ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას განუცხადა, რომ მატეო დარმიანი მალე შეძლებს თამაშს, თუმცა არა "სტოკ სიტის" წინააღმდეგ.
"წითლები" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში ვერ ახერხებენ გამარჯვებას და მომდევნო შეხვედრას "ბრიტანია სტედიუმზე" გამართავენ.
დარმიანი ჩემპიონთა ლიგაზე "ვოლფსბურგთან" მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს, თუმცა ვან გაალმა განაცხადა, რომ იტალიელი "ჩელსისთან" ითამაშებს.
"სტოკთან" "იუნაიტედს" დააკლდება ჯესი ლინგარდიც, რომელიც "ბორნმუთთან" მატჩის შემდეგ იშუშებს ტრავმას.
ბასტიან შვაინშტაიგერის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია "მეთუნუქეებთან" მატჩის შემდეგ ამოიწურება, ანტონიო ვალენსია და ლუკ შოუ კვლავინდებურად ტრავმირებულები არიან.
ტრავმებზე შეკითხვის დასმისას, ვან გაალმა უპასუხა: "მეტ-ნაკლებად იგივეა, ასე რომ, ცვლილებები არ გვაქვს, მხოლოდ ის რომ, ფილ ჯონსმა "ნორვიჩთან" სრული მატჩი ჩაატარა და რეაქცია არ ჰქონია. ეს კარგი ამბავია.
ჩემი აზრით, მომდევნო კვირაში "ჩელსისთან" მატჩისთვის დარმიანი დაბრუნდება, ამას უნდა დაველოდოთ, თუმცა გრძელვადიანი ტრავმები ჯერ კიდევ გვაქვს. მაგალითად, შოუ, ვალენსია და როხო, ამას კი ვერ შეცვლი".