თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2015, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 9576,
კომენტარები: 4
სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი II)
თავი V
სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი II)
სხვების შთაგონება

თუ მხოლოდ მათრახით იმოქმედებ, ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ვერ მიიღებ. თუმცა შეიძლება სხვა რამ სცადო: დაიმსახურო პატივისცემა, გამარჯვებებს მიაჩვიო და დაარწმუნო, რომ მოთამაშეებს უფრო მეტიც შეუძლიათ. არა მგონია, არსებობდეს თანამოდროვე ხანგრძლივი პერსპექტივის მქონე მწვრთნელი, რომელიც მხოლოდ ტერორს ეყრდნობა. ენერგეტიკის მიხედვით ყველაზე ძლიერი ფრაზა არის "შესანიშნავად უმკლავდები!"

გუნდის ხელმძღვანელობაში ლომის წვლილი ის არის, რომ აღმოაჩინო ადამიანებში დამატებითი უნარები, რომელთა შესახებ თვითონაც კი არ იციან.

ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა გასული სეზონი დაივიწყონ, მიუხედავად მისი შედეგისა. თუ წარმატება გვხვდებოდა, არავინ იძლეოდა მისი ავტომატურად გამეორების გარანტიას. ხოლო თუ წელი არ გამოდიოდა, შავი ფონი უნდა გაგვეთეთრებინა.

წინასასეზონო მომზადებისას ჩემთან სამწვრთნელო შტაბი მოდიოდა და ახალ იდეებს განიხილავდა, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებთან ერთად გასულ წელთან დაკავშირებით გლობალურ გამოკვლევებს არ ვაწარმოებდი. უმჯობესია ბიჭები ირგვლივ შეკრიბო სავარჯიშო მოედანზე და კვლავ გაუსვა ხაზი გამარჯვების სურვილს.

ფეხბურთელებს ვეკითხებოდი, რამდენი მედალი ჰქონდათ და თუ პასუხად ათზე ნაკლებ რაოდენობას ვიღებდი, ვეუბნებოდი, რომ "იუნაიტედის" ფეხბურთელები ჯერ არ არიან. მახსოვს, როგორ ვუთხარი რიო ფერდინანდს, რომ არც კი უნდა ეფიქრა "იუნაიტედის" ფეხბურთელობაზე, სანამ გიგზს არ გაუთანაბრდებოდა. რა თქმა უნდა, მისია შეუსრულებელი იყო.

რთულ დავალებებთან გამკლავება უფრო ადვილია, როცა ირგვლივ მყოფი ფეხბურთელები შენთან ერთად ერთ ტალღაზე იმყოფებიან. და თუმცა ჩემი სტილი არ არის პოპულარულობის დევნა, ყოველთვის ვცდილობდი, განსაკუთრებული ყურადღება მიმექცია უხილავ ფრონტზე მყოფი მებრძოლებისთვის - იქნებოდა ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" თუ ჩემი სხვა გუნდების ფეხბურთელები.

საუბარი მაქვს მრეცხავებზე, გაზონის შემცვლელებზე, ოფიციანტებზე... ეს ხალხი მილიონებს ვერ შოულობს, არ უკეთიათ მდიდრული საათები და "ბენტლით" ვერ დადიან - კლუბის ფუძე სამსახურში ავტობუსით მისვლას ამჯობინებს. მათი უმრავლესობა "იუნაიტედში" უფრო დიდხანს იმყოფება, ვიდრე რაიან გიგზი და სწორედ ისინი ქმნიან გუნდურ უწყვეტობასა და დიდებულ მემკვიდრეობას. ჩემთვის არ იყო რთული მათთან გათანაბრება, რადგან ისეთი ვარ, როგორიც ისინი.

ზოგიერთი მენეჯერი ცდილობს ფეხბურთელისთვის "თავისიანი" გახდეს - ერთგვარი "ძმები" გასახდელში. ასეთი მიდგომა არ ჭრის. საჭიროა მიაღწიო დაფასებას და არა თანასწორობას. არსებობს გარკვეული საზღვრები, რომლისგან გასვლა პრობლემებს იწვევს.

როცა "რეინჯერსში" ვთამაშობდი (1967-1969 წწ), ხელმძღვანელობამ ახალი მწვრთნელი დაიქირავა, დევიდ უაიტი. კარგი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც კლუბიდან წასვლამდე ყოველთვის ჯოკ სტეინისა და მისი "სელტიკის" ჩრდილქვეშ იმყოფებოდა. მოთამაშეები არცთუ ძალიან აფასებდნენ უაიტს, რადგან ის ცდილობდა ფეხბურთელებისთვის ძმაკაცი ყოფილიყო და არა მწვრთნელი.

სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი II)

ალექს ფერგიუსონი და ჯიმ ბაქსტერი "რეინჯერსში" ვარჯიშისას, 1969 წელი.


იმ წლებში მსგავსი სიტუაცია იყო "იუნაიტედშიც" - სერ მეტ ბასბის წასვლის შემდეგ მწვრთნელის პოზიცია უილფ მაკგინესმა დაიკავა. გარდა იმისა, რომ მას სამუშაოს გამოცდილება არ ჰქონდა, თავის თანაგუნდელებს ავარჯიშებდა! ყველაზე უარესი პირობები სამუშაოდ, რაც კი შეიძლება მოგაფიქრდეს.

ჩემი წინამორბედი რონ ატკინსონი უფრო გამოცდილი და უილფზე წარმატებული იყო, მაგრამ ისიც ცდილობდა ფეხბურთელებს დამეგობრებოდა იმავე მიდგომით. ასე უბრალოდ არ შეიძლება. დაიკავეთ დისტანცია და არაფერი სხვა.

მოთამაშესა და მწვრთნელს შორის მანძილი სხვადასხვანაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს. მაგალითად, მე ავტობუსში ყოველთვის წინა სკამზე ვიჯექი, ფეხბურთელები კი ოდნავ უკან. მათ ყველაფერი ესმოდათ და, როცა წვეულებებს აწყობდნენ, სადაც სამწვრთნელო შტაბსაც კი იწვევდნენ, მე არასდროს მპატიჟებდნენ. არ ვბრაზდებოდი, პირიქით, ვთვლიდი, რომ ასეც უნდა ყოფილიყო.

არასდროს ვყოფილვარ ფეხბურთელების ქორწილზე, გარდა "აბერდინში" ყოფნისას ერთი შემთხვევისა. არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთა არ ღირს და ბიჭები ჩემს გადაწყვეტილებას აფასებდნენ. ჯოკ სტეინი ამბობდა: "ფეხბურთელებს არ ვიყვარებ - ისინი გიღალატებენ". სამწუხარო სიტყვებია, მაგრამ ჯოკი მართალია. არ უნდა მიეჯაჭვო ადამიანებს, რომლებიც შენთან ერთად მუშაობენ.

ერთადერთი გამონაკლისია შემთხვევა, როცა ფეხბურთელს რჩევის მიცემით ეხმარები. ბიჭებს რჩევებით უთვალავჯერ ვეხმარებოდი და ვამაყობ, რომ ასე ხშირად მომმართავდნენ, რადგან იცოდნენ, რომ საუბარი ჩვენ შორის დარჩებოდა. ასეთ დროს თავი მამა, ადვოკატი და მოძღვარი მეგონა... ვინც გინდა, მთავარია - პრობლემის გადაჭრაში დახმარება. და მას შემდეგ გუნდის რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი მოდის ჩემთან რჩევის საკითხავად. აი ისიც - ნდობა, რომელიც მყარ ურთიერთობას ეფუძნება.

როცა მოთამაშეები ასაკში შედიოდნენ, მათთან ლოიალური მხოლოდ იმის გამო ვერ ვიქნებოდი, რომ კლუბში ბევრი მატჩი ჩაატარეს. ფეხბურთელები ყველაფერს მოედანზე ამტკიცებენ. ეს არ იტყუება. მიხდებოდა უმოწყალო ვყოფილიყავი და რთული გადაწყვეტილებები მიმეღო.

ფეხბურთელებისგან ჩემდამი სიყვარულს არ მოველოდი, მაგრამ არც სიძულვილი უნდა არსებულიყო, თორემ როგორ მიიღებდი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს? ერთადერთი რამ, რაც მჭირდებოდა - დაფასება და ჩემი მითითების მიმდევრობისთვის მზადყოფნა იყო.

თუ ადამიანებს ვერ უგებთ, რთულია მათი მოტივირება. ეს გაკვეთილი რამდენიმე წლის წინ ერთმა პატარა ბიჭმა მასწავლა შოტლანდიაში. როცა "აბერდინს" ვწვრთნიდი, გლაზგოში ყოველ ხუთშაბათს ჩავდიოდით, სინთეტიკურ მოედანზე პატარებს ვარჯიშებს ვუტარებდით და საუკეთესოებს ვეძებდით. ერთხელ ღამით იქ სპორტულ კოსტიუმში ჩაცმული ვიყავი, რაზეც ჩემი ინიციალები - AF იყო ამოკვეთილი. ბიჭი დავინახე, რომელიც შვიდი წლის იყო და სიგარეტს ეწეოდა. ვუთხარი: "სიგარეტი პირიდან გამოიღე, შვილო. რას იტყოდა მამაშენი, რომ დაენახა, როგორ ეწევი?" ბიჭმა შემომხედა და მითხრა: "გაა***!" და თვალს მოეფარა. ჩემი დამხმარე, არჩი ნოქსი, ამ სცენის დანახვისას ახარხარდა.

სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი II)

"აბერდინის" პირველი გამარჯვება 1979/80 წლების სეზონში ფერგიუსონის თაოსნობით


მაგრამ, როცა ამ ინციდენტის შესახებ ფიქრი დავიწყე, მივხვდი, რომ ამ ბიჭის შესახებ არაფერი ვიცოდი. წარმოდგენა არ მქონდა, საიდან იყო წარმოშობით, ვინ იყვნენ მისი მშობლები, დასცინიან თუ არა მას მეგობრები და რატომ ავლენს ასეთ სიბოროტეს სხვების მიმართ. თუ არ იცი ვინმეს ხასიათი, ბევრს ვერ მიაღწევ. სანამ ფეხბურთელებს გავიფორმებდით, მით უმეტეს ახალგაზრდებს, ყოველთვის ვცდილობდი გამეგო პირობების შესახებ, რომელშიც იზრდებოდნენ. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების პირველი 10 ან 12 წელი უდიდეს გავლენას ახდენს მათ ქცევებზე უფროს ასაკში.

მოტივაციის მეორე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი - მუდმივობაა. როცა ლიდერი ხარ, ნავს ვერ ააყირავებ. ხალხი შენი საზღვრებისადმი შენს უშრეტ რწმენას უნდა გრძნობდეს. თუ მოთამაშე ამას ვერ გრძნობს, გუნდს ძალიან მალე დაკარგავ. ხანდახან, ფეხბურთში ჩნდება თეორია ფეხბურთელების შესახებ - "მწვრთნელისთვის თავდაზოგილები" - და ხანდახან ეს მტკიცდება. თუ ასე მოხდება, ასეთი მწვრთნელი, შეიძლება ითქვას, მკვდარია. მან თავისი მთავარი ვალდებულება, სხვების წინამძღოლობა ვერ შეასრულა.

არამიმდევრულობა მაშინ უნდა გამოიჩინო, როცა ცვლილელები შეგაქვს. ეს განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს ცვალებად სამყაროში. ხანდახან, როცა რაღაც არ გამოგვდიოდა, მინდოდა მაშინვე გარდამექმნა მთელი სისტემა. ასე არ ხდება. ხანდახან, როცა ვმარცხდებოდით, მიგვანიშნებდნენ, რომ ვარჯიშები უნდა გაგვეადვილებინა, აქ შეგვეცვალა, იქ გარდაგვექმნა, ტექნიკის ვარჯიშის გარდა "ორმხრივები" მოგვეწყო და ასე შემდეგ. ასეთ პროვოკაციებზე არასდროს ვეგებოდი. სტადიონი სავსე იყო ხალხით, რომლებიც ქუჩებში"კედელს" "კედელზე" ათამაშებდნენ. ტექნიკური უნარების მუდმივი განვითარება და ტაქტიკაზე მუშაობა უკეთეს შედეგამდე მიგვიყვანდა, არ ვაპირებდი სხვების სასარგებლოდ ჩემი მიდგომის შეცვლას.

ლიდერები ხშირად ვერ ხვდებიან ან არ აფასებენ სხვა ფეხბურთელებისთვის მათი არსებობის მნიშვნელობას. ვერავინ ხედავს საკუთარ თავს ისე, როგორც მას ხედავენ გვერდიდან. ამას ვერასდროს მივხვდებოდი, ერთ დღეს ჩემთან რიო რომ არ მოსულიყო შეკითხვებით. საზღვრებს მიღმა ყოფნისა და ერთი ფეხბურთელის თამაშის ანალიზირებისას ერთი სავარჯიშო სესია გამოვტოვე. რიომ მაშინ მითხრა: "სად იყავით? როცა არ ხართ, ყველაფერი ცუდად მიდის". უმნიშვნელო იყო, რომ კარლუშ კეირუში ჩემი პროგრამის მიხედვით ჩვეულებრივ რეჟიმში აწარმოებდა ვარჯიშებს. ფერდინანდმა ჩემი არყოფნა შენიშნა და, ალბათ, ზოგიერთი ფეხბურთელი ოდნავ მოდუნდა, რადგან მოედნის კიდესთან არ ვიდექი. არ ვიცი, ეს მართლა მოხდა თუ არა, რადგან იქ არ ვიყავი - და შესაძლოა, სწორედ ამაშია მთელი არსი.

რიოს შენიშვნას სერიოზულად მივუდექი. ამის შემდეგ, თუ მოთამაშის ან გუნდის თამაშის სანახავად წავიდოდი, კერძო თვითმფრინავს ვქირაობდი, რათა მომდევნო დღეს სავარჯიშო მოედანზე ვყოფილიყავი მაშინაც კი, თუ დასაძინებლად ღამის 2 საათზე დავწვებოდი. აი რას მივხვდი უცებ: ვარჯიშის დროს ერთი სიტყვაც რომ არ მეთქვა (იშვიათად ვლაპარაკობდი ბევრს), ჩემი იქ ყოფნა ფეხბურთელებს უფრო აქეზებდა, ვიდრე მე მეგონა. ნებისმიერი ვინმე, ვინც ხალხზე აგებს პასუხს, ძლიერი პიროვნება უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველი დიალოგის დროს თანამოსაუბრე უნდა დაჯაბნო ან მთელი ძალით ილაპარაკო. ზოგიერთ მშვიდ ადამიანს ძლიერი ხასიათი აქვს და არ ფიქრობს როდის და რა თქვას. ძლიერი ხასიათი - ეს ძალისა და სიმტკიცის მაჩვენებელია.

ფეხბურთელებთან ერთად უფრო მეტს ყოველთვის ვაღწევდი ქებით და არა კრიტიკითა და დაცინვით. ფეხბურთელებს, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, ემოციები გააჩნიათ: საკუთარი თავის საშინელი ურწმუნოებიდან ჭარბ თავდაჯერებულობამდე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაგეგო, ამ დიაპაზონის რომელ სტადიაზე იყვნენ ფეხბურთელები ყოველდღე. თუ აპირებთ წარმატებული მოტივატორი იყოთ, უნდა იცოდეთ, როდის დაეხმაროთ ადამიანებს შიშთან გამკლავებაში და როდის დააშოშმინოთ თავდაჯერების დროს. ხალხი ბოლომდე იხარჯება მაშინ, როცა იციან, რომ ლიდერის ნდობა აქვთ.

მამაჩემი სიტყვაძუნწი იყო. გაუმეტებლად მაქებდა. ერთადერთი, რაც მას უნდოდა ის იყო, რომ ფეხზე მყარად დავმდგარიყავი და ადამიანად დავრჩენილიყავი. ერთხელ, როცა სამი გოლი გავიტანე ერთ მატჩში და სახლში დავბრუნდი, უბრალოდ ჯოხი აიღო და მითხრა: "კარში ცოტას ურტყამ. ცოტა პასს აკეთებ".

სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი II)

ალექს ფერგიუსონის მშობლები, ალექსანდრი და ელიზაბეტი


ვფიქრობ, მამაჩემის შენიშვნები მაიძულებდა უფრო მეტი მეშრომა, რადგან მისი პირიდან საქებარი სიტყვების მოსმენა მინდოდა. მაგრამ ძალიან სამწუხარო იყო ასეთი შენიშვნების მოსმენა კარგი თამაშის შემდეგ. მისგან განსხვავებით, დედა და ბებია უამრავი კომპლიმენტით მამკობდნენ, ჩემი გამარჯვებებით გამოწვეული მათი სიხარული ნათელი იყო. დასჯის მეთოდს მაშინ იყენებდნენ, როცა საჭირო იყო და მაქეზებდნენ, რათა მეფიქრა, რომ ყველაფერი შემეძლო.

არ ვერიდებოდი ფეხბურთელის გაკრტიკებას, როცა ვგრძნობდი, რომ მისი დახმარება შემეძლო, მაგრამ ამის გაკეთებას პოზიტიურად ვცდილობდი. მაგალითად, ახალგაზრდა ფეხბურთელს ვეუბნებოდი, რომ მისი სათამაშო მანერა უფრო ეფექტური გახდებოდა, თუ პარტნიორს ხშირად მიაწვდიდა ბურთს. ასეთი მიდგომა დიდი ალბათობით უფრო იმოქმედებს, ვიდრე სულში ჩაფურთხება: "ცალკე იქნები და ვერაფერს მიაღწევ!". ვცდილობდი, მატჩის შემდეგ ფეხბურთელი არ გამეკრიტიკებინა. მათზე ისედაც ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენდა ზეწოლას ჩემი დახმარების გარეშეც კი.

კრიტიკას პირადი საუბრისთვის ვინახავდი, რომელსაც ცნობისმოყვარე თვალისგან მოშორებით ვაწარმოებდი. ვცდილობდი, მოთამაშე კრიტიკისგან დამეცვა, როცა არ გააკეთებდა პასს, რომელსაც შეიძლებოდა გოლი მოჰყოლოდა, ან როცა ვერ გამოიყენებდა ასპროცენტიან მომენტს, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო.

რთული არ იყო პრესისთვის გამზადებული პასუხი გაგეცა: "მსაჯი ჩვენ წინააღმდეგ იყო", "გადამწყვეტი პენალტი არ დაგვინიშნეს", შეიძლებოდა ბევრ ტრავმირებულ ფეხბურთელზე დამეჩივლა ან ძალიან გადატვირთულ სეზონზე. ვცდილობდი, ფეხბურთელისთვის ზეწოლა მომეხსნა, არც მე, არც სხვა ვინმეს არ უნდა გაეხსენებინა მისი შეცდომა. ბევრი ფეხბურთელი გრძნობს ზეწოლას, როცა გუნდს ღალატობს. ჩემი პირველი დავალება ჯერ მოთამაშის დაცვა, შემდეგ კი ყველაფერში გარკვევა იყო.

ყველას თავისებური ხასიათი აქვს, ამიტომ ფეხბურთელებს სხვადასხვაგვარად უნდა მიუდგე და მხარი დაუჭირო. ზოგიერთ ფეხბურთელს ძალიან ცოტა სჭირდებოდა. ეს განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებს ეხება, რომლებმაც უკვე რამდენიმე ასეული მატჩი ჩაატარეს. ასეთ ფეხბურთელებში სულიერი თავდაჯერებულობა სუფევს და ჩემი უსიტყვოდ ესმით. ახალგაზრდა მოთამაშეს და მათ, ვინც რაღაც მიზეზის გამო ნაკლებად თავდაჯერებულია, სხვაგვარად უნდა მიუდგე.

ხანდახან ზოგიერთი ფეხბურთელის შიშის ფაქტორს არ ვაფასებდი. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებმაც "იუნაიტედში" უამრავი წელი გაატარეს, საკმაოდ შეშინებულები იყვნენ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების გამო. მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ მდგომარეობაში იქნებოდა მოთამაშე, რომელიც საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა და ინგლისში არასდროს უთამაშია. ხანდახან არც კი ესმოდათ, რაზე იყო საუბარი. ტიმ ჰოვარდი, რომელიც 2003 წელს ამერიკული "მეტრო სტარზიდან" შევიძინეთ და რომელიც თითქმის მაშინვე მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, უცებ მიხვდა, რა განსხვავება იყო მის ყოფილ კლუბსა და "იუნაიტედს" შორის. ის მალე უნდა შეჩვეოდა იმას, რომ ბიჭები, რომლებსაც თავის კერპებად თვლიდა, ახლა მისი თანაგუნდელები იყვნენ და ამასთან ერთად ჩემს აგრესიულ და პირდაპირ სამმართველო სტილს. არ ვარ დარწმუნებული, რომ არსებობს რამე, რაც ვინმეს მოამზადებს გლაზგოს სტილის პირდაპირობისთვის, რომელსაც გემთსაშენში მომუშავე კაცის შვილი უმოწყალოდ ნერგავს. გარდა ამისა, ეს შოტლანდიელი ახლა შენი ბედის მბრძანებელიც არის

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ფეხბურთელებს სწყინდათ, როცა რომელიმეს განსაკუთრებულად ვექცეოდი. შესაძლოა, ასეც იყო, თუ საქმე განსაკუთრებულ მოთამაშეს ეხებოდა. მაგრამ ხანდახან გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც თავის პიროვნებასთან სხვაგვარ მოპყრობას იმსახურებდა. ერიკ კანტონა ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. სანამ "იუნაიტედში" გადავიდოდა, სხვა კლუბებში არადისციპლინირებული მეამბოხის სახელი გაითქვა. მისი დარღვევების სია საშინლად გრძელი იყო. მას გარკვეულწილად დემონად მიიჩნევდნენ. ეს ჩემთვის უმნიშვნელო იყო. როცა საქმე გაქვს ხალხთან, რომელთაც უჩვეულო ნიჭი გააჩნიათ, მათთან სხვაგვარ მოპყრობას აზრი ეძლევა.

ყურადღებას არ ვაქცევდი ადრე მომხდარ ფაქტებს და ერიკს ისე ვექცეოდი, როგორც კლუბის ჩვეულებრივ ახალწვეულს. როცა ერიკი ჩვენთან ერთად იყო, ყოველთვის ვცდილობდი რამდენიმე სიტყვით მიმემართა: სავარჯიშო მოედანზე, სასადილოში, გასახდელში. თანამგრძნობი ადამიანი იყო, რომელსაც ადვილად დაიპყრობდი, მაგრამ ფეხბურთზე ლაპარაკი უყვარდა და ამგვარად ძალების აღდგენაში ვეხმარებოდი. ასე მხოლოდ ერიკს და რამდენიმე სხვა ფეხბურთელს ვეპყრობოდი.

არა მგონია, ჩემი შეგირდებიდან რომელიმე გაბრაზებულიყო ამის გამო, რადგან ესმოდათ, რამდენად კარგი მოთამაშეები იყვნენ ეს ფეხბურთელები. ერიკთან ჩემს ურთიერთობას, ალბათ, დაეხმარა ისიც, რომ არცერთი ვიყავით ინგლისელი და რაღაც მხრივ, თავს უცხოელებად ვთვლიდით. მაგრამ იმ ფეხბურთელებსაც კი, რომელთაც თითქოსდა კარგად ვიცნობდი, შეეძლოთ მოულოდნელი რეაქცია ჰქონოდათ. მხოლოდ მცირე ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ახალგაზრდა გარი ნევილი ვერ იძინებდა, თუ პირობას წავუყენებდი. ეს ამტკიცებს, რომ ნებისმიერმა ლიდერმა უნდა შეაფასოს თავისი სიტყვები მსმენელის თვალით.

როცა ფეხბურთელებს ზოგიერთ მატჩში დასვენების საშუალებას ვაძლევდი, იმის აღნიშვნა მიხდებოდა, რომ ეს მისთვისვე კეთდებოდა, რათა მომდევნო უფრო მნიშვნელოვან მატჩში მიეღო მონაწილეობა. ეს მეხმარებოდა, მაგრამ, ალბათ, ბოლომდე ვერ აკმაყოფილებდა ფეხხბურთელების სურვილს, ყოველ მატჩში მიეღოთ მონაწილეობა.

მსგავსი სიტყვები ემსახურებოდა იმას, რომ ფეხბურთელებს ჩემი გადაწყვეტილება მათდამი ნდობის დაკარგვად არ აღექვათ.

ფეხბურთელების მოტივირების მხრივ პრობლემები არ მექმნებოდა, თუმცა იყვნენ გარი პალისტერის მსგავსი ბიჭებიც, რომლებიც "იუნაიტედში" 1989 წლიდან 1998 წლამდე გამოდიოდნენ.

ირონია ის არის, რომ პალისტერი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, რომელთანაც მიმუშავია. მეორე მხრივ, საკმაოდ მარტივად მოაზროვნე იყო. პალისტერს მთელი დატვირთვით ვარჯიში ეზარებოდა და თამაშშიც 15 წუთი სჭირდებოდა, სანამ გონს მოვიდოდა.

"ლივერპულის" წინააღმდეგ ერთ-ერთ მატჩში იმდენად გამაბრაზა, რომ ვეღარ მოვითმინე და შესვენებაზე ვუთხარი: "შეგცვლი". თუმცა, შემდეგ გადაწყვეტილება შევცვალე: "მოედანზე დარჩი, აწი ერთად დავიტანჯოთ".

მეორე მაგალითი - პოლ ინსი. შესანიშნავი ფეხბურთელი და ამასთან ერთად ყველაზე უცხვირ-პირო ადამიანი. მის სიძუნწეს ხშირად ვაკრიტიკებდი და აი, ერთი შეხვედრის (1992 წელს "ნორვიჩის" წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩი) შემდეგ პოლი აფეთქდა. ყვირილი დაიწყო და მიკერძოებაში დამადანაშაულა, თანაგუნდელებს მისი შეკავებაც კი მოუხდათ. ვუთხარი, რომ უბრალოდ შეცდომებზე მივუთითებდი. "ბურთთან ერთად დარბიხარ ნაცვლად იმისა, რომ თანაგუნდელს მიაწოდო პასი, პოლ".

ახალგაზრდობაში უფრო საშინელი ვიყავი: მაგალითად, როცა "აბერდინის" მწვრთნელი ვიყავი, შემეძლო, მატჩის შემდგომ ინტერვიუში 1983 წლის შოტლანდიის თასზე "რეინჯერსთან" მატჩისთვის (1-0) "საშინელი სანახაობა მეწოდებინა". და ეს მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღით ადრე თასების თასის ფინალში "რეალის" წინააღმდეგ ვითამაშეთ, სადაც ასევე გავიმარჯვეთ.

მოგვიანებით, როცა მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას იარები დამიგროვდა, სხვა მიდგომას ვიყენებდი - გავითავისე, რომ ქვეშევრდომთა სახალხოდ ჩამოხრჩობას კარგი არაფერი მოჰყვებოდა. ხანდახან, როცა მოთმენა აღარ შეგიძლია, თავშეკავება გიჭირს, თუმცა დროულად ამოსუნთქვა და შენი კრიტიკული აზრების პირადი საუბრისთვის შემონახვა უნდა შეგეძლოს.

ამ საუბარშიც კი ყოველთვის ვცდილობდი ფეხბურთელის გაკრიტიკებასა და მის მხარდაჭერას შორის ბალანსი მეპოვნა. დაახლოებით ასე: "რაზე ფიქრობდი? ხომ იცი, რომ უფრო მეტი შეგიძლია".

ყველამ იცოდა, რომ ჩემი მითითებების უარყოფა არ შეიძლებოდა - მითითება ყველასთვის ერთი იყო და არ განიხილებოდა. 1996/97 წლების სეზონში "იუვენტუსთან" მატჩის შესვენებაზე რაიან გიგზმა კამათი დამიწყო. შეხვედრის მეორე ნაწილს მის გარეშე ვატარებდით.

თუკი სქოულზი, "იუნაიტედის" ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო ბიჭი არასაჭირო ვარდნებს ახორციელებდა და სულელურად იკიდებდა წითელ ბარათებს, მისი დამშვიდება მიხდებოდა. ვერცერთი, წამყვანი ფეხბურთელიც კი ვერ დადგებოდა კანონზე მაღლა.

სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი II)


ასევე ვცდილობდით, ფეხბურთელები ყოველგვარი ტრიუკებისგან დაგვეცილებინა. დღეისათვის ტექნიკური ფეხბურთელები ერთი მეორის მიყოლებით ახდენენ დაუჯერებელ აკრობატულ სასწაულებს, მაგრამ ასეთი ილეთის განხილვა წარმატების წყაროდ სისულელე იქნება. მსგავსი ფოკუსებით იუმორისტული ჟურნალების მკითხველთა გართობა შეიძლება, 75 ათასი გახურებული გულშემატკივარი კი პირველ რიგში შედეგს მოგთხოვს.

როცა თამაში არ მიგვდიოდა, ბურთი კარში არ შედიოდა, ჩემს ბიჭებს ვთხოვდი წყრომა დაეოკებინათ და საჯარიმოში ბურთი ჩაეგდოთ ნაცვლად შორიდან უაზრო დარტყმებისა. 40 მეტრიდან დარტყმა ჩვევად ჰქონდა ლეგენდარულ გარი ნევილს. ამას მწყობრიდან გამოვყავდი და ასეთი მატჩების შემდეგ ჩემი და მისი საუბრები ერთნაირი იყო- "აბა? რა მოიგე? რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ეს არ დაგვეხმარება?"

ასეთ სიტუაციაში იმპულსურ ინდივიდუალურ მოქმედებას ადგილი არ აქვს. მეთოდური კოლექტიური შტურმი უფრო სასარგებლოა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი - სიტუაციაში, როცა სხვები შფოთავენ და ყვირიან, ლოიალურობის გამოვლენა. ერიკ კანტონა ცნობილი "კუნგ-ფუ" დარტყმის შემდეგ საფეხბურთო ასოციაციამ ოთხი თვით ჩამოაშორა ფეხბურთს, შემდეგ კი ვადა გაორმაგდა. კლუბი კი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ფეხბურთელისთვის მხარი დაეჭირა.

ერიკს წინასასეზონო ტურნეში მონაწილეობა და გუნდთან ერთად ვარჯიში აუკრძალეს, მე კი ბევრი ოფლის დაღვრა დამჭირდა იმისათვის, რომ კანტონას კვლავ გუნდის წევრად ეგრძნო თავი. საბოლოოდ, როცა ამ სკანდალის გამო ფორვარდი "იუნაიტედიდან" წასვლას აპირებდა, ჩვენმა ლოიალურობამ და მხარდაჭერამ გუნდში დარჩენაში დაარწმუნა.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დევიდ ბექჰემმა "ატლეტიკოს" ამჟამინდელ მწვრთნელზე, დიეგო სიმეონეზე თავდასხმის გამო წითელი ბარათი მიიღო. გვინდოდა, რომ ამ სიტუაციაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს კლუბის მხარდაჭერა ეგრძნო.

პრესამ ბექსს იმ მატჩში დამარცხება დააბრალა. ერთი სათაური მეორეს სჯობდა: "10 გმირი ლომი, 1 სულელი ბიჭი", ან მოკლედ, მაგრამ ღიად და უმოწყალოდ: "უკუბექს!" გასანათებელ ბოძებზე დევიდის თოჯინები ეკიდა და არ გამიკვირდებოდა, საიმიგრაციო სამსახურს ბექჰემი საზღვარზე რომ არ გადაეშვა, როცა ინგლისში დაბრუნდებოდა.

მომხდარის მასშტაბურობის შეფასების შემდეგ დაუყოვნებლივ დავურეკე ბექჰემს. გამოფიტული იყო. მოგვიანებით გავიგე, რომ როცა ოჯახი დაინახა, ბექსი ატირდა.

სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი II)


კლუბის მწვრთნელსაც რომ მოეხდინა მასზე ზეწოლა, ბიჭი უბრალოდ დაიჩაგრებოდა. ასე რომ, დევიდს დავურეკე და შევეცადე, თავდაჯერებულობა დამებრუნებინა. ვუთხარი, რომ ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება შეემთხვეს, რომ გუნდი მას მხარს უჭერს და ყველანი მოუთმენლად ველოდებით მოედანზე მის დაბრუნებას.

სეზონის პირველი გასვლითი შეხვედრა "ვესტ ჰემთან" გვქონდა. სტადიონისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი თოჯინა ეკიდა, საკლუბო ავტობუსს კი ქვებისა და ბოთლების სროლა დაუწყეს.

2000 წელს პსვ-დან რუდ ვან ნისტელროი შევიძინეთ, მაგრამ გაკვირვებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ ფორვარდმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. ჰოლანდიური მხარე გვარწმუნებდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და სიტყვების დასტურად რუდის ვარჯიშის ვიდეო გადაიღო.

გადაღების დროს ნისტელროიმ ჯვარეიდინი მყესები დაიზიანა. იმ დღის შემდეგ Youtube-ზე იპოვით ვიდეოს, რომელშიც ასახულია, როგორ იტანჯება თავდამსხმელი ტკივილისგან. რა თქმა უნდა, ტრანსფერი ჩაიშალა. მაშინვე ჰოლანდიაში გავფრინდი და საწოლს მიჯაჭვულ ფეხბურთელს ვესტუმრე.

ნისტელროის ვუთხარი, რომ მომხდარზე არ ეფიქრა და როგორც კი გამოჯანმრთელდებოდა, მაშინვე შევიძენდით. ამგვარად, ერთდროულად ორი კურდღელი დავიჭირეთ: პირველ რიგში, რუდი დამშვიდდა, მეორე რიგში, მზრუნველობის გამოვლენის შემდეგ შეგნებულად აღვკვეთეთ ჰოლანდიელის გადასვლა რომელიმე სხვა კლუბში, გარდა ჩვენისა.

ერთი წლის შემდეგ რუდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა და სადებიუტო მატჩში გაიტანა გოლი.

მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ. იმ პერიოდში, როცა "იუნაიტედის" მწვრთნელი ვიყავი, არავის მიმართ არ გამომიხატავს უფრო დიდი მხარდაჭერა, ვიდრე დარენ ფლეთჩერთან, რომელიც წყლულოვან კოლიტს ებრძოდა. დარენი სასოწარკვეთით იბრძოდა და რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა.

ფლეთჩერთან არნახულ მოთმინებასა და ლოიალურობას ვავლენდი. მაგრამ არა იმიტომ, რომ მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება კლუბს მიუძღვნა, არამედ იმიტომ, რომ კოლიტით გარდაიცვალა ჩემი რძალი და მხოლოდ მე გავიგებდი სიტუაციას ღრმად, ადამიანის სულის პრიზმის გავლით.

რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციებში შეიძლება, ფეხბურთელი ბედის ანაბარა მიატოვო, მაგრამ გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ამ შემთხვევაში მოთამაშე "იუნაიტედის" მხარდაჭერას იგრძნობდა. სანამ დარენი მკურნალობდა და თამაშის საშუალება არ ჰქონდა, სარეზერვო გუნდის მწვრთნელად დავნიშნეთ.

როგორღაც ფლეთჩერის საუბარი მოვისმინე მის მაშინდელ შეგირდებთან. უყვიროდა: "თქვენი აზრით, ეს თამაშია? სასაცილოა. ასეთი მიდგომით არც კი იფიქროთ ძირითადზე!" ამან აღმაფრთოვანა.

დარენი გამოჯანმრთელდა, რითაც ცხოვრებაში უდიდესი შინაგანი გამარჯვება მოიპოვა. ახლა ამაყად ატარებს "ვესტ ბრომვიჩის" კაპიტნის სამკლაურს.

უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ხანდახან ფეხბურთელს ვიცავდი, როცა ძირითადი შემადგენლობიდან გამომყავდა. ეს ეხებოდა ნებისმიერი ასაკის მქონე ფეხბურთელებს. ვფიქრობდი, რომ უმჯობესი იყო ახალგაზრდა ფეხბურთელები თანდათან მიმეჩვია პირველი გუნდის მკაცრი ცხოვრების რეალიებისთვის, 30 წლის მოთამაშე კი ხშირად დამესვენებინა, რათა დარწმუნებულიყო, რომ სხეული არ გადატვირთა. როცა ერიკ კანტონა და გარი ნევილი ჩემთან მოვიდნენ კარიერის დასრულების შესახებ ცნობისთვის, მათ გადარწმუნებას ვეცადე. ერიკს ვურჩიე, მამას დალაპარაკებოდა, მაგრამ არ გაჭრა. გარი, რომელიც დიდებული პროფესიონალი იყო, ასევე დაუმორჩილებელი აღმოჩნდა.

ჯიუტად ვურჩევდი 2010/11 წლების სეზონამდე მოეცადა, რათა საბოლოო არჩევანი გაეკეთებინა, მაგრამ უბრალოდ მითხრა: "ბოს, მე დავასრულე. უბრალოდ საკუთარ თავს ვატყუებ". არასდროს დამიყენებია რუნი "ევერტონის" წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ არა მისი ფიზმომზადების გამო, არამედ "ევერტონის" უმოწყალო გულშემატკივრების მიზეზით. ამ ყველაფრის მიუხედავად გაზრდილი უეინი მისდამი გამოთქმულ კრიტიკას მშვიდად იღებდა და ყურადღებას არ აქცევდა, თითქოს ვერასდროს იქონიებდი მასზე გავლენას. ხანდახან რუნის ისე ექცევიან მოედანზე, რომ მამამისი, "ევერტონის" გულშემატკივარიც კი არ ესწრება "გუდისონ პარკზე" "იუნაიტედთან" გამართულ მატჩს.

ფეხბურთში მრავალი სიტუაცია არსებობს, როცა მწვრთნელს მხარდაჭერის ჩვენება შეუძლია. ბექჰემისა და ვან ნისტელროის მსგავსი ფეხბურთელები საშინელ სიტუაციებში ვარდებოდნენ. მაგრამ ყველაზე ხშირად, წვრილმანი საქმე ახალგაზრდების დახმარება ტექნიკის გაუმჯობესებაში იყო. რჩევების მიცემა (ერთხელ რონალდუს ვურჩიე ჩაწოდების წინ უფრო ნაკლები ფართო ნაბიჯები გაეკეთებინა), მოთამაშეთა მხარდაჭერა, როცა ტრავმირებულები არიან, ძირითადი შემადგენლობისკენ მიმავალ გზაზე მყოფი ახალგაზრდის გახარება - ამის შემდეგ მოთამაშე შენი ერთგული ხდება. ამას იმისთვის არ ვაკეთებდი, რომ სიკეთეში დედა ტერეზასთვის
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 დეკემბერი 2015 20:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სკოლაში სხვადასხვა ტიპის მასწავლებლები მყავდა: მკაცრი, მეგობრული, ვალდებულების ერთგული, საქმის ოსტატი და არაპროფესიონალი.

ყოველი მასწავლების მიმართ შესაფერისი (ან უფრო სწორად, გამომდინარე) დამოკიდებულება მქონდა. მკაცრის ბავშვობაში მეშინოდა, მოგვიანებით პირიქით. მეგობრულისადმი დადებითად ვიყავი განწყობილი, მორიდებას ვგრძნობდი და ამის გამოც ვსწავლობდი. ვალდებულების ერთგულს დავცინოდი, საქმის ოსტატს ვბაძავდი და არაპროფესიონალი მებრალებოდა.

სწავლასა და ფეხბურთის თამაშს ბევრი რამ განასხვავებს, მაგრამ ორივე საქმის მასწავლებელი უტოლდება ერთმანეთს შეგირდის აღზრდის შემთხვევაში. ფერგიუსონის სიტყვებიდან გამომდინარე, დისტანცია მნიშვნელოვანია, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე კი, ურთიერთობის სიახლოვე. თუმცა მის აღსაზრდელებსა და ჩემს იმ დროინდელ ბავშვობას წლები გვანსხვავებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
10 დეკემბერი 2015 22:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ შეიძლება ამას კითხულობდე და ფერგი ორმაგად არ გიყვარდებოდეს. უბრალოდ მოვლენა იყო ეს ადამიანი და სიტყვებით შეუძლებელია დაახასიათო

თუ მხოლოდ მათრახით იმოქმედებ, ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ვერ მიიღებ. თუმცა შეიძლება სხვა რამ სცადო: დაიმსახურო პატივისცემა, გამარჯვებებს მიაჩვიო და დაარწმუნო, რომ მოთამაშეებს უფრო მეტიც შეუძლიათ. არა მგონია, არსებობდეს თანამოდროვე ხანგრძლივი პერსპექტივის მქონე მწვრთნელი, რომელიც მხოლოდ ტერორს ეყრდნობა. ენერგეტიკის მიხედვით ყველაზე ძლიერი ფრაზა არის "შესანიშნავად უმკლავდები!"


გამარჯვების სურვილი პენსიაზე გაჰყვა ფერგის
0
№3
ავტორი: AkkRed
11 დეკემბერი 2015 13:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
საინტერესოა ეს კაცი სხვა პროფესიით რომ წარმოდგენილიყო მსოფლიოს წინაშე როგორი განვითარება ექნებოდა ჩვენს კაცობრიობას
0
№4
ავტორი: Count Alucard
14 დეკემბერი 2015 17:50
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
თუ ადამიანებს ვერ უგებთ, რთულია მათი მოტივირება


როგორც ჩანს ვან გაალი საერთოდ ვერავის უგებს... მაგის მოტივირებული გუნდი სულ 3-4ჯერ თუ გვეყოლება ნანახი... არ მინდა ზედმეტი კრიტიკა მაგრამ ფერგის ნახევარიც არ არის ლუი...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top