"ვესტ ჰემ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი "მანჩესტერ იუნაიტედის" კრიტიკას არ ეთანხმება.
"იუნაიტედის" გულშემატკივარი საყვარელი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა და ჰოლანდიელი მწვრთნელის გუნდს ხშირად მოუწოდებს შეტევისკენ.
მიუხედავად ამისა, "წითელი ეშმაკები" 14 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან პრემიერ ლიგის ლიდერს.
ბილიჩს, რომლის გუნდი შაბათს "იუნაიტედს" უპირისპირდება, ვერ ხვდება, თუ რაში ხედავენ პრობლემას კრიტიკოსები.
"ისინი იმარჯვებენ და გოლებს არ უშვებენ. ვიღაც იტყვის, რომ მოსაწყენები არიან, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ამბობენ ასე.
ისინი იჭერენ ბურთს, "იუნაიტედი" არ არის გუნდი, რომელიც მოგცემს ბურთს და თავს დაიცავს - შეიძლება თქვათ, რომ ასეთი ფეხბურთი ხანდახან მოსაწყენია.
თუმცა მათ უჭირავთ ბურთი, აკონტროლებენ თამაშს და ყოველი მატჩის მოგებას ცდილობენ", - განაცხადა ბილიჩმა.
ხორვატიელი მწვრთნელი ყველაფრის მიუხედავად აღნიშნავს, რომ "იუნაიტედი" არ არის ისეთივე სწრაფი და ფეთქებადი, როგორიც სერ ალექს ფერგიუსონის დროს იყო. "შეგიძლიათ თქვათ, რომ "იუნაიტედი" ადრინდელისგან განსხვავდება, მით უმეტეს, ახლა, როცა მოწინააღმდეგეები მთელი გუნდით იცავენ თავს, ძალიან კომპაქტურად და ღრმად.
ამ მიზეზით, ისინი ვერ თამაშობენ წინ და უფრო მაღალ ტემპში, რადგან ამისთვის სივრცეებია საჭირო უკან ან მოწინააღმდეგის ხაზებს შორის, რისი პოვნაც რთულია.
ალექს ფერგიუსონის ხანისგან განსხვავდებიან. მაშინ უფრო სწრაფები და ფეთქებადები იყვნენ, საჯარიმოს ბომბავდნენ".