ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მწვრთნელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა განაცხადა, რომ მის კლიენტს "მანჩესტერ იუნაიტედისგან" არავითარი შეთავაზება არ მიუღია.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი ჟოზე მოურინიოს კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და მისი კანდიდატურის დამტკიცება კლუბის მფლობელებზე იყო დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალის მდგომარეობა მყარი არ არის და მისი გაძევების საფრთხე არსებობს, "იუნაიტედს" ჰოლანდიელის შეცვლის კანდიდატი ჯერ არ უპოვია, ყოველ შემთხვევაში, მოურინიოსთან მოლაპარაკებები არ უწარმოებია.
"ამაში სიმართლის ნასახიც არ არის. არ ვიცით, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ახლა არავითარ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. არც არავითარი ოფიციალური შემოთავაზება არსებობს, ეს ყველაფერი ტყუილია", - განაცხადა პორტუგალიელის აგენტმა.