27-11-2015, 19:45
ნანახია: 7779,
კომენტარები: 9
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: გზის დასაწყისი
ახლაც მახსოვს მამაჩემის სახე, როგორ მელოდა მანქანაში, სანამ სკოლიდან გამოვიდოდი. მანქანაში ჩავჯექი და იქვე მივხვდი. იგი ღიმილს ვერ მალავდა. ჩემი ცხოვრების პირველი ბარიერი გადავლახე.
ყველაფერი სელფორდში, ლიტელტონის ქუჩაზე, პატარა მოედნებზე დაიწყო. მე ერთ-ერთი იმ ორას ბავშვთაგანი ვიყავი, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედს" გულშემატკივრობდნენ. ნახევარდაცვაში ვთამაშობდი და ვოცნებობდი, გავხმდარიყავი შემდეგი ბრაიან რობსონი. მაგრამ ყოველთვის მეეჭვებოდა, რომ სელექციონერები ამდენ ბავშვს შორის ჩემი ნიჭის აღმოჩენას შეძლებდნენ. ჩვენ ძალიან ბევრნი ვიყავით. შემეძლო თუ არა მქონოდა წარმატების იმედი?
1986 წელი იყო. წელი, რომელიც სამუდამოდ შევა ისტორიაში. სწორედ მაშინ მოვიდა ალექს ფერგიუსონი "ოლდ ტრაფორდზე" და დაიწყო რევოლუცია. მეც იმ წელს შევუერთდი "იუნაიტედს". მაგრამ ყველაფერი უფსკრულიდან დავიწყე, ამიტომ, საამაყო არაფერია.
ერთხელ სკოლის დირექტორმა ფეხბურთის ჩვენებებზე ჩაგვწერა, ჩემი მოლოდინის მიუხედავად, მოცემული დავალება საკმაოდ კარგად შევასრულე, რადგან ორი კვირის შემდეგ წერილი მომივიდა თხოვნით- გამოვცხადებულიყავი "მანჩესტერ იუნაიტედის" სავარჯიშო ბაზაზე. წარმოუდგენელი იყო, თითქოს ოქროს მიწვევა მივიღე შოკოლადის ქარხანაში.
ორშაბათსა და ოთხშაბათს სკოლის შემდეგ მამაჩემს კლიფზე დავყავდი, სავარჯიშო ბაზაზე, რომელიც სელფორდის პატარა სახლებს შორის იყო ჩაკარგული, სადაც ბესტი და ჩარლტონი ოდესღაც თავიანთ ნიჭს ხვეწდნენ. იმ დროისთვის "იუნაიტედი" უკვე კარინგტონზე ვარჯიშობდა, უამრავი სავარჯიშო მოედნებითა და უახლესი აპარატურით. კლიფზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი მოედანი იყო ძველი დარბაზით, მაგრამ ეს ადგილი "იუნაიტედის" ახალგაზრდა გულშემატკივრისთვის ყოველთვის წმინდა იქნება.
სწორედ იქ, კლიფზე, პირველად შევხვდი ნიკი ბატსა და პოლ სქოულზს, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ მოვიდნენ გუნდში ჩემ შემდეგ. წარსულს ვიხსენებ და ვხვდები, რომ სქოულზი და ბატი არასდროს იყვნენ ნაზები. უკვე იმ ასაკში ისინი ისე იქცეოდნენ, როგორც ნამდვილ ვაჟკაცს შეეფერებოდა.
ჩემი პირველი წარმოდგენა 13 წლის ბატზე იყო ის, რომ იგი ხისტი გახლდათ, როგორც ლურსმანი. იგი არასდროს გამოირჩეოდა ფიზიკური აგებულობით, მაგრამ ამას მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა და ანადგურებდა ყველას, ვინც გზაზე ხვდებოდა. იმ დროს მე ნახევარმცველი ვიყავი და ჭირივით მეზარებოდა მის წინააღმდეგ თამაში. ბატი როი კინის იდეალური კოპია იყო.
სქოულზის ნიჭი, პირიქით, ნაკლებად თვალსაჩინო იყო. პოლი ძალიან პატარა იყო მისი ასაკისთვის. მაშინ, რა თქმა უნდა, თქვენ ვერც კი წარმოიდგენდით, რომ უყურებდით ბავშვს, რომელიც მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. პოლი ასთმით იყო დაავადებული და ხშირად ძალიან უჭირდა ვარჯიში.
ახლა დაუჯერებლად მეჩვენება ის ფაქტი, რომ 25 წლის შემდეგ მე ისევ ვთამაშობდი სქოულზთან ერთად. არ შემიძლია იმის თქმა, რომ ერთმანეთს ნახევარი სიტყვით ვუგებდით, მაგრამ ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრები გავხდით. იგი არასდროს არ იყო მოლაპარაკე პიროვნება და არასდროს უშვებდა თავის სიტყვებს ჰაერზე, მაგრამ ბოლო წლებია, ჩვენ ერთმანეთს მანჩესტერის ცენტში ერთსა და იმავე კაფეში ვხვდებით, რათა თამაშითა და საუბრით დავტკბეთ.
სქოულზის მიდგომა თამაშთან გენიალურად მარტივი იყო. იგი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ფეხბურთი უბრალო თამაშია, გაზვიადებული იდიოტებით. უმეტესობა საათების განმავლობაში ლაპარაკობდა შემადგენლობაზე და განიხილავდა ტაქტიკას, პოლი კი აბობდა: "მომეცით ბურთი და წამოდით სტადიონზე!"
სქოულზთან და ბატთან ვარჯიშის დროს მივხვდი, თუ რა დონეზეა საჭირო თამაში. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ მათზე ჩამორჩენილი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ საუკეთესოდ ვითვლებოდი ადგილობრივ "ბიერი იუნიორსში", მაგრამ ისინი ჩვენთან ბევრად ძლიერი გუნდიდან გადმოვიდნენ. მათთან შედარებით ძალიან სუსტი ვიყავი. საბოლოოდ, მათი დონის მისაღწევად თავი "ბაუნდერიში" ამოვყავი და მეგობრებს ზურგი ვაქციე.
იმ დროს უბრალოდ ხელიდან ვერ გავუშვებდი ვერცერთ შანსს წარმატების მისაღწევად. მაგალითად, ბენ ტერნლი, რომელიც ჩვენს ახალგაზრდულს შეუერთდა, ისე თამაშობდა ორივე ფეხით, რომ ვერცერთი ჩვენგანი ვერ ხვდებოდა, თუ რომელი ფეხით თამაშობდა იგი უკეთ. ყოველ წელს გვემატებოდნენ ახალი ტალანტები და ყოველ წელს ვიღაც ნაძირალა ცდილობდა ჩვენს ამოგდებას შემადგენლობიდან.
საკმაოდ კარგ დონეზე ვთამაშობდი, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, მოვხვდებოდი თუ არა 14 წლის ასაკში იმ იღბლიანებს შორის და შემომთავაზებდნენ თუ არა კიდევ ორწლიან კონტრაქტს. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როცა მამაჩემმა მითხრა, რომ ბრაიან კიდთან (ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი) მიდიოდა შეხვედრაზე.
ჩემი თამაში გამუდმებით იმატებდა, რადგან ყოველდღიურად ვვარჟიშობდი. მე ვიზრდებოდი ვარჯიშიდან ვარჯიშამდე და არ მინდოდა, მიღწეულზე გავჩერებულიყავი. მაგრამ არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა საფეხბურთო აკადემიის გადალახვას ამდენ ბავშვს შორის, რომლებიც პრაქტიკულად ჩემზე უკეთესები იყვნენ. სქოულზისა და ბატის წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი, ჩემს შემთხვევაში კი, ეჭვი მეპარებოდა, რომ მამაჩემი სასიამოვნო ინფორმაციას მომიტანდა.
ცხოვრებაში ხდება შემთხვევები, როცა უკან იყურები და ხვდები, რომ ერთი არასწორი ნაბიჯის შემდეგ ყველაფერი შეიძლებოდა სულ სხვაგვარად მომხდარიყო. მე არ ვიყავი მათ შორის, ვისაც მომავალში პროფესიონალური ფეხბურთი ელოდა. ამას მშვენივრად ვხვდებოდი. „იუნაიტედის“ სკაუტები ყოველ ნიჭიერ ფეხბურთელს ეტაკებოდნენ, ვინც კი თავს იჩენდა. და იმ დღეს ჩემი ცხოვრება, შეიძლებოდა სულ სხვა სცენარით გამართულიყო, სადაც „იუნაიტედის“ ადგილი და საერთოდ ფეხბურთის ხსენებაც არ იქნებოდა.
ახლაც მახსოვს მამაჩემის სახე, როგორ მელოდა მანქანაში, სანამ სკოლიდან გამოვიდოდი. ჩავჯექი მანქანაში და იქვე მივხვდი. იგი ღიმილს ვერ მალავდა. ჩემი ცხოვრების პირველი ბარიერი გადავლახე. დღესაც მახსოვს, როგორ ვიჯექი სტივენ სთრითზე და ვჭამდი ჩემს კარტოფილს წვენთან ერთად, ცხოვრება კი უკეთესი ხდებოდა. მე შემომთავაზეს არა მხოლოდ სტანდარტული სკოლის კონტრაქტი, არამედ დამატებითი ორი წელი გუნდის აკადემიაში. 4 წელი „იუნაიტედში“ და ხელფასი 29.50-ს უდრიდა კვირაში.
დაუჯერებელი იყო. „მანჩესტერ იუნაიტედს“ საკუთარ აკადემიაში ჩემი ხილვა სურდა. ვერ ვიტყვი, რომ ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ იმ მომენტში ცრემლები მომერია.
***
მაშინ არ ვიცოდი და ვერ ვაფასებდი იმას, რომ ახალი მწვრთნელი გუნდის ახალგაზრდების სისტემის დახვეწას გეგმავდა. მას სურდა, რომ გუნდს აქცენტი ახალგაზრდებზე გაეკეთებინა. მოკლედ, გუნდის მომავალს მის აღზრდილებში ხედავდა. ფერგიუსონი სერ მატ ბასბის ტრადიციას მისდევდა.
ვინ იცის, რა მოხდებოდა, იმ შემთხვევაში, თუ ფერგი არ აღმოჩნდებოდა საკმაოდ მამაცი და საკმაოდ წინმხედველი ამ საქმისთვის. იგი დიდ გუნდს ჩაუდგა სათავეში, რომელიც ძალიან დაბალ დონეზე გამოიყურებოდა. მისგან ყველა სწრაფ შედეგს ელოდა, მაგრამ მან თავი საკმაოდ კარგად გაწვრთნა მსგავსი სიტუაციისთვის, რათა არავის და არაფერს არ შეეშალა ხელი ახალი გუნდისა და რაც მთავარია, ახალი სისტემის შენებაში, რომელიც გუნდს წლების განმავლობაში უამრავ ნიჭიერ ახალგაზრდას მოუტანდა. შემდეგ კი, მას ეყო ვაჟკაცობა იმისთვის, რომ შემადგენლობაში ჯერ კიდევ პატარა და უსუსური ბავშვები გამოეყვანა აკადემიიდან.
ოსტატური გადაწყვეტილება იყო ისიც, რომ ფერგიმ ბავშვთა გუნდის მწვრთნელად ბრაიან კიდი დანიშნა. კიდს რაღაცნაირი ნიჭი ჰქონდა, მას შეეძლო გაეკეთებინა ისე, რომ თავი შენს კალაპოტში გეგრძნო. თავიდანვე გიმეგობრდებოდა და მუდამ გრძნობდი მის მხარდაჭერას. ყოველთვის მომწონდა მისი მეგობრული და მხიარული ხასიათი.
ბრაიან კიდი და ერიკ ჰარისონი იდეალური დუეტი იყო „კარგი და ბოროტი პოლიციელის“ როლისთვის. მეგობრულ კიდდოსთან შედარებით, ჰარისონი ბოროტი იორკშირელი იყო, მაგრამ ისიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩვენს ვარჯიშებზე. იმისათვის, რომ ახალგაზრდები მეტად მოქმედები გამხდარიყვნენ, ვარჯიშებზე ძირითადი გუნდის მწვრთნელებიც გვსტუმრობდნენ.
მთავარი მწვრთნელის დამხმარე, არჩი ნოკსი, ხშირად სტუმრობდა ჩვენს ვარჯიშებს და ზოგჯერ სერ ალექსიც მასთან ერთად იყო. იგი დილიდან ღამემდე მუშაობდა. იქამდე, სანამ თამაშს უკვე სრულიად გაყინულები არ ვამთავრებდით და გადავდიოდით დარბაზში. არჩი წვრილმანებს ყოველთვის აქცევდა ყურადღებას, რაც შედეგად,მომავალში ყველას გამოგვადგა.
როდესაც ვვარჯიშობდით და დარბაზში არჩი შემოდიოდა, ვიცოდით, რომ იგი თითოეულ ჩვენს ნაბიჯს დაკვირდებოდოდა. ხშირად წყვეტდა ვარჯიშს და იწყებდა ლაპარაკს. იგი შოტლანდიელი იყო და მისი აქცენტის გარკვევა ძალიან გვიჭირდა, სანამ არ გვეჩხუბებოდა, შემდეგ კი მისი ლაპარაკის ყველას ესმოდა.
ძალიან ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა. პასი, პასი, პასი და კიდევ პასი. მიიღე-გაეცი. თუ რამეს არასწორად გააკეთებდი, ყველაფრის თავიდან გამეორებას გაიძულებდნენ. ძალიან რთული იყო, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურადაც. არაფრის დრო არ გვქონდა. ან გააკეთე სწორად, ან გაიმეორე თავიდან! აკონტროლე შენი გადაცემები. იყავი პირველი ბურთზე. გაეცი. იმოძრავე. აკონტროლე ბურთი. ჩვენ საკმაო რაოდენობის განათლება მივიღეთ იმისთვის, რათა მოედანზე ვაჟკაცურად მდგარიყავით და თამაში ბოლომდე წაგვეყვანა. ყველაფერი სისწრაფეზე უნდა გვეკეთებინა. ახლაც მახსოვს, როგორ მიყვიროდა არჩი ყურთან: „იმოძრავე, უმაქნისო!“
ძალიან გვიჭირდა. მაგრამ სიტუაცია უფრო რთულდებოდა, როდესაც სასკოლო არდადეგებზე უამრავი ახალი ბავშვი მოდიოდა, რომლებიც ადგილისთვის იბრძოდნენ. ბექჰემი ზაფხულში მოვიდა. იგი მხოლოდ 14 წლის იყო. ერთხელ ერთად ვვარჯიშობდით და თვით ფერგიუსონი მოვიდა ჩვენთან და ხელი დაადო პატარა ბიჭს, რომელსაც თმა „ჟელეთი“ ჰქონდა გაზეთილი. ახალი სავარჯიშო ფორმა ეცვა და უახლესი ბუცებით ვარჯიშობდა. მან ბობი ჩარლტონის სახელობის ტურნირი მოიგო, მაგრამ ჩვენ მაინც გვეგონა, რომ უბრალოდ გამარიაჟებული ბიჭი იყო.
იგი იმდენად სუსტი იყო, რომ გვეჩვენებოდა, თითქოს ქარს მიჰქონდა. ერთი შეხედვით, ვერ ვხვდებოდით, რა იყო ამ ბიჭში ასეთი განსაკუთრებული, მაგრამ როდესაც ბურთი მასთან მიდიოდა, მაშინ ყველაფერი ნათელი ხდებოდა- იგი საუკეთესო პასს აკეთებდა, რაც კი ოდესმე მინახავს. მისი გადაცემების ტექნიკა თითქოს წიგნიდან ამოჭრილი იყო. ბექსი ნახევარდაცვაში თამაშობდა, როგორც მე, ასე რომ, ერთი კონკურენტით მეტი გამიჩნდა.
რობი სევიჯი- ნიჭიერი ბიჭი უელსიდან, მაგრამ ყოველგვარი სტილის გარეშე და კიტ გილესპი სამხრეთ ირლანდიიდან, ასევე აღმოჩნდნენ გუნდში არდადეგებზე. ასე ამოვყავი თავი ძირითადი შემადგენლობიდან სათადარიგოზე. გაზაფხულამდე აბსოლუტურად ყველა მატჩს ვთამაშობდი 15-16 წლამდე, მაგრამ შემდეგ, უფრო დიდ თამაშებში, შემადგენლობაში აღარ აღვმოვჩნდი.
განსაკუთრებული ნიჭის პატრონი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ თავს იმით ვირწმუნებდი, რომ საკმაოდ დისციპლინირებული ვიყავი და ყველაფერს იქვე ვსწავლობდი. თავს უფროსად ვთვლიდი, ალბათ, იმიტომ, რომ უფროსი ძმა ვიყავი. და ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი. იმაზე მეტს, ვიდრე საჭირო იყო და არასდროს ვარიდებდი თავს სამუშაოს. მოვიდა დრო და ჩვენ, ბექსი, სქოულზი, ბატი, მე და კიდევ სხვა ფეხბურთელები შემდეგი გაჩერებისკენ გავემგზავროთ, რათა გაგიგოთ, ვადგებით თუ არა „იუნაიტედს“ და შევძლებთ თუ არა მომავალში გუნდთან ნამდვილი კონტრაქტის გაფორმებას.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია