ლუი ვან გაალის კომენტარი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია "ჩელსისთან" "ოლდ ტრაფორდზე" ფრით დაასრულა. მატჩის შემდეგ ვან გაალმა კომენტარი გააკეთა.
თამაშისა და შედეგის შესახებ: "ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გატანა უნდა შეგეძლოს და ჩვენ ვერ შევძელით. ორჯერ გავარტყით ძელს, როცა მეკარე უძლური იყო, ორი კარგი მომენტი გვქონდა მეორე ტაიმში და პენალტის საბაბიც - ხელით თამაში და მატაზე დარღვევა - მაგრამ პენალტი არ დაგვინიშნეს. ასე რომ, იღბალმა გვიმტყუნა და ჯერ კიდევ არ გვაქვს. "სტოკის" წინააღმდეგ, როგორც უკვე ვთქვი, პირველ ტაიმში თამაშს ვერ ვბედავდით, მაგრამ დღეს სხვანაირად მოხდა - გავბედეთ და ზეწოლაც მოვახდინეთ. ჩვენ ვდომინირებდით, შანსებს ვქმნიდით, კარში ვურტყამდით და მეტოქეს მხოლოდ სამი შანსი შევაქმნევინეთ. ისეთი შემტევი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "ჩელსია", ცუდი შედეგი არ არის".
"იუნაიტედის" გულშემატკივრების შესახებ: "ისინი ფეხბურთელებს ტაშს უკრავდნენ, უმღეროდნენ და ენთუზიაზმით სავსე იყვნენ. რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს გაუცრუვდა იმედი, რადგან გამარჯვება გვჭირდებოდა. ეს ვიცი, ფეხბურთელებმაც იციან, შტაბის თითოეულმა წევრმა იცის, ხელმძღვანელობამაც იცის - თქვენც კი იცით. ხალხი ჯერ კიდევ უკრავს ტაშს - ყველა არა, ეს დავინახე - მაგრამ უმრავლესობა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ფეხბურთელებს შეუძლიათ იმის კეთება, რაც დღეს შეძლეს და გულშემატკივარიც კმაყოფილი იქნება".
თავისი მომავლის შესახებ: "ამაზე გავლენა არ მაქვს. მე მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებთან ერთად შრომა შემიძლია და დაინახავდით, რომ ისინი ჩემთვის იბრძვიან და კარგად ითამაშეს. ასეთი შედეგის შემდეგაც კი მიკრავდნენ ტაშს, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ შეშფოთებული უნდა ვიყო, მაგრამ საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი ხდება".
წყარო:
manutd.com