თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2015, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 6527,
კომენტარები: 6
სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი I)
თავი V
სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი I)
სრულყოფილება

ფრაზა "მსოფლიო დონე" ყველას თავისებურად ესმის. ამ ორმა სიტყვამ, როგორც ჩანს შეცვალა ეპითეტები "დიდებული" ან "საოცარი". თუ გაზეთებს კითხულობთ ან ტელევიზიით კომენტარებს უსმენთ, იფიქრებთ, რომ ფეხბურთი პირთამდე სავსეა "მსოფლიო დონის" მოთამაშეებით. იგივე ხდება, ჩემი აზრით, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებშიც, რადგან ხშირად მესმის საშუალო წარმატების ამაღლების შესახებ ანუ "5+" შეფასების მქონე სტუდენტთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

ამჟამად მოთამაშეთაგან მხოლოდ ორს დავასახელებდი მსოფლიო დონის ფეხბურთელებად - ესენი არიან ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ. არიან რამდენიმე დიდებული მოთამაშეები და კიდევ უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი, მაგრამ მხოლოდ ლიონელი და კრიშტიანუ იწოდებიან "მსოფლიო კლასის" ფეხბურთელებად. სხვები კი ხანდახან ავლენენ სრულყოფილი თამაშის ჩრდილს, როცა ეფექტურ გოლს იტანენ, დაუჯერებელ პასს აკეთებენ ან გასაოცარ სეივს ახორციელებენ - მაგრამ მხოლოდ ერთხელ ას ან ათას შემთხვევაში.

არსებობს სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზთა მთელი რიგი, რომელთა მიხედვით ვაფასებ ფეხბურთელებს. სუბიექტურს მიეკუთვნება: ორივე ფეხით მუშაობა, წონასწორობის შეგრძნება, დისციპლინირებულობა, ვარჯიშებისადმი მიდგომა. სტაბილურ დონეზე თამაში, უნივერსალურობა და არის თუ არა ფეხბურთელი თავისი გუნდის სამკაული. ობიექტურს მიეკუთვნება ისინი, რომლებზეც კამათი არ ღირს: გატანილი გოლების რაოდენობა, მატჩების რიცხვი, რომელსაც ტოპ-კლუბსა და ნაკრებში ატარებენ. ასევე სამსახურო ჩანაწერი. ფეხბურთელთა ასეთი სახით შეფასებისას ძალიან ადვილია საუკეთესოს გამოვლენა. ისინი, რომელთაც ეს მაჩვენებლები არ ანაღვლებთ, სხვა ტიპის ფეხბურთელები არიან.

ამჟამად ძალიან ბევრი დიდებული ფეხბურთელი არსებობს - ტომას მიულერი "ბაიერნში", ლუი სუარესი და ნეიმარი "ბარსელონაში" და ალექსის სანჩესი "არსენალში" - მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ოთხივე აღიარებდა, რომ რონალდუსა და მესის დონეზე არ არიან. არ მინდა, ვინმეს ღირსება შეურაცხვყო ან გავაკრიტიკო რომელიმე მოთამაშე, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ "იუნაიტედში" თამაშობდა, მაგრამ ნამდვილად მსოფლიო დონის ფეხბურთელი მხოლოდ ოთხი მყავდა: კანტონა, გიგზი, რონალდუ და სქოულზი. კრიშტიანუ მათ შორის გამოირჩეოდა. როი კინი, ბრაიან რობსონი და სტივ ბრიუსი შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ამას დიდწილად საქმისადმი მიდგომის, ამბიციურობისა და ხალხის გაძღოლის გამო მიაღწიეს და არა რაიმე საფეხბურთო უნარის გამო.

ბობი ჩარლტონი, რომელმაც კლუბში 758 და ნაკრებში 106 მატჩი ჩაატარა, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ ტურნირზე გამართული მატჩები ფინალურ ეტაპზე, შესანიშნავად აღწერს იმას, რასაც "მსოფლიო კლასის" ქვეშ მოვიაზრებ. ბობი, თითქოს, მოედანზე მეფობდა, "ორფეხა" იყო, მარცხნივაც თამაშობდა, მარჯვნივაც და ცენტრშიც, თავდაჯერებული იყო და რკინის სიმტკიცე ჰქონდა. თავისი მიღწევების მიუხედავად ყოველთვის მოკრძალებული, თავმდაბალი ადამიანი იყო. ჩარლტონი მშვიდი და მორცხვი იყო, მაგრამ ერთხელ, როცა "იუნაიტედი" შესვენებისას მარცხებოდა, თქვა: "ბურთი მომეცით, მე გავიმარჯვებ". თავს არ იქებდა და არ გამოირჩეოდა, უბრალოდ თავისი შესაძლებლობები იცოდა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მის თანაგუნდელებსაც სჯეროდათ. ჩარლტონის, მსოფლიო კლასის ფეხბურთელის წყალობით "იუნაიტედმა" ის თამაში მოიგო.

სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი I)

ბობი ჩარლტონი "იუნაიტედის" ფეხბურთელების გარემოცვაში


მთავარ მწვრთნელს შეუძლია თავი ბედნიერად მიიჩნიოს, თუკი ერთი მაღალი დონის ფეხბურთელი მაინც ჰყავს. ამით ბევრი კლუბი ვერ დაიკვეხნის. მაგრამ ასეთ გუნდებსაც კი შეუძლიათ მოედანზე ძალიან კარგი შემადგენლობა გამოიყვანონ. 11 კარგად განლაგებულ ფეხბურთელს უფრო მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე მასას, რომელსაც რამდენიმე პიროვნება შეადგენს. მიუხედავად ამისა, ვერ წარმომიდგენია თასისთვის მებრძოლი გუნდი, რომელსაც მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ ჰყავს.

სრულყოფილების მისაღწევად აუცილებელია სეზონისთვის სწორად დაისახო მიზნები. მომდევნო სეზონს ყოველთვის ფრთხილად ვუდგებოდი. ჩემს ბაგეებს არასდროს დასცდებოდა ასეთი ფრაზა: "ჩვენ ჩემპიონატსა და ორ სხვა თასზე გამარჯვებას ველოდებით". პირველ რიგში, ეს არასწორ შეტყობინებად მიდის ფეხბურთელებამდე. საკმაოდ თავდაჯერებულად და მაღალფარდოვნად ჟღერს. მეორე რიგში, ყველა უფრო მეტ ზეწოლას იგრძნობს, ამას კი სარგებელი არ მოჰყვება. მესამე რიგში, ყველას შესაძლო იმედგაცრუებისთვის ამზადებს.

უფრო ადვილი იყო მეთქვა: "იუნაიტედში" ყოველ მატჩში გამარჯვების იმედი გვაქვს". ასეც იყო, 1993 წლიდან, თანაც ასეთი განწყობა კლუბის ტრადიციებიდანაც გამომდიანარეობდა. დარწმუნებულს, რომ ყველამ იცოდა თითოეულ ცალკე აღებულ მატჩში გამარჯვების აუცილებლობის შესახებ, თავისუფლად შემეძლო გუნდი სრულყოფილებისკენ წამეყვანა და შესაძლებლობის შემთხვევაში ახალი ძალები ჩამენერგა მისთვის.

აუცილებელი იყო მოლოდინსა და რეალობას შორის ბალანსი მეპოვნა, ასევე ყოველი მოთამაშე ცალკეულად განმეწყო წარმატებისთვის. ძალიან ადვილია გუნდს მიუწვდომელი მიზნები დაუსახო და ამაში ჯერ კიდევ მაშინ დავრწმუნდი, როცა მწვრთნელის კარიერას ვიწყებდი. "სენტ-მირენში" მუშაობის ჩემი პირველი სეზონის განმავლობაში იყო პერიოდი, როცა ზედიზედ 8 მატჩი მოვიგეთ და კარგ პოზიციაზე ვიმყოფებოდით. ვგრძნობდი, საქმე კარგად მიდიოდა და პრესას ვუთხარი, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში არცერთ მატჩს წავაგებდით. შედეგად, ამის შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი მოვიგეთ და სეზონი მეექვსე ადგილზე დავასრულეთ.

"იუნაიტედში" სეზონის სტარტზე მედია ყოველთვის მეკითხებოდა, როგორ წარმატებას ველოდი ამ წელს. მომზადებული პასუხი მქონდა: ერთი თასის მოგება გვინდა და სულერთია, რომლის. ვცდილობდი ილუზიები არ შემექმნა, რათა მოთამაშეებზე დიდი გავლენა არ მომეხდინა. ეს კონტრპროდუქტიულია. თუმცა "იუნაიტედში" მოპოვებული ჩემი პირველი ტიტულის შემდეგ არ იყო სეზონი, როცა ორზე ნაკლები თასი მოვიგეთ. ეს წარმატებული პერიოდი 23 წელს გრძელდებოდა.

ასევე მეხმარებოდა ისიც, რომ კლუბის მფლობელები და დირექტორი არასდროს მეუბნებოდნენ სეზონის მოლოდინზე. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, "სენტ-მირენიდან" ჩემ გაძევებამდე მცირე ხნით ადრე (თუმცა ლიგაში მაღლა ავედით და ახალგაზრდა გუნდი გვყავდა). დირექტორმა მითხრა, რომ მომდევნო წელს ჩემპიონატი უნდა მოგვეგო. თუმცა არ სურდა ეღიარებინა, რომ წარმატების მისაღწევად 2-3 ახალი ფეხბურთელი გვჭირდებოდა.

სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი I)

ალექს ფერგიუსონი "სენტ-მირენთან" ერთად შოტლანდიის ჩემპიონატის პირველად მოგებას ზეიმობს. 1976/77 წლების სეზონი


გამარჯვებისკენ თანდათან უნდა წახვიდე, ლიგას ერთი გიგანტური ნახტომით ვერ მოიგებ. ამგვარად, ჩვენს გეგმას რამდენიმე სავსებით რეალურ ეტაპად ვყოფდი. არავინ მიიყვანს ალპინისტთა გუნდს ევერესტის წინ სიტყვებით: "აბა, ბიჭებო, ავცოცდეთ!". სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელებთან საუბრისას კონკრეტულ მიზნებზე საუბარს ვერიდებოდი. იგივე ეხებოდა პრესკონფერენციებსაც, რადგან ფეხბურთელებს მისგანაც შეეძლოთ ჩემი მიზნების გაგება. ნოემბერში უკვე შეგიძლია ლიგაში ძალების გადანაწილების განსაზღვრა და მოლოდინი უფრო კონკრეტულ ფორმას იღებს. როცა დღეები მოკლდებოდა, მოთამაშეებს ვეუბნებოდი: "თუ ახალი წლისთვის პირველ, მეორე, მესამე ადგილზე ვართ ან ლიდერს სამი ქულით ჩამოვრჩებით, ჩემპიონობის კარგი შანსები გვაქვს".

2009 წლის ნოემბერში რენე მელენსტენმა გუნდს საკმაოდ სპეციფიური მიზანი დაუწესა - დეკემბრის მიწურულისთვის განსაზღვრული რაოდენობის ქულების მოგროვება. ამის მაგივრად, იმ სეზონში "ჩელსისთან", "ასტონ ვილასა" და "ფულჰემთან" დავმარცხდით. რენეს სიტყვებმა ხელი შეგვიშალა. ვიფიქრე, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ რაიმე კონკრეტულს არ დაველოდებოდით, თუ შობის კვირას მეხუთე ადგილზე შევხვდებოდით, ეს უკვე კარგი იყო. პრემიერ ლიგაში უკვე დაირხა ამბავი იმის შესახებ, რომ "იუნაიტედი" სეზონის მეორე ნაწილს ყოველთვის უკეთ ატარებს. ვამბობდით: "მეორე ნაწილში ყველაფერი საათივით იმუშავებს". რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე არ იყო, მაგრამ გუნდებს ჩვენი ეშინოდათ. სინამდვილეში, "იუნაიტედში" გატარებული მთელი ჩემი დროის განმავლობაში ლიგის გამარჯვებული მხოლოდ ერთხელ იყო ცნობილი სეზონის დასრულებამდე ერთი ან ორი კვირით ადრე.

ასევე უნდა შეგეძლოს მატჩის მიმდინარეობისას მიზნების შეცვლა. თუ თქვენი გუნდი გასაჭირშია, აუცილებელია მას კონკრეტული მიზანი დაუსახო. ასე მოხდა 2001 წელს, როცა "ტოტენჰემთან" 3:0 ვმარცხდებოდით პირველი ტაიმის მიწურულს. შესვენებაზე ყოყმანი არ დამიწყია და ვთქვი, რომ საშინლად ვითამაშეთ. გასახდელში ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა და ჩემი სიტყვა გავაგრძელე: "გაიტანეთ გოლი და ვნახოთ, სადამდე მივალთ". არ მითქვამს გადით და მეორე ტაიმში ოთხი გოლი გაიტანეთ-მეთქი. ეს რაღაც ფანტასტიკა იქნებოდა. როცა გვირაბში გავდიოდით, ტედი შერინგემმა, რომელიც იმ დროს "დეზების" რიგებში თამაშობდა, თანაგუნდელებს მიმართა: "სწრაფი გოლი არ გაატანინოთ". "ოლდ ტრაფორდზე" უთამაშია და იცოდა, როგორი სახიფათონი ვიყავით შესვენებაზე. საბოლოოდ ერთი გოლი გავიტანეთ, შემდეგ კი, რამდენად გასაოცარიც უნდა იყოს, კიდევ ოთხი. ბოლოს - 5:3 გამარჯვება.

როცა "იუნაიტედმა" ქვეყნის თასების მოგება დაიწყო, უფრო მეტი მოლოდინი გამიჩნდა. მას სამწვრთნელო შტაბს ვუზიარებდი. ჩვენი ახალი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება იყო. 1993 წლისთვის, როცა "იუნაიტედმა" ჩემი ხელმძღვანელობით პირველად მოიგო პრემიერ ლიგა, "ეშმაკებს" მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ მოგებული ჩემპიონთა ლიგა (უფრო ზუსტად კი, ევროპის ჩემპიონთა თასი), მაშინ, როცა მადრიდის "რეალს" 6-ჯერ, "ლივერპულსა" და "მილანს" - ოთხჯერ, "ბაიერნსა" და "აიაქსს" - სამ-სამჯერ, და ორ-ორჯერ "ბენფიკასა" და "ნოტინგემ ფორესტს".

სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი I)

ალექს ფერგიუსონი პრემიერ ლიგის პირველი ტიტულით 1992/1993 წლების სეზონში


ჩემპიონთა ლიგის დევნის პროცესში ეტაპობრივ მიდგომას ვიყენებდი, როგორც შიდა არენაზე ასპარეზობისას. საწყისი მიზანი - ჯგუფიდან გასვლა არანაკლებ 10 ქულის აღებით. მხოლოდ 1994/1995, 2005/2006 და 2011/2012 წლებში ვერ ვახერხებდით ამ მიზნის შესრულებას.

იგივე ეხებოდათ ფეხბურთელებსაც. არავითარი მკაცრი ჩარჩო არ გვქონია. ძნელად წარმოსადნელია, რომ რონალდუსთვის მეთქვა 2 ათეულ გოლზე მეტი გაეტანა სეზონში ან სქოულზს 90%-ანი სიზუსტით ეკეთებინა პასები. თუმცა ყველას ესმოდა, რომ ბოლომდე უნდა დახარჯულიყვნენ - სწორედ ამას ველოდი ყოველთვის ჩემი ფეხბურთელებისგან.

ახალი ფეხბურთელის შეძენის შემდეგ ყოველთვის ვჯდებოდით მასთან ერთად და ვუხსნიდით, თუ რას ელოდნენ მისგან "მანჩესტერ იუნაიტედში". ანალოგიური სიტუაცია იყო გარკვეულ კონტრაქტებთან დაკავშირებითაც - ეს კარგი საბაბი იყო იმის ასახსნელად, თუ რა კომპონენტებში უნდა მოემატებინა ამა თუ იმ ფეხბურთელს.

საკუთარ თავს ბევრ მიზანს არ ვუსახავდი. 17 წლის ასაკში არ მითქვამს, რომ 30 წლისას ას გოლზე მეტი უნდა მქონოდა გატანილი ან, მაგალითად, კარიერა უამრავი მედლით დამესრულებინა და ნაკრებში კარგი სამსახურო სია მქონოდა. მაგრამ მსგავსი რაღაც გაჩნდა ჩემი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში - ვიცოდი, რომ უკვე შევუქმენი "აბერდინს" გამარჯვებული კლუბის რეპუტაცია, მაგრამ... მაინც მეტი მინდოდა.

რამდენიმე კლუბთან გასაუბრების შემდეგ "იუნაიტედი" ავირჩიე და მას მერე არასდროს მიფიქრია ბანაკის შეცვლაზე. ხანდახან ხალხს ეგონა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გავხდებოდი, მაგრამ ნაკრებთან მუშაობა ჩემთვის ნაკლებად მიმზიდველია. საქმე იმაშიც კი არ არის, რომ ასე შოტლანდიას ვუღალატებდი და მაშინ ყველაფერი არასასიამოვნო სახეს მიიღებდა, არამედ იმაში, რომ ნაკრების მწვრთნელის მდგომარეობა არასაიმედოა.

პრესა და საზოგადოება უფრო დიდ ზეწოლას ახდენენ შენზე, ვიდრე მოწინააღმდეგეები. პუბლიკა არ ფიქრობს, რომ მათი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი სოლიდურ თანხას იღებს, მაგრამ მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. ნაკრების მატჩებს შორის დიდი დრო გადის. მწვრთნელს საშუალება არ აქვს ფეხბურთელთან ერთად გაატაროს ყოველი დღე. დაბოლოს, ნაკრების ფეხბურთელები რაოდენ კარგი ოსტატებიც არ უნდა იყვნენ, ისე ვერ უგებენ თანაგუნდელებს, როგორც კლუბში, ეს კი პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჯოკ სტეინის გარდაცვალების შემდეგ მცირე ხნით ჩავიბარე შოტლანდიის ნაკრები, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. ვფიქრობ, ნაკრების წარმატებული მწვრთნელი მხოლოდ მაშინ გახდები, თუკი საკლუბო დონეზე სერიოზული გამოცდილება გაქვს (კარიერის გვიანდელ ეტაპზე მწვრთნელი უფრო მომთმენია პატარა პრობლემისადმი) - ეს ავტორიტეტს გძენს, რაც ფეხბურთელებთან, რომლებიც ერთად ცოტა დროს ატარებენ, გამკლავების საშუალებას გაძლევს.

სტანდარტების დაწესებისას (ნაწილი I)

ალექს ფერგიუსონი - შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი


როცა "იუნაიტედის" მწვრთნელი ვიყავი, "ოლდ ტრაფორდზე" უფრო მონუმენტალურს ვერაფერს წარმოვიდგენდი. შესაძლოა, იმ დროს "კამპ ნოუს" ან "სანტიაგო ბერნაბეუს" არ გადავწყდომივარ, მაგრამ "ოცნების თეატრის" წინაშე თავშეკავება უბრალოდ შეუძლებელი იყო.

კლუბში მუშაობის პერიოდში არასდროს დამისახავს მიზნად გარკვეული რაოდენობის თასების მოგება. შემეძლო, საკუთარი თავისთვის მეთქვა: "არ წავალ, სანამ ჩემპიონთა ლიგას ხუთჯერ არ მოვიგებთ" - და გუნდის წვრთნა გამეგრძელებინა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ეს ხუთი თასი ჩემს წასვლამდეც უნდა აგვეღო.

არასდროს მიმაჩნდა, რომ ჩემი ცხოვრება არასრულფასოვანი იქნებოდა ჩვენი ფორვარდების "ოქროს ბურთების" (მით უმეტეს, რომ ამ საკითხში ჩემზე ცოტა რამ არის დამოკიდებული) ან სხვა რამის გარეშე.

ერთადერთი, რაც მინდოდა - უბრალოდ თასების მოგება იყო. გამარჯვების წყურვილი დაუოკებელია.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
3 დეკემბერი 2015 21:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
წიგნის ამ თავის ნაწილი დიდი ხანია ცნობილია ჩვენთვის, ცალკეც გვქონდა და ფერგის ეს სიტყვები არასწორად გაიგეს. შემდეგ განმარტა, რაც იგულისხმა მსოფლიო კლასის ფეხბურთელში და იმედია, ცნობილია ყველასთვის.

წინა თავებისგან განსხვავებით, მომდევნოები უფრო კარგი უნდა იყოს, როგორც მოსალოდნელია და იმედია გამიმართლება მოლოდინი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
3 დეკემბერი 2015 22:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოსაწყენი გახდა რონალდუ-მესის ეპოქა. აღარც ამ ოქროს ბურთის ინტერესი აქვს ხალხს. ადრე სულ სხვა იყო
0
№3
ავტორი: ViDa
3 დეკემბერი 2015 22:47
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ალბათ, გაზვიადებული არ იქნება იმას თუ ვიტყვი, რომ ფერგიუსონი მსოფლიო დონის ერთადერთი მწვრთნელია ჩვენს ეპოქაში. მწვრთნელი, რომელიც სიხლიდან-ხორცამდე გუნდში იყო ჩაფლული, იცოდა ყოველი დეტალი და ყველაფერი რაც გუნდს სჭირდებოდა. ისეთი სისტემა შექმნა, რომელიც მხოლოდ წარმატებისთვის იყო გათვლილი და ასეც არი.

ტოტენჰემთან გამარჯვება საერთოდ არ მახსოვდა (5-3), გასაოცარია რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს მწვრთნელის თუნდაც უმნიშვნელო სიტყვას. ფაქტი ფაქტად რჩება, ფერგიუსონის იუნაიტედს ყველა უფრთხოდა და ამის საკმარისი მიზეზიც ჰქონდა. რასაც სამწუხაროდ დღეს ვერ ვიტყვით.

მადლობა დუმბოს, რომ ასეთი კარგი ენით გადმოგვცა ეს წიგნი და აზრი არ დაუკარგა! ჩემი აზრით, საუკეთესო ნაწილი იყო ჯერჯერობით. ველოდები გაგრძელებას!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№4
ავტორი: AkkRed
4 დეკემბერი 2015 11:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ფერგის ამ წიგნის კითხვისას შემიძლია ყველაფერს შევადარო რასთანაც შედარება შეიძლება და უბრალოდ გაოცებული ვრჩები. არ ვიცი, შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ მე მას როგორც კერპად აღვიქვამ ან როგორც იდეალათ მყავს ჩამოყალიბებული, იმიტომ ვრჩები მისი ხედვებისგან გაოცებული, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ამ კაცის ხედვა არა მხოლოდ სპორტში, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებზეც ჭრის. მხოლოდ წაკითხვით და გააზრებით არარი საჭირო დაკმაყოფილება ამ კაცისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება საკუთარი თავის წინსვლისთვის.
0
№5
ავტორი: Count Alucard
4 დეკემბერი 2015 11:40
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
არ მიკვირს რუნის, რომ არსად ახსენებს. მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ არასტაბილურია უეინი, რაც წელსაც ჩანს... ნეტა ვინმემ აჩუქოს მაინც ვან გაალს ეს წიგნი და წაიკითხოს, იქნებ რამე მაინც გაიგოს და მოეშვას თავის უაზრო ფილოსოფიას...
0
№6
ავტორი: Best 7
4 დეკემბერი 2015 13:29
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ფერგი რო გვყავდეს ისევ love

ეეჰ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top