ლუი ვან გაალმა აღიარა, რომ მზად არის, დატოვოს "მანჩესტერ იუნაიტედი", თუკი იგრძნობს, რომ ფეხბურთელებთან კავშირი აღარ აქვს.
ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ბოლო პერიოდში კრიტიკოსების ყურადღება მიიპყრო თავისი გუნდის ცუდი თამაშის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 1 ქულით ჩამორჩებიან და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ვან გაალის შეგირდებზეა დამოკიდებული, ლუი არაერთი ანალიტიკოსის კრიტიკის ობიექტი გახდა.
თუმცა თავად ჰოლანდიელს სჯერა, რომ ფეხბურთელებს კვლავ აქვთ მისი რწმენა. "ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ფეხბურთელებსა და შტაბს შორის ურთიერთობაა. ურთიერთგაგება უმნიშვნელოვანესია და როცა ვგრძნობ, რომ ის არსებობს, თავდაუზოგავად ვშრომობ.
მაგრამ როგორც კი ვიგრძნობ, რომ ურთიერთგაგება გაქრა, მე პირველი მწვრთნელი ვიქნები, ვინც კლუბს დატოვებს და ეს ჩემს ყოფილ კლუბებში დავამტკიცე.
არა მგონია, არსებობდეს სხვა მწვრთნელი, რომელიც თავისი ნებით მიდის, რადგან ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ასეთი ვარ.
როცა მივდივარ, ხალხი ამბობს: "ოჰ, ის ძალიან კარგი იყო, მან სტრუქტურა შექმნა და სხვა რამის საფუძველი ჩაყარა". მაგრამ ჩემთვის, როგორც მწვრთნელისა და მენეჯერისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ფეხბურთელებს, ჩემსა და ჩემს შტაბს შორის ურთიერთობაა.
ის კარგი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წავალ", - განაცხადა ვან გაალმა.