ლუი ვან გაალის გაურკვეველი მდგომარეობის ფონზე დევიდ მოიესმა "მანჩესტერ იუნაიტედს" საკუთარი სამსახური შესთავაზა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
მოიესი, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონმა თავის მემკვიდრედ აირჩია, მხოლოდ 10 თვის განმავლობაში წვრთნიდა "იუნაიტედს".
შოტლანდიელის ხელმძღვანელობით "წითელმა ეშმაკება" სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულეს - სწორედ მეექვსე-მეშვიდე ადგილს იყოს "იუნაიტედი" ამჟამად "ლივერპულთან".
52 წლის სპეციალისტი სწუხს, რომ არ მისცემია იმდენი დრო, რამდენიც ლუი ვან გაალს ეძლევა და თანახმაა, კლუბში დაბრუნდეს.
"სხვა არაფერს ვიზამდი. სხვაგვარად მხოლოდ მაშინ მოვიქცეოდი, თუ მეცოდინებოდა, რომ 10 თვე იყო ჩემს განკარგულებაში ექვსი წლის ნაცვლად. მეგონა, რომ მივდიოდი კლუბში, რომელიც მხარს უჭერდა საკუთარ მწვრთნელს ცუდ მდგომარეობაშიც კი და როცა საქმე ცუდად მიდის - აუცილებლად გექნება დრო სიტუაციის დასალაგებლად. იქ ასეთი ილუზიებით მივედი.
მოთამაშეთა შესანიშნავი კოლექტივი მერგო, რომელმაც სერ ალექსთან ერთად პრემიერ ლიგა მოიგო. თუმცა, ცვლილებების განსახორციელებლად და მოსამატებლად დრო მჭირდებოდა. ამას 10 თვეში ვერ გავაკეთებდი.
ვიმუშავებდი თუ არა ისევ? რა თქმა უნდა, ვიმუშავებდი. სამყაროში ძალიან ცოტა მწვრთნელია, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა არ სურს.
სერ ალექსის შემდეგ ეს სამუშაო რთული უნდა ყოფილიყო კიდეც. გარდაქმნისთვის დრო იყო საჭირო, "მანჩესტერ იუნაიტედს" კი სჭირდებოდა გარდაქმნა.
უნდა გახსოვდეთ, რომ კლუბი დატოვა ყოფილმა აღმასრულებემა დირექტორმა დევიდ გილმაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო "მანჩესტერ იუნაიტედში". მეგონა, "მანჩესტერ იუნაიტედი" თავისი ამბიციების მიუხედავად ყოველთვის უჭერდა მხარს მწვრთნელს და დროს აძლევდა", - განაცხადა მოიესმა.
"ევერტონისა" და "რეალ სოსიედადის" ყოფილმა მწვრთნელმა იმედი გამოთქვა, რომ ვან გაალს, რომელმაც კონტრაქტით გათვალისწინებული დროის ნახევარი უკვე ამოწურა, უფრო მეტი დრო მიეცემა.
"იმედი მაქვს, ვან გაალს შეინარჩუნებენ, მეტ დროს იმსახურებს. ჯერ კიდევ სამუშაოს შესრულების პროცესშია. რამდენიმე შენაძენი განახორციელა და ესპანეთში ჩემი მუშაობის გამოცდილებიდან ვიცი, რომ საზღვარგარეთის ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა შეინარჩუნონ. არც მათ სურთ იქცნენ კლუბად, რომელიც ხშირად ცვლის მწვრთნელებს", - დაასრულა შოტლანდიელმა.