თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2015, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 10262,
კომენტარები: 7
სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი III)
თავი V
სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი III)
თვითკმაყოფილება

თვითკმაყოფილება - ცნობილი ადამიანებისა და გუნდების უბედურებაა. მომწონდა, რომ "იუნაიტედს" თითქმის არასდროს იპყრობდა "ვარსკვლავური ავადმყოფობა". იყო გამონაკლისები, მაგრამ მუდმივ თავმოყვარეობას ყოველთვის ვებრძოდი. ტერმიტებს ჰგავს - თქვენს ქონებას დაზიანებას მაშინ შეამჩნევთ, როცა უკვე გვიან იქნება. სადაც არ უნდა გვეთამაშა, არასდროს მიფიქრია, რომ გამარჯვება გარანტირებული გვქონდა. ხალხმა შეიძლება მიმიჩნიოს, როგორც "მუდმივად გამარჯვებული მენეჯერი", მაგრამ სტატისტიკას გადახედეთ. "იუნაიტედის" ხელმძღვანელის რანგში 1500 მატჩი ჩავატარე, რომელთაგან 267 წავაგეთ, 338 ფრედ დავასრულეთ და 895 მოვიგეთ. ამიტომ შეიძლება იფიქროთ, რომ ყოველთვის, როცა მოედანზე გავდიოდი, გამარჯვების შანსი 60%-ს უდრიდა. 2008 წლის თამაშის წინ, როცა მოსკოვის სასტუმროში ვიყავი, ფეხბურთელებს 2008/2009 წლების სეზონის მოსალოდნელ რთულ კომპანიაზე ვესაუბრებოდი, სადაც არაფერი გვქონდა გარანტირებული.

თვითკმაყოფილების შესახებ პირველი გაკვეთილი 1968 წელს, "რეინჯერსში" თამაშის პირველ წელს მივიღე. "აბერდინთან" ბოლო მატჩამდე არ ვმარცხდებოდით, ის თამაში კი 3:2 დავთმეთ და ჩემპიონატი წავაგეთ. მატჩის შემდეგ ათასობით გულშემატკივარი ჭკუიდან შეიშალა - ფანჯრებს ამტვრევდნენ და არეულობას აწყობდნენ. ქაოსი იყო. პოლიციის ესკორტი დაგვჭირდა, რათა სტადიონი უვნებლად დაგვეტოვებინა. ლიგის მოსაგებად ცოტა მოგვეთხოვებოდა - მხოლოდ ერთი მატჩის მოგება, მაგრამ თავი ვერ გავართვით.

ჭარბი თავდაჯერების მეორე მაგალითი, რომელიც დამამახსოვრდა, ჩოგბურთის მატჩზე შედგა. აშშ-ს ღია ჩემპიონატის ფინალზე ვიყავი, რომელიც 2012 წელს შედგა და ვიქტორია აზარენკომ თითქმის დაამარცხა სერენა უილიამსი. აზარენკო 5:3 იგებდა გადამწყვეტ სეტში და ტრიბუნაზე მყოფ თავისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ხელი დაუქნია. ამ მომენტიდან ყველაფერი ცუდად წავიდა. თავისი გეიმი წააგო და უილიამსი ჩემპიონი გახდა. წაგების შემდეგ აზარენკოს სახე ვნახე. უმეტყველო იყო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს: არასდროს იფიქროთ თასზე მანამ, სანამ არ მოიგებთ.

სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი III)


იგივე შეემთხვა აშშ-ს ნაკრებს რაიდერის თასზე (გოლფის ტურნირი) 2012 წელს მედინში, როცა 10 ქულით ლიდერობდნენ, ევროპელებს კი 6 ქულა ჰქონდათ და მხოლოდ 4.5 ქულა აშორებდათ ტიტულის მოგებამდე. როცა ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი დათვისთვის ტყავის გაძრობას იწყებს, ყველაფერი ცუდად მიდის. მედინში დაინახავდით, როგორ ჩაინერგა თავდაუჯერებლობა აშშ-ს ნაკრებში მას შემდეგ, რაც ერთი ქულა დათმეს. როცა კიდევ ორი ქულა დაკარგეს, ისინი შიშმა შეიპყრო. მალე პანიკაში ჩავარდნენ და ყველაფერი ჩავარდა. მოთამაშეებს ვალდებულებები დაავიწყდათ, ვერ მშვიდდებოდნენ და ბავშვურ შეცდომებს უშვებდნენ. საბოლოოდ, კაპიტულირებული აღმოჩნდნენ.

მილიონჯერ მინახავს, როგორ ხდება ეს. ყველაფერი გაურკვევლობით იწყება, რომელიც დაბნეულობას იწვევს. შემდეგ იწყება პანიკა და სანამ მიხვდები, გუნდი დანებდება. სხვათაშორის, მოწინააღმდეგის ქცევა იცვლება: უბრუნდება თავისი ძალების რწმენა და ძლიერდება კონცენტრაცია. შენი მტერი სისხლის სუნს იგრძნობს და შენივე თავდაჯერებულობის ხარჯზე მოგკლავს.

ამისგან ხანდახან "იუნაიტედიც" ზარალდებოდა და არსებობს რამდენიმე მატჩი, რომელთა გახსენების მრცხვენია. 1998 წლის ნოემბერში "ბლექბერნის" წინააღმდეგ ვთამაშობდით და დამაჯერებლად მივდიოდით მათ განადგურებამდე. ის, რომ "როვერსი" კაცნაკლული იყო, დავალებას გვიადვილებდა. შემდეგ კი "ბლექბერნმა" ბოლო 25 წუთში 2 გოლი გაიტანა და ყველაფერი უკუღმა წავიდა. სრული ქაოსი დაიწყო. კარის ხაზიდან ბურთს ტრიბუნაზე ვიგერიებდით, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: "თუ წავაგებთ, თითოეულ მათგანს მოვკლავ". რთულად მოვიპოვეთ მინიმალური გამარჯვება, მაგრამ თვითკმაყოფილების ეფექტმა, რომელიც ჩემ მიერ განხორციელებულმა რამდენიმე ცვლილებამ გააძლიერა, თითქმის სრულ სირცხვილამდე მიგვიყვანა.

ეჭვგარეშეა, თავდაჯერებულობამ მოგვკლა 2012 წელს, როცა "ევერტონს" "ოლდ ტრაფორდზე" ვეთამაშებოდით. აპრილი იდგა, პრემიერ ლიგაში 34 მატჩი ჩავატარეთ და ცხრილში პირველ ადგილზე ვიმყოფებოდით, "მანჩესტერ სიტის" კი ხუთი ქულით ვაჭარბებდით. ეშმაკმა იცის, რა მოხდა იმ მატჩში. შესაძლოა, ვიფიქრეთ, რომ ბანალური და მოსაწყენი გამარჯვება იქნებოდა. შესაძლოა, ყველანი მომავალ ჩემპიონობაზე ვფიქრობდით, მატჩის სასიკეთოდ კი უნდა ითქვას, რომ სეზონში საუკეთესო გამოდგა. 4:2 ვიგებდით მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე. ერთი თუ ორი ფეხბურთელი სიზარმაცით ბრუნდებოდა დაცვაში თავის ადგილზე და საქმის კეთება შეწყვიტეს.

იმ მატჩზე ბევრს ვფიქრობ და ახლაც ვერ ამიხსნია, რა მოხდა. 33-ე წუთზე 1:0 ვიგებდით. საპასუხო გოლი შესვენებამდე გავუშვით, მომდევნო სამი ბურთი კი უბრალოდ დაუჯერებელი იყო. "კანფეტები" ნაკუწებად ვაქციეთ და 4:2 დავწინაურდით. ირონია ის იყო, რომ მოგვიანებით გაგვანადგურა დარონ გიბსონმა, ძლიერმა ნახევარმცველმა, რომელიც მანამდე მცირე ხნით ადრე "ევერტონში" გავყიდეთ. ფეხბურთელებს ბევჯერ ვუთხარი, რომ გიბსონი მოედნის ცენტრში ბურთით არ გაეჩერებინათ. გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოვახერხეთ და დარენმა შოუ მოგვიწყო. 85-ე წუთზე "ევერტონმა" მატჩი ფრემდე მიიყვანა. ერთი კვირის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" ვეთამაშეთ "ეტიჰადზე" და 1:0 წავაგეთ - ნაწილობრივ, შემადგენლობის არჩევისას ჩემი შეცდომების გამო, ნაწილობრივ მანჩინის გონებამახვილობისა და დაცვითი თამაშის გამო. "მანჩესტერ სიტი" კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ჩემპიონობას.

2013 წლის მარტში, ჩემს ბოლო სეზონში, "ჩელსისთან" "ოლდ ტრაფორდზე" 2:0 ვიგებდით ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე. მაშინ მეგონა, რომ ყველაფერი გამარჯვებისკენ მიდიოდა. ესეც შეცდომა იყო - ინერტულად ვმოქმედებდით, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ლონდონელებმა რამდენიმე ცვლილება განახორციელეს, რამაც დაპირისპირების დინამიკა შეცვალა, ძალიან მალე კი სხვაობა აღმოფხვრეს. მატჩის მიწურულს კიდევ უფრო გაზარდეს ზეწოლა და გაგვიმართლა, რომ ყველაფერი ფრით დასრულდა. გადათამაშებაში "სტემფორდ ბრიჯზე" წავაგეთ. ჩვენმა თავდაჯერებულობამ კომფორტული გამარჯვება მარცხად აქცია.

ყოველთვის ფრთხილი ვიყავი და ვცდილობდი, არასდროს გამომევლინა ჭარბი თავდაჯერებულობის ნიშნები. ეს სულაც არ არის რაიმე პანტომიმა ან ცრუ გარეგნობა, ნიღაბი. ასე ვიქცევი, როცა მივდევ იმავე მიზნებს, რასაც სხვები. არ შეიძლება, რაღაც თავისთავადად მიიჩნიო. თუკი ხუთი ტურით ადრე "იუნაიტედი" ჩემპიონატში ლიდერობდა, არასდროს ვამბობდი: "სამ ქულას თუ ავიღებთ, ვერავინ დაგვეწევა", ასე ვლაპარაკობდი: "ეს უბრალოდ კიდევ ერთი თამაშია. მოდით, ჩვენი საქმე საჭირო დონეზე შევასრულოთ. გამარჯვებებს თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევენ".

ერთხელ ზედმეტი თავდაჯერება გამოვავლინეთ, როცა 2006/2007 წლების სეზონის ბოლო საშინაო მატჩს ვატარებდით "ვესტ ჰემთან". ერთი კვირით ადრე უკვე მოპოვებული გვქონდა ჩემპიონობა, მაგრამ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გულშემატკივრებთან ვალში იყვნენ და უნდა გაემარჯვათ. მეორე მხრივ, "ვესტ ჰემსაც" სჭირდებოდა გამარჯვება იმ მატჩში, რათა პრემიერ ლიგაში დარჩენილიყო. რონალდუ, გიგზი და სქოულზი სათადარიგოთა სკამზე დავტოვე, რადგან მომდევნო კვირას ინგლისის თასის ფინალი გველოდა, კარლოს ტევესმა კი "გასახდელში" გაგვიტანა.

ჩემი სამი საუკეთესო მოთამაშე შესვენების შემდეგ შევიდა მოედანზე, მაგრამ მაინც დავმარცხდით. შეგირდების ასეთმა თავდაჯერებულობამ აღტაცებაში მომიყვანა. ფეხბურთელებს მატჩის მიწურულს სისწრაფის ჩართვა ვთხოვე, რათა ანგარიში გაეთანაბრებინათ. სეზონის უარეს დასასრულს ვერც კი მოიფიქრებ. ფეხბურთელები შეიძლებოდა დაეჭვებულიყვნენ ამ მატჩის მნიშვნელობაში, მაგრამ მე ზუსტად მესმოდა.

სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი III)


თვითკმაყოფილება ორგანიზაციაში, რომელსაც წარმატება თან სდევს, ადვილად ჩნდება. კლუბში ფული დინებას იწყებს, მგზავრობის პოლიტიკა კი ისეა მოწყობილი, რომ ხალხი ძვირადღირებული ავიაბილეთებისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების დაჯავშნას იწყებს. შემდეგ, საოფისე მაგიდებსა და თაროებზე სხვადასხვა სათასო ატრიბუტიკა ჩნდება. ზოგიერთ ორგანიზაციას, მათ შორის "იუნაიტედსაც", საკუთარი მუზეუმიც კი აქვს. მათში კომპანიის სიამაყის საგნებია ნაჩვენები - ჩვენს შემთხვევაში თასები. მრავალი წლის გასვლის შემდეგ "იუნაიტედის" ცხოვრება საუკეთესოებისკენ წავიდა. შეგვიძლია, გუნდისთვის კერძო თვითმფრინავები შევუკვეთოთ, ავტობუსების კომფორტულობა გაიზარდა და მთელი ამ ფუფუნების სავალდებულოდ აღქმა უფრო ადვილი გახდა.

მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი საერთო წარმატებაში თავის წვლილს გრძნობდეს. რომელიმე თასის მოგებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კარინგტონის ყველა თანამშრომელს ვკრებდი და შამპანურის ჭიქას სამუშაო დღის დაწყებამდე ვწევდით. საქმე იმაშია, რომ ზეიმის ასეთ მომენტში უნდა გახსოვდეს, რამდენი რამ გავიღეთ წარმატების მისაღწევად, რამდენად ძლიერ გვინდოდა, პირველები ვყოფილიყავით. ყოველთვის ფხიზლად ვიყავი - გამარჯვებებს თანმდევი ასპროცენტიანი გამარჯვების გარანტიად არ უნდა აღვიქვამდეთ და არც ძალიან მოდუნება ღირს.

ხალხი, რომელიც შეუძლებლის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს, მხოლოდ ქებასა და აღიარებას იმსახურებს. ასეა თუ ისე, არასდროს ვყოფილვარ ზეიმის დიდი გულშემატკივარი. როცა "იუნაიტედის" მწვრთნელი ვიყავი, მრავალ კლუბისთვის სასარგებლო კომერციულ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა. ყოველთვის, როცა ჩემი ერთ-ერთი ფეხბურთელი ოქროს ბურთს ან წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს იგებდა, ვესწრებოდი ასეთ ღონისძიებებს. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთ საღამოებზე დალევით სიამოვნებას არ ვიღებდი.

გოლების აღნიშვნა ძალიან მომწონს. განსაკუთრებით უეინ რუნის ის "მაკრატელა" მომწონს, რომელიც მან 2011 წელს "მანჩესტერ სიტის" გაუტანა. საფინალო სასტვენს ყოველთვის სულის ხსნად აღვიქვამდი. ეს უდიდესი მომენტია, იმას აღნიშნავს, რომ როგორც იქნა, რაღაცას მიაღწიე. თუმცა მნიშვნელოვან მატჩებში გამარჯვების შემდეგ ცოტა ხანს ვხარობდი და უმნიშვნელოა, იქნებოდა ეს პრემიერ ლიგის მატჩი თუ ჩემპიონთა ლიგის. მუდმივი სიხარული გადუნებს. მატჩის შემდეგ ინტერვიუ უნდა მისცე, სასტუმროში დაბრუნდე, დაისვენო და მიღებაზე გაემგზავრო. გარდა ამისა, როგორც კი ამას გააკეთებ, ღამის პირველი საათი დგება და ერთადერთი, რაც გინდა - საწოლში მალე ჩაწოლაა. თითქმის ჩაძინებულს, კმაყოფილების გრძნობა მიპყრობდა, მაგრამ დილით ისიც ქრებოდა.

სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი III)


ვაცნობიერებ, რომ გამარჯვებები ან მნიშვნელოვანი მოვლენები სხვადასხვა მნიშვნელობის მქონეა სხვადასხვა მოთამაშისთვის, გულშემატკივრისა თუ ხელმძღვანელისთვის - შეგიძლიათ იმდენ ხანს იზეიმოთ, რამდენიც გინდათ.ყოველთვის მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება, თუ რამდენად ბევრი სიხარულის მოტანა შეუძლია გუნდს საზოგადოებისთვის, მით უმეტეს მის იმ ნაწილში, რომელზეც ყურადღებას არ ამახვილებენ. 1983 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასზე გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აბერდინისთვის - ქალაქის, რომელიც მიუხედავად ჩრდილოეთ ზღვაში მდებარე ნავთობისა, განსაკუთრებული ცნობადობით ვერ დაიკვეხნის. აბერდინი ოსლოსთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ლონდონთან და ზამთარში დღე 6 საათ ნახევარზე ნაკლებს გრძელდება. მაისშიც კი, როცა აღლუმები ტარდება, ჩრდილოეთ ზღვიდან ქარი უბერავს. ქალაქის საბჭომ უქმე დღე გამოაცხადა და ყველა სკოლა დაიხურა გარდა ერთისა - Albyn, რომელშიც მხოლოდ გოგონები სწავლობდნენ. მაგრამ, ასეა თუ ისე, როცა მის გვერდით ჩავიარეთ, ყველამ გამოიხედა ფანჯარაში და ჩვენს საჩემპიონო ავტობუსს ესალმებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერი უფრო დიდი და ცნობილია, ვიდრე აბერდინი, "იუნაიტედის" გამარჯვება მაინც ძალიან ბევრს ნიშნავს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. მთელმა ქალაქმა იწვნია უამრავი მწუხარება - ახლა "ლივერპულის" 70-ან და 80-ან წლებში მიღწეულ წარმატებაზე სულაც არ ვლაპარაკობ. ვგულისმხმობ იმას, რაც მოუვიდა ადგილობრივ ეკონომიკას, როცა თითქმის ყველა საწარმო დაანგრიეს, რამაც უმეტესი ოჯახისთვის კოლოსალური სირთულეები გამოიწვია. მათი უმრავლესობისთვის ლიგაში "იუნაიტედის" გამარჯვება ცხოვრების საუკეთესო მოვლენა იყო. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ჩვენი საჩემპიონო აღლუმის ავტობუსი უფრო მეტ ადამიანს ახარებდა, ვიდრე შობა.

1999 წელს, "ტრებლის" შემდეგ, ყველაფერი გასცდა გონიერების ზღვარს. დინსგეიტზე, მანჩესტერის მთავარ ქუჩაზე ერთი შენობა იდგა. მას კაპიტალური რეკონსტრუქცია უტარდებოდა და კედლებზე უზარმაზარი პოსტერები ეკიდა წარწერით: "არ შეხვიდეთ". რა თქმა უნდა, ამას არავინ შეუჩერებია. ხალხი ადგილებს ღია ქვის შენობებსა და რკინის ბოძებზე იკავებდა. ყველა მღეროდა "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ და ავტობუსს შარფებსა და ქუდებს ესროდნენ. იგივე მოხდა 2013 წელს, მას შემდეგ, რაც მე-20 ჩემპიონობა მოვიპოვეთ. გუნდი მერიის აივანზე გაიყვანეს. მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგას მოვიგებდით, სამწვრთნელო შტაბს ჩემთან სახლში სხვადასხვა მიზეზების გამო ვეპატიჟებოდი.

სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი III)


მაშინ, როცა უდიდეს სიამოვნებასა და კმაყოფილებას ვგრძნობდი იმის გამო, რაც სხვებისთვის გავაკეთეთ, საკუთარ თავს ძალიან ბედნიერს ვერ ვუწოდებდი. ჩემი ფიქრები ხვალინდელი დღით უფრო იყო დაკავებული. უნდა იფიქრო იმაზე, თუ როგორ შეცვალო გუნდი უკეთესობისკენ და იმაზეც, რომ ვიღაც უფსკრულისკენ მიიწევს. ნებისმიერი ზეიმის დროს ჩემს ფიქრებში ასეთი აზრი გაიელვებდა: "ამას როგორ მივაღწიეთ?" "ახალი თასები როგორ მოვიგოთ?" არ მინდოდა, ჩვენი გუნდი ჭარბ თვითკმაყოფილებას მოეკლა.

წყარო: theatreofdreams
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 დეკემბერი 2015 22:21
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამით მორიგი თავი სრულდება, მომდევნო თავები კი უფრო საინტერესო იქნება.

ზოგადად კი, თვითკმაყოფილების განცდა მაქსიმალისტებისთვისაც ცუდია და პერფექციონისტებისთვისაც. სრულყოფილებისკენ მისწრაფებული ადამიანი არ უნდა კმაყოფილდებოდეს მიღწეულით, ამიტომ მას არ უნდა სჩვეოდეს თვითკმაყოფილება. არ არის კარგი, როცა ამბობ: "მე ამას მივაღწიე, მორჩა, მეტი აღარ მინდა". არ არსებობს სამყაროში ზღვარი, რომელიც ადამიანის შესაძლებლობებს მეტის გაგრძელებას უკრძალავს. ამიტომ არ უნდა მიუდგე შესაძლებელს შეუძლებლად. ფერგიუსონი ბედნიერი იყო, რომ ეს გრძნობა არ იპყრობდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
17 დეკემბერი 2015 22:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის გოლს ისეთივე აღნიშვნა ჰქონდა როგორიც იყო, ყველაფერი იდეალურად გააკეთა მაშინ. არასდროს დამავიწყდება ეგ გოლი და ეგ ემოცია
0
№3
ავტორი: AkkRed
17 დეკემბერი 2015 22:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისე არ მინდა მოვკდე, რომ ამ კაცს როგორც მინიმუმ 5 კითხვა არ დავუსვა.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
17 დეკემბერი 2015 22:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
რას ჰკითხავდი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: AkkRed
18 დეკემბერი 2015 12:38
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

1.პირველი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები.
2. ორი წაგებული ფინალის შემდეგ შეცვლილი რეფორმები.
3. როდესაც გაანალიზა, რომ მისი მთავარი მიზანს მიაღწია "იუნაიტედში" (ლივერპულის დამხობა) რა სურდა მის შემდეგ.
4. რას შეცვლიდა დღევანდელ "იუნაიტედში"
5. რომ არა ფეხბურთი რომელ სფეროში იქნებოდა ახლა და რა ვითარებაში

ეს რაც ფეხბურთს ეხება ზოგადად, თორემ ეს ადამიანია ჩემი კულტი ალბათ ყველაფერს ვკითხავდი რაც მაგ წამს მომაფიქრდებოდა

შენ რას ჰკითხავდი?
0
№6
ავტორი: RojoDiablo
19 დეკემბერი 2015 10:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
სიმართლე გითხრა, ფერგისთან შეკითხვის დასმაზე კი არა, მასთან შეხვედრაზეც კი არ მიფიქრია. თუმცა ალბათ, ვკითხავდი, რატომ არის წიგნის წერისას ტიპიური ბაბუა, რომელიც ყველაფერს ასაჯაროვებს, რაც გააკეთა.

ის მიპასუხებდა, რომ ამის გარეშე თავისი იდეოლოოგის სისწორეში ვერავის დაარწმუნებდა და ენას ჩამაგდებინებდა, მაგრამ ფერგიუსონი გავაწითლე-მეთქი მაინც ხომ ვიტყვი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Mufc7
19 დეკემბერი 2015 11:12
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
2013 წლის მარტში, ჩემს ბოლო სეზონში

ბოლო სეზონი ''იუნაიტედის'' მწვრთნელის რანგში... მისი ბოლო სეზონი გუნდში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გახადა მთელ მსოფლიოში. გუნდში, სადაც ფეხბურთელებს ვარსკვლავებად ზრდიდა და არ ვიცი, ასეთი გენიოსი როგორ შეიძლება, ადამიანი იყო, თუმცა როცა ვუყურებდი მას თამაშის დროს ასე აქედან- ამხელა მანძილით შორს, როცა ვკითხულობდი და ახლა აი, ახლაც ვკითხულობ მის სიტყვებს, ამ გენიოსის ნათქვამ სიტყვებს, ვხვდები, მის შემხედვარეს, არ უნდა გამიკვირდეს ადამიანის ასე გენიოსად ყოფნა. რა ბედნიერია ის ხალხი, ვისაც მოუწია მასთან თუნდაც გვერდით გავლა ან 1 წუთით შეხვედრაც კი, თუმცა მეც ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი, რომ ვიყავი, ვარ და ვიქნები ამ წითელცხვირა გენიოსი ბაბუს ''შვილიშვილი''...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top