ლუი ვან გაალმა "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას თავისი უდიდესი მატჩი უწოდა.
ამჟამად "იუნაიტედი" ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე პირველი ადგილით გავა. თუმცა პსვ-სა და ცსკა-ს შეხვედრაში შესაბამისი ანგარიშის დაფიქსირების შემთხვევაში "იუნაიტედი" გამარჯვების გარეშეც მოხვდება 16 საუკეთესო გუნდს შორის.
"ფოლკსვაგენ არენაზე" გამართული პრესკონფერენციის მსვლელობისას ვან გაალს ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა მომდევნო მატჩი მისი ყველაზე დიდი გამოწვევა "იუნაიტედში", რაზეც უპასუხა: "ამ კითხვის დროს მომენტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან გულშემატკივრებისთვის ჩემპიონატში "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულთან" ბრძოლაც გადამწყვეტია.
მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, თუმცა მხოლოდ ახლა. კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გაგრძელება, მაგრამ ფეხბურთელებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მათ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა უმაღლეს დონეზე სურთ. სწორედ ამიტომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი".
ვან გაალმა ჩემპიონთა ლიგა 1995 წელს ახალგაზრდულ "აიაქსთან" ერთად მოიგო და მას შემდეგ ორჯერ დამარცხდა ფინალში - 1996 წელს ჰოლანდიური გრანდით და 2010 წელს მიუნხენის "ბაიერნით". ლუის მხოლოდ 18 თვე აკავშირებს "იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტის მიხედვით და სავარაუდოდ, მას არ გაახანგრძლივებს, რადგან აღნიშნულ კონტრაქტს პენსიაში გასვლამდე უკანასკნელ შეთანხმებას უწოდებს, ჟურნალისტებს კი განუცხადა, რომ ტურნირის მოგება კვლავ სურს.
"რა თქმა უნდა. როგორც მწვრთნელმა სამჯერ ვითამაშე ფინალში, ეს კი ბევრია, ჩემი აზრით. ერთი მოვიგე და ორი წავაგე. როცა მარცხდები, ძალიან ახლოს ხარ გამარჯვებასთან და იმედი გიცრუვდება, მაგრამ ახლა საკვალიფიკაციო ჯგუფში ვართ. აქ კი, ჩემი აზრით, კლუბმა განსხვავებული რამ უნდა დაამტკიცო, გუნდმა და ფეხბურთელებმა უნდა აჩვენონ, რომ გაგრძელება შეუძლიათ და ამიტომ არის დღეს მეტოქის დამარცხება მნიშვნელოვანი".