ყველანაირი შანსი გვაქვს იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დავასრულოთ და პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეშიც მოვექცეთ. სწორედ ასეთი შესაძლებლობები მოგვცა ამ კვირამ. როგორც ყოველთვის, ახლაც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. გვინდა, ძალიან რთული და დაძაბული პერიოდის წინ გავიმარჯვოთ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება. ჩვენი საკუთარი თამაში უნდა ვაჩვენოთ იმისთვის, რომ პსვ და "ლესტერი" დავამარცხოთ.
რაც შეეხება "უოტფორდთან" ჩვენს მატჩს, მინდა შევნიშნო, რომ ამ მოწინააღმდეგის ძლევა ადვილი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდში სანაკრებო მატჩების შემდეგ ბევრი ტრავმირებული ბრუნდება. ძალიან არ გვიმართლებდა ტრავმებისა და გასვლაზე მატჩების შემთხვევაში. "უოტფორდთან" სტუმრად ტრავმების გამო შეცვლილი შემადგენლობით ჩავედით. თუმცა გამარჯვებაზე ორიენტირებულნი ვიყავით და მოვახერხეთ მათი დამარცხება. ვერ გეტყვით, რომ საოცარი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ პირველ ტაიმში, მით უმეტეს მატჩის სტარტზე, მოედანზე საუკეთესო გუნდი ვიყავით. ჩვენი უპირატესობის გარდასახვა მემფისის შესანიშნავ გოლად შევძელით. მეორე ტაიმში რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ პრესინგით "ონავრებმა" საქმე ძალიან გაგვირთულეს. საკმაოდ დიდხანს ვერ ვახერხებდით ბურთის კონტროლს და შედეგად, თამაშსაც. "უოტფორდმა" მატჩის მიწურულს პენალტი გამოიყენა, მაგრამ ხასიათი გამოვავლინეთ და საფინალო სასტვენის წინ გავიტანეთ. უიქ-ენდზე გამართული მატჩების ანგარიშებმა მეორე ადგილზე გადასვლის შანსი მოგვცა. მინდა, ჩვენი გუნდური სული აღვნიშნო, რომელიც ჩვენთან ერთად იყო მატჩის ბოლო წუთამდე. იმედი მაქვს, ასეთ რამეს მომდევნო მატჩშიც გამოვავლენთ აუცილებლობის შემთხვევაში. ასეთი რთული გამარჯვება, არცთუ საუკეთესო თამაშის ფონზეც კი, უფრო მეტია, ვიდრე სამი ქულა.
როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი მომდევნო მეტოქე პრემიერ ლიგაში "ლესტერი" იქნება. რანიერის გუნდი უბრალოდ დაუჯერებელია ამ სეზონში. შესანიშნავი თამაშის წყალობით "მელიები" დამსახურებულად იკავებენ პირველ ადგილს. მინდა, ვარდი გამოვყო, რომელმაც ამ კვირაში ნისტელროის რეკორდი გაიმეორა, რამეთუ ზედიზედ ათ მატჩში გაიტანა და მაჰრეზიც. რა თქმა უნდა, ორივე მათგანი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელთაც უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლიათ. მომდევნო მატჩში მათ განსაკუთრებულად უნდა დავაკვირდეთ.
მაგრამ მანამდე ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე "ოლდ ტრაფორდზე" პსვ-ს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მათ წინააღმდეგ დავმარცხდით, მაგრამ ახლა ძალიან გვინდა გამარჯვება, რათა ტურნირის მომდევნო ეტაპს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ, ასევე "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილ გულშემატკივარს კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგის საღამო ვაჩუქოთ.
დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მალე ჩემს "თვითერ" გვერდზე ხუთ მილიონზე მეტი მიმდევარი მეყოლება. უდიდეს მადლობას გიხდით ყოველდღიური მხარდაჭერისთვის. სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადეთ, რომელშიც თქვენც მიიღებთ მონაწილეობას...
სასიამოვნო კვირას გისურვებთ. გეხვევით,
ხუანი.
P.S.: ოთხშაბათს ჯორჯ ბესტის გარდაცვალებიდან ათი წლისთავი იქნება. გუშინ მისი ცხოვრებისა და საფეხბურთო კარიერის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე. ჯორჯი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ის უეჭველად არის მრავალი თაობის კერპი, რომელთაც ჯერ კიდევ ახსოვთ მისი მიღწევები. სამუდამო გენიოსი.
მატას ბლოგი
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.