"ნორვიჩთან" დამარცხების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ თავის მომავალში დარწმუნებული არ არის.
საკუთარ მოედანზე ალექს ნილის გუნდთან დამარცხების შემდეგ "იუნაიტედის" მოუგებელი სერია ექვს მატჩამდე გაიზარდა. პრემიერ ლიგაში კი კლუბი ზედიზედ მეორედ დამარცხდა და ორივე ეს მატჩი პრემიერ ლიგაში წელს გადასულ გუნდთან დათმო.
მატჩის შემდეგ ვან გაალმა აღიარა, რომ მისი ბედი ხელმძღვანელობის ხელშია.
"ვგრძნობ თუ არა ზეწოლას? ფეხბურთში სხვაგვარად ვერც იქნება. ეს ვიცი, ეს იცის ხელმძღვანელობამაც, ეს იციან ფეხბურთელებმაც. დამარცხებას ვერ შევეგუეთ, ჩვენ გამარჯვებას ვართ მიჩვეულნი, მაგრამ ახლა რთული პერიოდი დგება.
ზედიზედ სამი მატჩი წავაგეთ, ასეთი რამ იშვიათად ხდება "მანჩესტერ იუნაიტედის" თავს. ამას ვერ შევეგუებით და ამიტომ ვიმეორებ, რომ გაერთიანება და საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება.
მსგავს ვითარებაში სხვა კლუბებშიც ვყოფილვარ. ასეთ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიონალად დარჩენა და ყველაფრის გაკეთების სურვილია. უნდა ვიშრომოთ, რათა ეს წარუმატებელი პერიოდი დავძლიოთ.
მომცემენ თუ არა დროს სიტუაციის გამოსასწორებლად? ეს შეკითხვა მე არ უნდა დამისვათ. მოდით, უბრალოდ დაველოდოთ", - განაცხადა ვან გაალმა.