თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2015, 18:29
ავტორი: ViDa,
ნანახია: 9901,
კომენტარები: 6
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: ფერგის ბარტყები
არ მისცეთ თავს იმის უფლება, რომ მსგავსი მომენტი წამით მაინც დააკნინოთ. თექვსმეტი და ჩვიდმეტი წლის ბიჭებმა პირველად იგემეს გამარჯვების გემო. ღმერთია მოწმე, ჩვენ ეს ძალიან მოგვეწონა.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: ფერგის ბარტყები
ჩვენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან შეგვკრიბეს, თითოეული ჩვენგანი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, ამიტომ დიდი ალბათობა იყო,რომ ფეხბურთელებს შორის გაუგებრობა მომხდარიყო. წარსულში ეჭვი მქონდა, რომ ეს ფეხბურთელები რაღაც პრივილეგიით სარგებლობდნენ. ერთხელ გავიგეთ, რომ ბექსი გასახდელში ფეხბურთელებთან შესახვედრად გააცილეს, როცა გუნდი ლონდონში იმყოფებოდა. ასევე, ფოსტით "იუნაიტედის" სრულიად ახალი ფორმა გაუგზავნეს.

ბექსი სამხრეთიდან იყო, ამიტომ, არ იყო გასაკვირი, რომ ჩვენ განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან. თუმცა იყო რაღაც, რაც ძალიან გვაახლოვებდა. ჩვენ საუკეთესო მეგობრები გავხდით, როცა გავაანალიზე, რომ კოკნებსაც შეუძლიათ "იუნაიტედის" სიყვარული. ორივე "იუნაიტედის" სიყვარულით ვიყავით გაზრდილი, გვიყვარდა მისი თამაში და მზად ვიყავით, ყველაფერზე წავსულიყავით ამ გუნდის წარმატებისთვის. ბექსში გუნდის ერთგულობა და მისი აურაცხელი ტალანტი დავინახე. ჩვენი ოჯახებიც ძალიან დაახლოვდნენ. ცივ საღამოებს ისინი ტრიბუნებზე იდგნენ და ჩვენ გვგულშემატკივრობდნენ. ბექსის დედ-მამა, ტედი და სანდრა, მზად იყვნენ, ნებისმიერ ადგილზე წასულიყვნენ, რათა მხარი დაეჭირათ თავიანთი შვილისთვის, ისევე, როგორც ჩემი მშობლები იყვნენ მზად. ეს დიდი მეგობრობის დასაწყისი იყო.

ჩვენი გუნდი სულით მყარი იყო. მე ასევე კარგად ვურთიერთობდი ადგილობრივ ბიჭებთანაც, მაგალითად, კესპთან და ბენთან. რაც უფრო დიდ დროს ვატარებდი მათთან, მით უფრო მიყვარდებოდნენ. ხალხი ფიქრობდა, რომ მე და რობი სევეჯი ვერასოდროს ვერ შევძლებდით მეგობრობას. ბექსთან უფრო დიდი შანსი მქონდა დავმეგობრებულიყავი, ვიდრე მასთან, რადგან მისი შეხედულებები სრულიად განსხვავდებოდა ჩემისგან. იგი მუდმივას თვალისმომჭრელი ფერის ტანსაცმლით დადიოდა და თავი მუდამ უბრწყინავდა. ერთხელ იგი Tony and Guy-ის თმის სალონში წავიყვანე, რადგან მანქანა მხოლოდ მე მყავდა. მაშინ თმა მოკლედ შეიჭრა და როცა საკუთარი თავი სარკეში დაინახა, ცრემლები წამოუვიდა. იგი ამას უარყოფს, მაგრამ ეს სრული სიმართლეა.

შემდეგ ამაზე ბევრი ვიხალისეთ და სელფორდის ერთ-ერთ კლუბში წავედით.

სხვა ადგილი, სადაც დროს ტარება გვიყვარდა, ბუკმეკერული კანტორა იყო, რომელიც კლიფის მხარეს მდებარეობდა. კიტ გილესპი ჯერ კიდევ მაშინ იყო გამოცდილი მოთამაშე. მე, კესი და სევი იქ ორ ან სამ საათს ვატარებდით, ზოგჯერ ფსონსაც ვდებდით, მაგრამ კიტს ფული სულ ჰქოდა და ყოველ რბოლაზე თამაშობდა. ჩვენთვის ეს უბრალო გართობა იყო, მაგრამ კიტი ამისგან ნამდვილ სიამოვნებას იღებდა.

ერთხელ, როცა იქ ვიმყოფებოდით, ვიღაც კაცი შემოვიდა და თქვა: "ის შავი გოლფი ვის ეკუთვნის? მის დამტვრევას რამდენიმე ბიჭი ცდილობს." ჩემი შავი გოლფი იყო. გარეთ გავედი და დავინახე, რომ დაჯგუფების თავგადაპარსული წევრები ჩემი მანქანის გატეხვას ცდილობდა და რადიოს მოპარვა სურდათ.

გარეთ გავედი: "ეი, რა ჯანდაბას აკეთებთ?!" ორი მათგანი ჩემი მიმართულებით წამოვიდა. შეიძლება გრძელი ენა მაქვს, მაგრამ რიკი ჰატონი არ ვარ (ბრიტანელი ბოქსიორი). მე და კიტი კანტორაში შევიმალეთ და იქ ველოდებოდით, სანამ წავიდოდნენ.

ზემოთ თქმულის შემდეგ თქვენ, ალბათ, იფიქრებთ, რომ "იუნაიტედში" ცხოვრება ფუფუნებაა. მაგრამ ერიკმა კარგად გაგვაგებინა, რომ ლუკმა პირში თავისით არასდროს არ მოხვდებოდა. იგი გვაიძულებდა სხვადასხვა საქმის კეთებას, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.

ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როცა „ოლდ ტრაფორდზე“ გაგვიშვეს, რათა ერთ ბიჭს მინდვრის მოწესრიგებაში ან მთავარი ოფისის მილაგებაში დავხმარებოდით. სწორედ ასე მოვხვდით მე და ბენი სერ მატ ბასბის კაბინეტში. საკუთარი პრობლემების გადამკიდე, კაბინეტს ჩავუარეთ, როცა მოხუცი შოტლანდიური ხმა მოგვესმა. ეს ბასბი გახლდათ.

„გამარჯობა, ბიჭებო, როგორ ხართ? როგორ მიდის საქმეები?“

ეჭვი მეპარება, რომ იმ მომენტში რაიმე სხვას ვიტყოდით, გარდა: „კარგად, მადლობა“.

ჩვენ ვიცოდით, რომ საუბარი თვით უდიდებულესობასთან გვქონდა, ყველაფრის ღმერთთან, რაც „იუნაიტედს“ ეხება. მახსოვს, როგორ მოვუყევი ეს მამაჩემს. იგი სიცოცხლესაც დათმობდა მსგავსი შემთხვევისთვის. მას რომ მოგვიანებით შევხვედროდი, უფრო ასაკოვანი და გამოცდილი, დარწმუნებული ვარ, კითხვების ზვავს დავაყრიდი. მაგრამ მაშინ ის შემთხვევა ორმა ახალგაზრდა ბიჭმა გააფუჭა, რომლებიც ადგილზე გაქვავებულები იდგნენ.

ყოველი მსგავსი სამუშაო ერთმანეთთან დაახლოების საშუალებას გვაძლევდა, მაგრამ ნადვილი გამოცდა მოედანზე გველოდებოდა და ერიკი მომენტსაც არ უშვებდა ხელიდან, რათა თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობები შეემოწმებინა. იგი გენიოსი იყო. როცა აკადემიის ყველა ფეხბურთელი მოედანზე შეკრიბეს, მან გვითხრა: „თქვენ ნიჭიერი ფეხბურთელები ხართ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ ამიტომ იმყოფებით. მაგრამ თქვენ მხოლოდ ერთი შანსი გაქვთ და ამიტომ, დაკვირვებით უნდა მისმინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მანჩესტერული მოღვაწეობა ისე დამთავრდება, რომ მის დაწყებასაც ვერ მოასწრებთ“.

მე მას კი არ ვუსმენდი, არამედ თითოეულ სიტყვას ჰაერში ვიჭერდი. ერიკს რომ ეთქვა: „თუ ''იუნაიტედში“ თამაში გსურს, მაშინ ნაგვის ყუთში უნდა ჩახტე და იქ ორი საათი უნდა გაატარო ყოველდღე“.- მე ამას გავაკეთებდი.

მას შეეძლო, ძალიან მკაცრი ყოფილიყო. პირველ წელს, ვარჯიშის დროს, მას შეეძლო, მთელი ჯავრი ჩვენზე ეყარა. იგი გვიყვიროდა მე და კესპის იმის გამო, რომ მეორე სართულზე ორთაბრძოლას ვაგებდით, ბექსის- „ჰოლივუდური პასების“ გამო, ხოლო ბატისა და სქოულზის იმის გამო, რომ ისინი მოედნის ცენტრში პოზიციას კარგავდნენ. მისი ქებაც კი შემოწმება იყო. მოგვადუნებდა ქება თუ პირიქით, გვაიძულებდა მეტ მუშაობას?

ერიკი ბავშვებს თავისი მეთაურობის ქვეშ იყვანდა და მათგან ვაჟკაცები გამოჰყავდა. იგი ჩვენგან საუკეთესოებს ქმნიდა და რაც მთავარია, ყოველთვის აკვირდებოდა იყო თუ არა ჩვენ შორის კონკურენცია. ყოველი ვარჯიში ერიკთან თასის ფინალს უდრიდა. წლების შემდეგ, ნაკრების შეკრებებზე, სხვა მოთამაშეები გაოცებულები იყვნენ, როგორ შეგვეძლო მე, ბატისა და სქოულზს ორთაბრძოლაში ჩართვა. „კარგით რა, ბიჭებო, ეს ხომ უბრალო ვარჯიშია“,- ამბობდნენ ისინი. მაგრამ ერიკის მიდგომა ამ საკითხთან ასეთი იყო- შენ თუ ბოლომდე არ იხარჯები ვარჯიშზე, მაშინ შეგიძლია, შაბათისთვის არც მოემზადო.

იგი მოსამზადებელ თამაშებს გვიწყობდა- უფროსები უმცროსების წინააღმდეგ და არავითარი პრივილეგია. ითამაშე უფრო ხისტად. მას ნობი სტაილზი ეხმარებოდა- ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი და ადამიანი, რომლის მხარდაჭერა სულ დაგეხმარება ნებისმიერ ბრძოლაში. ერთხელ ნობიმ შემდეგი სიტყვები გვითხრა: „თქვენი საუკეთესო მეგობრები მოედანზე თქვენი ექვსი კბილანებია ბუცემზე“. რა თქმა უნდა, ერიკი და ნობი ბევრ რამეს გვასწავლიდნენ, მაგრამ ერთადერთი, რაც ჩვენს გონებაში ჩაბეჭდეს- „იუნაიტედის“ ემბლების სიყვარულია, რომელიც ნიშნავს, რომ ნებისმიერ დუელში, მხოლოდ გამარჯვებული უნდა გამოხვიდე.

ისინი გაიძულებდნენ იმის გააზრებას, თუ რაოდენ დიდი პატივია ამ გუნდში მოღვაწეობა, მიუხედავად შენი სათამაშო დონისა. შენ ირგვლივ ისტორია იწერება. ერთხელ Milk Cup-ზე გავემგზავრეთ ჩრდილოეთ ირლანდიაში და სასტუმროში გავჩერდით, რომლის მფლობელი ჰარი გრეგი გახლდათ, „იუნაიტედის“ უდიდესი მეკარე და მიუნჰენის ავიაკატასტროფის გმირი. ჩვენ ვისხედით იქ, თექვსმეტი წლის ბიჭები და ვუსმენდით ჰარისა და ნობის ისტორიებს ჯორჯ ბესტის, დენის ლოუსა და ბობი ჩარლტონის შესახებ.

ჩვენ მივისწრაფვოდით ვარჯიშისკენ, ხოლო ერიკი და ნობი ამაში ხელს გვიწყობდნენ. მუდამ ვამარცხებდით „ევერტონისა“ და „ლივერპულის“ ახალგაზრდულებს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავდათ, ისეთი როგორიც მაგალითად, რობი ფაულერია. ჯერ კიდევ მაშინ, მისი მოძრაობები საჯარიმოში ფენომენალური იყო.

მაგრამ შავი დღეებიც გვქონდა. წყვილი „ოლდჰემიდან“- იენ მარშალი და ჰრემ შარპი. ცეცხლი დაგვინთეს მოედანზე რეზერისტების მატჩში. „თქვენ რა, თავი ფეხბურთელებად მიგაჩნიათ?“- გვითხრა მაშინ ერიკმა მე და კესპის. „ჩემი ფეხები, ფეხბურთელობამდე იმდენი გიკლიათ, რამდენი მანძილიცაა აქედან მთვარემდე!“

ჩვენი პირველი წელი „ჩესტერის“ წინააღმდეგ ვთამაშობდით და პირველ ნახევარში 5-0 ვლიდერობდით. ბატიმ ჰეტ-ტრიკი შეასრულა. თითოეული ჩვენგანი კმაყოფილი იყო, როცა მოულოდნელად მწვრთნელი შემოვიდა: „რატომ აკეთებთ ამას? და რატომ არ აკეთებთ იმას?“. ხუთი გოლი, მაგრამ იგი მაინც უკმაყოფილო იყო.

ამის მიუხედავად, ჩვენი გუნდი დიდ ინტერესს იჩენდა, ვინაიდან ახალგაზრდულებში მოწინააღმდეგე არ გვყავდა, რომელიც კონკურენციას გაგვიწევდა. „იუნაიტედი“ ამ თასს 1964 წლიდან ვერ იგებდა, მაგრამ ჩვენი მოწყურებული მწვრთნელის გადამკიდე, ეს შესაძებელი გახდა.

მატჩებს კლიფზე ვატარებდით, რომელზეც ათასობით მაყურებელი იკრიბებოდა, რათა შაბათს დილით ჩვენი თამაშისთვის ეყურებინათ. იმ მაყურებლებს შორის პირველი გუნდის წევრებიც იყვნენ, რომლებიც დამატებითი ენერგიით გვაჯილდოვებდნენ. ჩვენი თავდაჯერებულობა იმისა, რომ ნებისმიერს დავამარცხებთ, იზრდებოდა და იზრდებოდა.

იზრდებოდა ასევე რწმენა საკუთარ თავში. არასდროს არ მეგონა, რომ დაცვის ცენტრში შევძლებდი თამაშს, მაგრამ სწორედ ამ პოზიციაზე დავასრულე ჩემი პირველი წელიწადი ახალგაზრდულ გუნდში. კონკურენციის გათვალისწინებით, ნათელი იყო, რომ ნახევარდაცვაში თავს ვერ შევყოფდი. შედეგად, ერიკმა უკან დამწია და გამაფრთხილა: „თუ მართლა გეგმავ დაცვაში თამაშს, მაშინ ბრძოლას უნდა მოუმატო“. ახლა ძალიან სახალისოდ ჟღერს, მაგრამ ვერ ვიტანდი ამ პოზიციას, ვინაიდან სულ „დირიჟორის“ როლი მიზიდავდა.

ჩემი პირველი სერიოზული შემოწმება დაცვის ცენტრში „სანდერლენდთან: მატჩი იყო თასზე. ისე, როგორც მაშინ, არასდროს არ მინერვიულია, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ და თვითდაჯერებაც მომემატა. პირველად ვიგრძენი თავი ამ გუნდის ნაწილად.

ყველამ იცოდა, რომ ჩვენს რიგებში გენიოსი დაიკარგა, სახელად რაიან გიგზი. მისი თამაში იმდენად გასაოცარი იყო, რომ რეგულარულად პირველ გუნდში იძახებდნენ. შედეგად, იგი ჩვენთანაც ასწრებდა თამაშს და ძირითად გუნდშიც. ის, რასაც გიგზი აკეთებდა ჩვიდმეტი წლის ასაკში, რთული აღსაწერია. იგი არაჩვეულებრივად გრძნობდა თამაშს, მისი ზიგზაგისებური მოძრაობები მაქსიმალურ სიჩქარეზე, ნებისმიერ მცველს „მოსვამდა უკანალზე“. ვარჯიშებზე ხშირად ვიყავი ასეთი მცველის როლში. წლების განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთის პირისპირ და, ალბათ, შემთხვევა არ ყოფილა, რომ მას მსგავს სიტუაციაში არ ჩავეგდე.

მისმა უნივერსალურობამ ორი ათწლეულის მანძილზე საშუალება გიგზს მისცა, გამხდარიყო „იუნაიტედის“ ლეგენდა. ახალგაზრდულში იგი ხშირად ცენტრფორვარდის როლს ასრულებდა. ეს ერთადერთი ადგილი იყო გუნდში, რომლის გაძლიერებას ვერ ვახერხებდით, ვინაიდან გამტანი ფეხბურთელი არ გვყავდა. სევი და კოლინ მაკკი არასდროს არ იყვნენ გოლეადორები.

თავდმსხმელი- ეს პოზიციაა, რომელზეც თავის გამოჩენა ყველაზე რთულია, მით უმეტეს, ისეთ გუნდში, როგორიც „იუნაიტედია“. თავდასხმის ხაზი და მეკარეები- ფეხბურთელებს ამ პოზიციაზე გუნდი უფრო ყიდულობდა, ვიდრე ზრდიდა. თუმცა, გიგზს არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. ჭაბუკთა თასის ფინალამდე მისვლა 1992-ში არც ისე მარტივი იყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს ჩვენს არაჩვეულებრივ თამაშს და იმას, თუ რა დონის კონკურენცია გვქონდა შემადგენლობაში, ვინაიდან სქოულზი ვერც შემადგენლობაში მოხვდა და ვერც სათადარიგოზე. რის გამოც, იძულებული გახდა, საკუთარ თავზე ემუშავა. გამარჯვებამ პირველ მატჩში „კრისტალ პელასის“ წინააღმდეგ ამგარიშით 3-1, კიდევ უფრო დიდი შანსი მოგვცა ჩემპიონობაზე. 14,681 მაყურებლის თვალწინ გუნდმა- პილკინგტონი-სვიტცერი, ნევილი, კასპერი, ო’კეინი-ტორნლი, ბექჰემი, ბატი, დევისი-გიგზი, მაკი (სევეჯისთან და გილესპისთან ერთად სათადარიგოზე), „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ მეორე შეხვედრაშიც ანგარიშით 3-2 გაიმარჯვა. გიგზმა თავს ზემოთ ასწია პირველი თასი ჩვენს ცხოვრებაში.

არ მისცეთ თავს იმის უფლება, რომ მსგავსი მომენტი წამით მაინც დააკნინოთ. თექვსმეტი და ჩვიდმეტი წლის ბიჭებმა პირველად იგემეს გამარჯვების გემო. ღმერთია მოწმე, ჩვენ ეს ძალიან მოგვეწონა.

იმდენი გამარჯვების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით, ჭაბუკთა თასი ყველაზე გამორჩეულია, რადგან ჩემში სიამაყის შეგრძნებას იგი დღემდე აღვიძებს. განა იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი ვიშრომეთ ამ გამარჯვებისთვის. არა, უბრალოდ, ის გუნდი ფანტასტიკური იყო და მე მისი ნაწილი ვიყავი. გუნდში ძმური ატმოსფერო სუფევდა, იმიტომ, რომ ბიჭებს ერთმანეთი გვიყვარდა.

გარდაუვალი იყო, რომ ყურადღების ცენტრში გიგზი, ბექსი, ბატი, სქოულზი, მე და ფილი ვიმყოფებოდით, მაგრამ ექვს ფეხბურთელზე კონცენტრირება იმ ფენომენალური გუნდის ღალატს ნიშნავდა.

აიღეთ მაგალითად, სევი. იგი „იუნაიტედის“ ერთ-ერთი საუკეთესო აღზრდილი ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს იგი გაუშვეს. სინამდვილეში, იგი არ გამოირჩეოდა განაკუთრებული ნიჭით, როგორც გუნდის სხვა ფეხბურთელები და ვერ გახდებოდა „იუნაიტედის“ თავდამსხმელი, მაგრამ მან არაჩვეულებრივი კარიერა შეიქმნა ფეხბურთში. როდესაც მან „ოლდ ტრაფორდი“ დატოვა და „კრიუ ალექსანდრაში“ გადაბარგდა დიდი შესაძლებლობა იყო იმისა, რომ იგი დაიკარგებოდა დიდ ფეხბურთში. მაგრამ მან შეძლო პრემიერლიგაში დაბრუნება და არაჩვეულებრივი კარიერაც ჩაატარა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი კარიერის ფუნდამენტი „იუნაიტედში“ გატარებული წლები გახდა.

იმისთვის, რომ გავიცინო მე უბრალოდ ტელევიზორს ვრთავ და ვუყურებ მას. ვხვდები, რატომ ფიქრობდნენ მასზე, როგორც მეხუთე ბორბალზე. მაგრამ ნუ დააკნინებთ მის კარიერას.

კიტსაც არაჩვეულებრივი კარიერა აქვს ზურგს უკან, მათ შორის ,ჩემპიონთა ლიგა „ნიუკასლთან“ ერთად. კესპი კლასიკური ცენტრალური მცველი იყო, სანამ საშინელი ტრავმა არ მიიღო და ერთ-ერთი ახალგაზრდა მწვრთნელი არ გახდა ლიგაში, როცა „ბიერის“ ჩაუდგა სათავეში. ამ მომენტისთვის იგი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ განყოფილებაში მუშაობს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს ასწავლის იმას, რაც თვითონ ისწავლა ერთ დროს „იუნაიტედში“. ბენსაც შეეძლო კარგი განაპირა მცველი გამხდარიყო, რომ არა ტრავმა. კევინ პილკინგტონმა საკუთარ ანგარიშზე ასზე მეტი მატჩი ჩაიწერა ლიგაში.

ჯონ ო’კეინის დავიწყებაც არ შეიძლება. ფეხბურთელი, რომელიც ვარსკვლავებს ეთამაშებოდა. ჯონი არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, მარჯვენა მცველი მეტი ბაზური მონაცემებით ვიდრე მე. სიმაღლე 182 სანტიმეტრი, არაჩვეულებრივად ფლობდა ბურთს, სწრაფი და ორფეხა. მაგრამ იგი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც არ ითვალისწინებდა ჩვენს პრინციპებს.

უეფას მატჩში ვოლგოგრადის „როტორას“ წინააღმდეგ 1995 წლის სეკტემბერში ფილი მარცხენა მცველად დააყენეს, ხოლო ჯონი- მარჯვენად. თუმცა გახურების შემდეგ, ჯონი მივიდა მწვრთნელთან და სთხოვა, რომ იგი მარცხენა ფლანგზე გადაეყვანა. ახალგაზრდა მემარჯვენე მცველი 15 წუთით ადრე მატჩამდე სთხოვს მწვრთნელს, რომ იგი მარცხენა ფლანგზე გადაიყვანონ. მწვრთნელმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ ჯონმა მოედანზე მხოლოდ 27 წუთი გაატარა და ამ ინცედენტის შემდეგ იგი „იუნაიტედის“ შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა.

არ მინდა ჯონის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მან საკუთარი პოტენციალის ნახევარიც ვერ გამოიყენა შემდეგ გუნდებში, სადაც თამაშობდა ( „ევერტონი“ და „ბიერი“). ხოლო კარიერა „ჰაიდ იუნაიტედში“ დაასრულა.

ასეთი არ ხდება, რომ ახალგაზრდულის ყველა ფეხბურთელი პროფესიონალურ დონეზე გადავიდეს, მაგრამ თითოეულ ფეხბურთელს ჩვენი გუნდიდან ამის დიდი შანსი ჰქონდა. მხოლოდ ჯორჯ სვიცერმა და სევმა ვერ შეძლეს ვერცერთი მატჩის ჩატარება „იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში. თერთმეტი ფეხბურთელი ცამეტიდან ძირითად შემადგენლობაში იყო. რომც არ ჩავწვდეთ დეტალებს, ეს უკვე დიდი მიღწევაა. მეტს ვიტყვი, არაჩვეულებრივი შედეგია!

გყავდეს ჯგუფი, რომელიც ფლობს სათამაშო ნიჭს, თვითონ ითხოვს ვარჯიშს გუნდის სიყვარულის გამო- ალბათ, ამაზე ნებისმიერი გუნდი იოცნებებდა. ვერავინ შეძლო ჩვენ დონემდე მოსვლა. ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით, უფრო უკეთ ვიყავით მომზადებულები და ვფლობდით საუკეთესო მონაცემებს, ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგე. და რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, მოტივაციას გვაძლევდა არა ფული, არამედ ის, რომ ვთამაშობდით „იუნაიტედში“.

რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მიუხედავად იმ ფინანსური მხარდაჭერისა, დღემდე ვერ შეძლეს ისეთი ჯგუფის აღზრდა, როგორიც ჩვენი იყო. არცერთი ინგლისური გუნდი არ აკლავს საკუთარ თავს თავიანთ ახალგაზრდულ გუნდზე. მაგრამ მიაღწიო წარმატებას „იუნაიტედის“ ახალგაზრდულში- უნდა იყო საუკეთესოზე საუკეთესო.

ჩვენი თაობა იმდენად იშვიათი იყო, რომ არც მინდა იმაზე ფიქრი, თუ როდის შეიძლება მოევლინოს სამყაროს მსგავსი ჯგუფი. ფერგის ბარტყები- ეს მეტსახელი ვერ ჩაანაცვლებს მსოფლიოში უდიდეს ტიტულებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ტანში ჟრუანტელი მივლის, როცა ვიხსენებ, რომ ვიყავი გუნდის ნაწილი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა ისტორიაში.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია
6 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
11 დეკემბერი 2015 19:03
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვერ აღვწერ, რამხელა სიამოვნებაა თითოეული წინადადების წაკითხვა! რა სიამაყით ვკითხულობდი და ტანში ჟრუანტელი მივლიდა მეც!
ჩვენ ვიცოდით, რომ საუბარი თვით უდიდებულესობასთან გვქონდა, ყველაფრის ღმერთთან, რაც „იუნაიტედს“ ეხება. მახსოვს, როგორ მოვუყევი ეს მამაჩემს. იგი სიცოცხლესაც დათმობდა მსგავსი შემთხვევისთვის.

feel
ერიკს რომ ეთქვა: „თუ ''იუნაიტედში“ თამაში გსურს, მაშინ ნაგვის ყუთში უნდა ჩახტე და იქ ორი საათი უნდა გაატარო ყოველდღე“.- მე ამას გავაკეთებდი.

ჩვენი თაობა იმდენად იშვიათი იყო, რომ არც მინდა იმაზე ფიქრი, თუ როდის შეიძლება მოევლინოს სამყაროს მსგავსი ჯგუფი. ფერგის ბარტყები- ეს მეტსახელი ვერ ჩაანაცვლებს მსოფლიოში უდიდეს ტიტულებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ტანში ჟრუანტელი მივლის, როცა ვიხსენებ, რომ ვიყავი გუნდის ნაწილი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა ისტორიაში.

წლები გავა, საუკუნეები, მაგრამ სამყაროს მსგავსი ჯგუფი ვეღარ მოევლინება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: GeorgeBest
11 დეკემბერი 2015 20:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მართლა იშვიათია ესეთი თაობა და ოდესმე კიდევ თუ ეღირსება ამ გუნდს, ან თუნდაც სხვა რომელიმეს გამიხარდება winked პირველ რიგში მათი კარგი თამაში ალბათ ესეტი მეგობრობიდან და რა თქმა უნდა გუნდის სიყვარულიდან გამომდინარეობდა. სხვებივით როცა ფულზე არ ფიქრობ და შენი მზიანი მხოლოდ გამარჯვებაა და საამაყოა "იუნაიტედის" ფეხბურთელობა, მაშინ ყველაფერი იდეალურად გამოგივა
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 დეკემბერი 2015 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეს ის გამონაკლისი (ანუ კარგი) სტატია, რაც მე ბოლო დღეებში იუნაიტედზე წავიკითხე. winked

მართლა რაღაც განსაკუთრებული თაობა იყო ეს თაობა და სასწაული უნდა მოხდეს ალბათ, რომ ესეთი სიყვარულით და ესეთი პროფესიონალიზმით მიუდგნენ იმ სურვილს რასაც მანჩესტერის სიყვარული ქვია.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
12 დეკემბერი 2015 10:33
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ გარი არ არის ცვაიგი, რემარკი, ბრონტე და არც სხვა კლასიკოსი, მაგრამ საოცრად ემოციურად წერს. გულშემატკივრისთვის სულ სხვა ეფექტი აქვს გულშემატკივრის ნაწერს, ამიტომ საოცარი გამოდის.

საიდან იწყება და სადამდე მიდის ამ ადამიანების ისტორია, რა გზა განვლეს და ამ გზის მხოლოდ რაღაც ნაწილს მოვესწარით ჩვენ, ამიტომ ორმაგად მაინტერესებს რა ხდებოდა მანამდე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: AkkRed
13 დეკემბერი 2015 09:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველაზე მეტად ის მაინტერესებს დღევანდელი რეზერვები როდესაც კარიერას დაასრულებენ რა ექნებად დასაწერი. "მე და ჩემმა ერთმა გუნდელმა ვიყიდეთ მანქანა, სახლი, აგარაკი და ა.შ" რაღაც ამის მსგავსი მგონია ეწერება. აქ კი ამ წიგნში სრულიად სიყვარულია ასახული გუნდის მიმართ და თვითონ გუნდის შემქნელი პირების მიმართ. არ ვიცი შეიძლება ძალიან ღრმად ვუდგები, მაგრამ ასეთი "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვერ გახდები, სანამ ასე "იუნაიტედზე" შეყვარებული კაცი არ გაგწვრთნის.
0
№6
ავტორი: Count Alucard
14 დეკემბერი 2015 18:07
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მოტივაციას გვაძლევდა არა ფული, არამედ ის, რომ ვთამაშობდით „იუნაიტედში“.


ნეტა ახლანდელმა ფეხბურთელებმა რამეისწავლონ გარისგან და მიხვდნენ, რომ თამაშია მოტივაცია და არა ფული... recourse
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top