"მანჩესტერ იუნაიტედის" ტექნიკური სპონსორის, "ადიდასის" აღმასრულებელი დირექტორი ჰერბერტ ჰაინერი ლუი ვან გაალის გუნდის სათამაშო სტილს აკრიტიკებს.
მიმდინარე სეზონის განმავლობაში ჰოლანდიელ სპეციალისტს ფრთხილი და არასანახაობრივი თამაშის გამო ხშირად აკრიტიკებენ.
თუმცა, თუკი ვან გაალს გულშემატკივრისა და "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელების კრიტიკაზე თვალის დახუჭვა შეუძლია, კომერციული პარტნიორის უკმაყოფილება შესაძლოა, უფრო დიდი პრობლემა გახდეს, რადგან საუბარია ფულზე.
სპონსორებს შორის პირველად უკმაყოფილება გამოხატა "ადიდასმა", რომელიც "იუნაიტედს" რეკორდული კონტრაქტით უკავშირდება, რაც 10 წელიწადში 750 მლნ. ფუნტის გადახდას გულისხმობს.
"ჩვენი თანამშრომლობის წარმატება ნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უბრალოდ კლუბი არ არის. ეს ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი კლუბია მსოფლიოში, რომელსაც გლობალური მასშტაბით 650 მლნ. გულშემატკივარზე მეტი ჰყავს.
ამ განსაკუთრებულ კლუბს არა მარტო დიდი ისტორია, არამედ წარმატებულის რეპუტაციაც აქვს. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ბიზნესი კარგად მიდის, იმაზე მეტ მაისურს ვყიდით, ვიდრე ველოდით. კმაყოფილები ვართ, მაგრამ ამჟამინდელი სათამაშო სტილი ნამდვილად არ არის ის, რის ხილვაც გვინდა", – განაცხადა ჰაინერმა.