"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი თვლის, რომ უეინ რუნი არაოპტიმალური სათამაშო ფორმის მიუხედავად ამართლებს სასტარტო შემადგენლობაში ყოფნის გადაწყვეტილებას.
"წითელი ეშმაკების" ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა "იუნაიტედის" მოქმედი კაპიტნის, რუნის შესახებ განაცხადა, რომ უმჯობესია ინგლისელმა საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოს და თავისი თამაშის შესახებ შესაბამისი დასკვნები გააკეთოს.
მიუხედავად ამისა, ვან გაალმა თავისი კაპიტანი დაიცვა. ლუის მიაჩნია, რომ რუნი მის ნდობას ამართლებს.
"უეინი ჩვენი კაპიტანი რომ არც იყოს, მოედანზე მაინც საწყისი წუთებიდანვე გამოვიყვანდი. უეინი გუნდისთვის ბევრს აკეთებს, დიდი წვლილი შეაქვს. მისით კმაყოფილი ვარ.
მეორე მხრივ, მწვრთნელს არასდროს მოსწონს გუნდის ან რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის ფორმა. დიდების მწვერვალზე ყოველთვის ვერ იქნები.
ამჟამად თავდამსხმელის პოზიციაზე არ თამაშობს, იქ მარსიალი დგას. მაგრამ შეიძლება რომელიმე მატჩში ითამაშოს. ეს მხოლოდ ფეხბურთელის ფორმაზე არ არის დამოკიდებული, სათამაშო გეგმაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვან გაალმა.