვტოვებდი) და ღამის პირველ საათზე უკვე მანჩესტერში ვიყავი. ასეთი დღიური გრაფიკი შესაძლოა, გადატვირთული მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მხოლოდ "ლაით–ვერსიაა" იმისა, რასაც ახალგაზრდობაში ვაკეთებდი.

თანდათან ვისწავლე მნიშვნელოვან საგნებზე კონცენტრირება და ამ უნარის ჩანერგვას ფეხბურთელების თავის ქალაშიც ვცდილობდი. ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც მოზარდები არიან ან 20 წლის გახლავთ, თავში 2 რამ უტრიალებთ. პირველი– ფეხბურთი, მეორე– ადამიანის მოდგმის მშვენიერი ნაწილი. მანჩესტერის ყოველი ღამის კლუბი "იუნაიტედის" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობდა, რადგან მათ ახალგაზრდა გოგოების ჯაჭვი მოჰყვებოდათ. ფეხბურთელებისთვის სპეციალურ შესასვლელებს ამზადებდნენ, რაც მათ რიგისგან თავის არიდების და უფასო შესასვლელის საშუალებას აძლევდა. არ შემხვედრია 15 წლის მოთამაშე, რომელიც მღვდელივით იცხოვრებდა. შეუძლებელია ბიჭში მოკლა კაცი, მით უმეტეს პატარა ბიჭში.

შემთხვევითი არ არის, რომ ხანგრძლივი ვადით საუკეთესო ხდება ის, ვინც გარეფაქტორებს თავს აღწევს. კრიშტიანუ რონალდუ მათ შორის იყო, არც ეწეოდა, არც სვამდა. როცა მანჩესტერში მოვიდა, დედამისი და მისი და მასთან ერთად ცხოვრობდნენ. იმან არ მოგატყუოთ, რომ რონალდუ ჟურნალის გარეკანზე ან სარეკლამო რგოლებში ჩნდებოდა: კრიშტიანუმ იცოდა, როგორ ემართა საკუთარი თავი და დრო.

ყურადღების მოკრება (ნაწილი I)

კრიშტიანუ რონალდუ დედასთან ერთად


დიდების გარდა, კრიშტიანუსა და მისი თაობის სხვა ფეხბურთელების ყურადღებას უფრო ბევრი სხვა ფაქტორიც იპყრობდა, ვიდრე ჩემი ფეხბურთელობის დროს. მათ უფრო მეტი მოთმენის უნარი სჭირდებათ, რომ გარესამყაროს გამოეყონ, ვიდრე იმათ, ვინც 50 წლის წინ თამაშობდა. როცა მე ახალგაზრდა ვიყავი, ყურადღების ყველაზე დიდი გამფანტველი რადიო, გაზეთი, წიგნი და კვირას ეკლესია იყო. მამაჩემთან ერთად რადიოთი დიდებულ საკრივო მატჩებს ვუსმენდი – რენდოლფ ტერპინი, სუგარ რეი ბობინსონი, ასევე ჯო ლიუისა და ჯერი ჯო უოლკოტის ბოლო ბრძოლა.

რადიოს კვირაობით რონი რონალდის შესრულებული მიუზიქ–ჰოლის ამ რადიოვიქტორინა Top of the Form–ის მოსასმენადაც ვრთავდით. ადგილობრივი კინოთეატრი, "ლა პლაზა" ჩვენი სახლიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით მდებარეობდა, ამიტომ ტარზანის ან ფლეშ გორდონისა და ბასტერ კრების ფილმზე დასწრება შეგვეძლო. ამის გარდა, იყო მხოლოდ ქუჩური ჩხუბები, სნუკერი, ძვლებით თამაში და ფეხბურთი. არ იყო ტელეფონი, არც ტელევიზორი, რომ არაფერი ვთქვათ 60–დიუმიან ეკრანზე 300 არხით ან მობილური აპლიკაციების მქონე მობილურ ტელეფონებზე, ელექტრონულ ფოსტაზე, "ფეისბუქსა" და ინტერნეტზე.

ყოველთვის ვგრძნობდი ჩემს ფეხბურთელებზე ზეწოლას და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი იმ ფაქტორებს, რომელსაც აწყდებოდნენ. ინგლისელი ფეხბურთელების უმთავრესი პრობლემა – ფსონები და ალკოჰოლიზმია. ბოთლისკენ სწრაფვამ ბევრის კარიერა გაანადგურა, ფსონმა გასახდელი გაანადგურა. მეექვსე გრძნობა კარგად განვითარებული მქონდა, ვიცოდი, რომელი ფეხბურთელი სეირნობდა, რადგან კლუბის მფლობელები მირეკავდნენ და ცნობებს გულშემატკივარიც მაწვდიდა.

ჩემთვის ამ მხრივ უცხოელი ფეხბურთელი უფრო ნაკლებ ხიფათს წარმოადგენდა. ასევე ვრწმუნდებოდით, რომ ფეხბურთელები ფულს ტყუილად არ ხარჯავდნენ, მაგრამ ჩვენს პარკირებას რომ შეხედავდი, მიხვდებოდი, რომ წარმატებას ვერ ვაღწევდით. დროდადრო გაზეთებში ჩვენი ფეხბურთელების შესახებ სკანდალური ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ისინი დიდ თანხას ხარჯავდნენ ფსონებზე. ფინანსურ კონსულტანტებსა და იურისტებს ვიწვედით, რათა მათგან რჩევა მიგვეღო.

ისეთი ადამიანიც კი გვყავდა, რომელიც თვლიდა, რომ ფეხბურთელებს, რომლებიც ცოლის შერთვას აპირებდნენ, შოტლანდიაში, სადაც მისი აზრით, კანონი უფრო მოწყალეა მამაკაცისადმი, ვიდრე ინგლისში, ფიცი უნდა დაედოთ. ამან კრიშტიანუ რონალდუს იმისკენ უბიძგა, რომ ეთქვა, როცა მისი დაქორწინების დრო მოვიდოდა, მხოლოდ შოტლანდიაში გადაიხდიდა ქორწილს.

სასკოლო განათლებაზე ცოტა ფეხბურთელი ხარჯავს ბევრ დროს. ეს ერთ–ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არიან მოედანზე წარმატებულები. როცა ჩვენი აკადემია შეიქმნა, კვირაში 12 საათს განათლებისთვის ვიყენებდით და 12–ს ვარჯიშისთვის (მატჩის ჩათვლით), ვგრძნობდი არასწორად განსაზღრულ პრიორიტეტებს. ჩემი საქმე – ფეხბურთელის შექმნა იყო. მაგრამ, თუკი რომელიმე ფეხბურთელს ან მის მშობელს განათლების მიღება სურდა, კლუბი ხარჯების დასაფარავად მზად იყო.

ასე იშვიათად ხდებოდა – ხალხს მხოლოდ ფეხბურთის თამაში სურდა. კარგი განათლების უპირატესობა მესმის და ვხვდები, როგორ ეხმარება იგი ადამიანს. ასევე ვხვდები, რომ ბევრ ფეხბურთელს, რომელიც ტრავმას იღებს 25 წლის ასაში ან ვისი კარიერაც 30 წლის ასაკში სრულდება (მით უმეტეს, თუ ისინი დაბალ დივიზიონში თამაშობენ), განათლება, უნარები ან ფინანსური სტაბილურობა არ აქვთ, რომელიც საჭიროა ჩვენს დროში ღირსეულად ცხოვრებისთვის. თუმცა საფეხბურთო მწვრთნელის დავალება ის კი არ იყო, ბიჭი ბიოლოგი ან გეოფიზიკოსი გაეხადა, ან დარწმუნებული, რომ მისი ცხოვრება 40–50 წლით უკვე მოწყობილია. ჩემი დავალება იყო დავრწმუნებულიყავი იმაში, რომ მისგან დიდებული მარჯვენა მცველი ან ვინგერი დადგებოდა. ნობელის 11 ლაურეატი ინგლისის თასს ვერ მოიგებს.

მსგავს პრობლემას ჩვენც წავაწყდით. ჩემი უფროსი შვილი, მარკი, შეიძლებოდა, პროფესიონალი ფეხბურთელი გამხდარიყო. ბავშვობაში "აბერდინში" თამაშობდა, მაგრამ სხვა ინტერესებიც ჰქონდა. ფეხბურთს ერთმნიშვნელოვნად არ ეპყრობოდა. ჩემს კვალზე დადგომას არ ვაიძულებდით. მარკისთვის ყველაფერი კარგად წარიმართა, "შეფილდ ჰალისა" და პარიზის უნივერსიტეტში მიიღო განათლება, ინვესტიციური სამყაროთი შთაგონებული იყო და Goldman Sachs Asset Management გატარებული ხუთი წლის შემდეგ Generation Investment Management–ის ორგანიზებას შეუწყო ხელი, რითაც ლონდონის პატივსაცემი საფონდო მენეჯერი გახდა.

დიდებული იქნებოდა, ჩემს ერთ–ერთ ფეხბურთელს კემბრიჯის უნივერსიტეტი ან ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი რომ დაემთავრებინა, მაგრამ შემიძლია, მეტ–ნაკლებად გარანტია მოგცეთ, რომ ეს რომც მომხდარიყო, ძირითადში მოხვედრისთვის დრო აღარ ექნებოდა. ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ხელი შეეშლებოდათ. უფრო გამოცდილი ფეხბურთელი ამას გაუმკლავდება და ამის ნათელი მაგალითია ვენსან კომპანი, რომელმაც "სიტის" კაპიტნობა და მანჩესტერის" ბიზნეს–სკოლაში განათლება ერთდროულად მოახერხა.

წყარო: theatreofdreams.ru
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
7 იანვარი 2016 15:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნიც აღწერდა ამის საქმისადმი დამოკიდებულებას, ყოველთვის ყველაზე ადრე მიდიოდა და ყველაზე გვიან ამთავრებდა. დისციპლინა და პატივისცემა იყო ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ბევრი ვარსკვლავი გაუგდია ისეთი მიზეზის გამო რასაც სხვები აპატიებდნენ
0
№2
ავტორი: Mufc7
7 იანვარი 2016 15:37
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დაუსრულებლად მინდა, ვკითხულობდე ამას. ბოლო აბზაცი არ მინდა, რომ არსებობდეს. ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვაა და ჩემთვის ამ წინადადებების კითხვაა სწორედ ეს მდგომარეობა, პირველი სიტყვის წაკითხვისთანავე რომ გადადიხარ სხვაგან , ფერგის სამყარო რომ ჰქვია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: abrama
7 იანვარი 2016 15:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Didebuli adamiani xar babuuu
0
№4
ავტორი: Martial
7 იანვარი 2016 18:52
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
როგორ მომენატრა ))
0
№5
ავტორი: RojoDiablo
8 იანვარი 2016 11:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კლუბში ავტორიტეტი ყოველთვის მწვრთნელია და კლუბისთვის მთავარიც ყოველთვის მწვრთნელი უნდა იყოს. ფერგის იმდენად დიდი დამსახურება ჰქონდა, რომ მამასავეთ უყურებდნენ მომავლის და მაშინდელი აწმყოს ფეხბურთელები. რატომ და რისთვის, ყველამ კარგად იცის.

ისე, რონალდუს ყველა თავში რომ ახსენებს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top