"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი დღევანდელ მატჩში რთულ გამოცდას ელოდება.
სლავენ ბილიჩის გუნდმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში კარგი შედეგის ჩვენებას ვერ ახერხებს, რაც ვან გაალს ყურადღების გარეშე არ დარჩენია. "მწვრთნელს ვიცნობ და მინახავს, როგორ მუშაობს გუნდებში. მისი გუნდები ყოველთვის კარგად ორგანიზებულნი არიან და მეტ-ნეკლებად დაცვითი ორგანიზაციით თამაშობენ.
მათი დამარცხება რთული იქნება და ეს უკვე დაამტკიცეს, რადგან გასვლაზე უფრო მეტი მატჩი მოიგეს, ვიდრე შინ, თანაც ტოპ-გუნდების წინააღმდეგ, ამიტომ ამჯერადაც რთული იქნება".
"ვესტ ჰემს" ბოლო ოთხ მატჩში არ გაუმარჯვია და გუნდს ჰყავს რამდენიმე წამყვანი ტრავმირებული ფეხბურთელი, რომელთა შორის უდიდესი დანაკლისია დიაფრა საკჰო. თუმცა ვან გაალი არ ფიქრობს, რომ ეს მის გუნდს უპირატესობას ანიჭებს, რადგან მისი აზრით, "იუნაიტედს" "ვესტ ჰემი" შეცვლილი ტაქტიკით დაუპირისპირდება.
"მწვრთნელს ნამდვილად შეუძლია გუნდს კარგი ორგანიზება გაუწიოს და ფეხბურთელებიც ასრულებენ იმას, რაც სურს. წინ ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. ახლა რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული ჰყავთ, ამიტომ, ალბათ, ენდი კეროლს ათამაშებენ, რომელსაც სხვა უნარები აქვს, რის გამოც ამ გუნდის დამარცხება რთული იქნება".