ზედიზედ ექვსმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, უეინ რუნის მიაჩნია, რომ ფეხბურთელები ერთმანეთს მხარში ამოუდგებიან და იბრძოლებენ, რათა სეზონში სასიამოვნო მომენტები შექმნან.
ლუი ვან გაალის შეგირდები ჩემპიონთა ლიგას ჯგუფური ეტაპიდანვე გამოეთიშნენ, პრემიერ ლიგაში კი მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.
მომდევნო მატჩს "წითელი ეშმაკები" სტოკ სიტის" წინააღმდეგ გამართავენ და გუნდის კაპიტანი მატჩის წინ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
"ვფიქრობ, თავდაჯერებულობა ნამდვილად დაბალია და ეს გასაგებიცაა, რადგან რამდენიმე ცუდი შედეგი ვაჩვენეთ, თუმცა თავის ხელში აყვანა უნდა მოვახერხოთ. წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, ერთად დგომა და ბრძოლა გვჭირდება. უნდა ვეცადოთ, მაქსიმალური ქულები მოვაგროვოთ მომდევნო ორ კვირაში, რადგან შეიძლება, ეს სეზონის საუკეთესო მომენტი გამოდგეს.
მატჩებს თავდაჯერებულად უნდა შევხვდეთ და უნდა ვიფიქროთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია. ხანდახან წვრილმანი რამეები გეხმარება, ამიტომ ამ კვირაში კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ და იმედი მაქვს, რომელიმე მათგანს მატჩებში გამოვიყენებთ, კარგად ვითამაშებთ და "სტოკის" წინააღმდეგ სამ ქულას ავიღებთ.
ყოველი მომზადებისას ვიცით - ასევე მწვრთნელმა - რამდენად მნიშვნელოვანია მატჩი. ყველანი მხარში უნდა ამოვუდგეთ ერთმანეთს და მომდევნო რამდენიმე დღის გარდა არაფერზე ვიფიქროთ. წინ ორი დიდი მატჩი გვაქვს, რომელთათვის მომზადება გვჭირდება", - განაცხადა რუნიმ.
რუნიმ მიღებული ტრავმის შემდეგ პირველი მატჩი "ნორვიჩთან" ჩაატარა, რითაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 500-მატჩიან ნიშნულს მიაღწია. მანამდე კი, 30 წლის ინგლისელს საპატიო პრიზი სერ ბობი ჩარლტონმა გადასცა. "ეს ამაღელვებელი მომენტი იყო. "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 500 მატჩის ჩატარება ჩემთვის უდიდესი პატივია. მხოლოდ ათმა ფეხბურთელმა მიაღწია ამას და ვამაყობ, რომ მათ შორის მეც ვარ".
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი გადაეცა ენტონი მარსიალს. იგივე პრიზი 2004 წელს უეინ რუნიმაც მოიგო. "ჩემი აზრით, ენტონი ფანტასტიკური ფეხბურთელია, ახალგაზრდაა და დიდებულია, რომ ამას მიაღწია. ვფიქრობ, ჯილდოს სრულიად იმსახურებს".