4-01-2016, 20:42
ნანახია: 3100,
კომენტარები: 9
"წლის შესანიშნავი დასაწყისი"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!
მინდა, ახალი წლის პირველი ბლოგის წერა მოლოცვით დავიწყო. გისურვებთ, 2016 წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს. ასევე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ყოველ კვირა კითხულობდით ჩემს ნაწერს, მიუხედავად უქმეებზე დაფიქსირებული შედეგებისა. 4 წელზე მეტია, რაც ყოველკირეულად ვწერ და გესაუბრებით. ვფიქრობ, ძალიან კარგი ჩვევა შევიძინე - ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა სიტუაცია, როდესაც გუნდის შედეგებისა თუ პირადი პრობლემების გამო სურვილი არ მქონია, რამე დამეწერა. ვიცი, ცუდ შედეგებს ლამაზი სიყვებით ვერ დავმალავ, თუმცა როგორც მინიმუმ, შემიძლია გითხრათ, რომ უკანასკნელ შეხვედრაში საუცხოოდ ვიშრომეთ. ამას ველოდი... ვფიქრობ, 2016 წელი ახალი ენერგიითა და შემართებით დავიწყეთ. ამასთან, დავასრულეთ ცუდი სერია, რომელიც იმაზე ხანგრძლივი გამოდგა, ვიდრე გვეგონა.
ბევრმა თქვენგანმა მკითხა, თუ რას ვგრძნობდით მოთამაშეები, როდესაც შეხვედრებში საქმე კარგად არ მიგვდიოდა. მინდა გითხრათ, რომ ყველანი ძალიან მოწყენილები ვიყავით და ვფიქრობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, გამოგვესწორებინა, რათა სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია. ვფიქრობ, 2015 წლის ბოლო მატჩში, რომელიც "ჩელსის" წინააღმდეგ გავმართეთ, ყველამ დაინახა, თუ რას ვგულისხმობ. იყო დინამიკა, ენერგია, სურვილი, თუმცა მაინც ვერ მოვახერხეთ გამარჯვება. სამაგიეროდ, შაბათს მოვახერხეთ სამი ქულის აღება "სუონსისთან" მატჩში. როგორც ნახეთ, იოლი გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ, თუმცა ნამდვილად დავიმსახურეთ. იმედი მაქვს, ეს გამარჯვება პირველი იქნება ბევრიდან. ყველაფერი ჩვენ ხელთაა. ჩვენი მოწინააღმდეგე ძლიერი იყო, ამ მოთამაშეებმა გასულ სეზონში ორჯერ დაგვამარცხეს, თუმცა ამჯერად მოვახერხეთ და ახალი, 2016 წელი გამარჯვებით დავიწყეთ.
საშობაო პერიოდში 1 კვირაში 3 მატჩის გამართვა მოგვიწია, ახლა კი შემდეგ მატჩამდე მთელი კვირა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, "შეფილდ იუნაიტედს" დასვენებულები და გაძლიერებულები შევხვდებით.
მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა ძალიან საინტერესო საყურებელო იქნება, რადგან ცხრილის ზემო ნაწილში გუნდებს შორის სხვაობა სულ რამდენიმე ქულაა. ვნახოთ, რა მოხდება იანვარში. სხვა ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ინგლისში გუნდები ახლო-ახლო არიან ერთმანეთთან. ყველა მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, სხვანაირად რთული იქნება კლასი ჩვენება. ყველა გუნდი მოედანზე გამარჯვებისთვის გადის, სწორედ ამიტომაა ასეთი მდგომარეობა ცხრილში.
საინტერესოდ მიმდინარეობს, ესპანეთის ჩემპიონატიც - "მადრიდის ატლეტიკომ" ისარგებლა "ბარსელონას" ჩავარდნით და "ლევანტესთან" გამარჯვებით პირველ ადგილზე აღზევდა. 2 სეზონის წინ სიმეონეს გუნდმა უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია გიგანტებთან ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდეს.
ბოლოს მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც რთულ პერიოდშიც გვერდში გვედგა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერ კვირას გისურვებთ.
გეხვევით,
ხუანი.