ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა მარუან ფელაინის "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება ურჩია.
ფელაინიმ გასულ სეზონში ლუი ვან გაალის გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ სეზონის ბოლო მატჩში "ჰალ სიტის" წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათის გამო მიმდინარე სეზონის პირველი სამი შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, სასტარტო შემადგენლობაში კი მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.
მათგან ორი მატჩი ლიგის თასზე, ერთი კი "ლივერპულის" წინააღმდეგ, თუმცა ფელაინი 9-ჯერ სათადარიგოთა სკამიდანაც შევიდა შეცვლაზე.
ამხანაგურ მატჩებში, რომელიც ბელგიის ნაკრებმა იტალიასთან მოგებით დაასრულა და ესპანეთთან შეხვედრა გაუქმდა, მარუანი ტრავმის გამო არ გამოიძახეს, თუმცა ვილმოტსი მიანიშნებს, რომ მიზეზი არარეგულარული სათამაშო პრაქტიკაც შეიძლება იყოს.
"მოთამაშე, რომელიც თავის კლუბში არ თამაშობს, მწვრთნელს იმედს უცრუებს.
ფელაინის შეუძლია ნომერ ექვსად თამაშით შეტევას მხარი დაუჭიროს. ძალიან კარგი ტექნიკა აქვს, შეუძლია უკან დაბრუნება და ბურთის წართმევა. იქნებ, იანვარში ახალი გამოწვევა მოძებნოს, თუ შესაძლებელი იქნება", - განაცხადა ვილმოტსმა.