"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მიიჩნევს, რომ "ლესტერს" პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოგება შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ "მელიების" მთავარი მწვრთნელის, კლაუდიო რანიერის მთავარი მიზანი მინიმუმ 40 ქულის აღება გახლავთ, რაც მისი აზრით პრემიერ ლიგაში დარჩენის საშუალებას მისცემს, ვან გაალს მიაჩნია, რომ პრემიერ ლიგაში არ არსებობს სუსტი რგოლი.
"თუ მკითხავთ, შეუძლიათ თუ არა მათ პრემიერ ლიგის მოგება, დადებითად გიპასუხებთ. ჩვეულებრივ, ასეთი მასშტაბის გუნდებს დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ კონკურენციის გაწევა, მაგრამ სეზონის მიწურულს, როგორც წესი, პრობლემები ექმნებათ.
თუმცა ჩვენ ინგლისში ვართ, აქ ყველა გუნდს აქვს ფული იმისთვის, რომ საჭირო ფეხბურთელები შეიძინოს. სწორედ ამიტომ არ არის პრემიერ ლიგის კლუბებს შორის დიდი განსხვავება", - განაცხადა ვან გაალმა.
"ლესტერთან" ვიზიტის წინ ვან გაალმა "მელიების" საუკეთესო ბომბარდირ ჯეიმი ვარდიზეც ისაუბრა.
"ჯერ კიდევ გასულ სეზონში ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. თუ გახსოვთ, თავადაც გაიტანა და პენალტიც გამოიმუშავა. ახლა ზედიზედ 10 მატჩში გაიტანა გოლი. გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ეს ადვილი არ არის. ჩემს ფეხბურთელებს შორის ასეთი რამ მხოლოდ დენის ბერგკამპმა შეძლო", - დაამატა ვან გაალმა.