უეინ რუნი აღიარებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ცუდი პერიოდი აქვს და იმედგაცრუებულია, რომ გუნდს "ჩელსის" წინააღმდეგ სამი ქულის მოპოვებაში ვერ დაეხმარა.
კაპიტანი BT Sport-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, თუმცა მატჩის მიწურულს ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.
რუნი "სტოკ სიტის" წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე მოხვედრის შემდეგ "ჩელსისთან" სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა.
"ბევრი შანსი გვქონდა. ვერც ერთის გამოყენება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. გულშემატკივარი კი დღეს ბრწყინვალე იყო. დაინახავდით, რამდენს ნიშნავს ფეხბურთელებისთვის მხარდაჭერა. რთული დრო გვიდგას, მაგრამ ერთად ვართ და თავის დასაღწევად ვიბრძვით. შედეგი კი სამწუხარო იყო, რადგან მატჩში ვდომინირებდით, თუმცა ეს ხომ ფეხბურთია", - განაცხადა კაპიტანმა.
რუნის მედიაში გავრცელებული ხმების შესახებ ჰკითხეს, თითქოს ფეხბურთელები მწვრთნელისთვის არ იბრძოდნენ, რაზეც ინგლისელმა უპასუხა: "ბევრი ადამიანი ბევრ რამეს ამბობს. თავს დავიმცირებთ, მოედანზე რომ გავიდეთ, ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ ყველაფერი არ გავიღოთ. გულშემატკივარი დღესაც ნახეთ - ისინი ყველგან გვიჭერენ მხარს.
პროფესიონალები არ ვიქნებით, თუკი ამას არ გავაკეთებთ. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. რთული დრო გვიდგას. ეს ყველამ იცის".
თავდამსხმელს მისი და ოსკარის მომენტზეც ჰკითხეს, რომლის შემდეგაც რუნიმ ყვითელი ბარათი მიიღო.
"ვფიქრობ, ეს შემთხვევითი იყო. ვიცოდი, რომ მეჭირა და მისთვის ზიანის მიყენება შემეძლო. მოედანზე ყოფნისას ბოდიში მოვუხადე და არაფერი მომხდარა. მსაჯმა ეს დაინახა და მიხვდა, რომ ზიანის მიყენება არ მინდოდა, მაგრამ მომცა ყვითელი ბარათი, რომელსაც ნამდვილად ვიმსახურებდი".