ბასტიან შვაინშტაიგერი აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" თავს მშვიდად გრძნობს და ზეწოლას არ განიცდის.
ლუი ვან გაალის შეგირდებს ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფიდან გასვლისთვის გამარჯვება სჭირდებათ. თუმცა "იუნაიტედი" მომდევნო ეტაპზე იმ შემთხვევაშიც გავა, თუკი პსვ-ზე უკეთეს შედეგს აჩვენებს.
ბასტიან შვაინშტაიგერს "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და თავის სამშობლოში ვან გაალთან ერთად მანაც გამართა პრესკონფერენცია.
"ზეწოლას არ განვიცდით. ვოლფსბურგში ვართ, სიტუაცია ჩვენთვის ცნობილია და ვიცით, რომ აქ კარგი შედეგი გვჭირდება, ამიტომ მხოლოდ ჩვენს თამაშზე და "ვოლფსბურგის" დამარცხებაზე უნდა ვიფიქროთ.
ეს მანჩესტერში მოვახერხეთ და 2-1 დავამარცხეთ, ამიტომ გერმანიაშიც შეგვიძლია ამის გაკეთება. ისეთი ადვილი არ იქნება, როგორც "ოლდ ტრაფორდზე" იყო, რადგან დიდი გამოწვევა გველის. საკუთარი შესაძლებლობები უნდა დავამტკიცოთ და დარწმუნებული ვარ, საღამოს კარგ თამაშს ვაჩვენებთ", - განაცხადა გერმანელმა.