დავიდ დე ხეა ესპანეთში ჩავიდა, რათა მისი ქვეყნის ნაკრების რიგებში ითამაშოს და ESPN-ის ესპანურ ვერსიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
დე ხეა ზაფხულში მადრიდის "რეალში" გადასვლას აპირებდა და "იუნაიტედსა" და ესპანურ გრანდს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა სატრანსფერო დროის უკმარისობის გამო ესპანელის დაბრუნება სამშობლოში არ მოხერხდა.
დე ხეამ "წითელ ეშმაკებთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა და მას შემდეგ მყარად იცავს "იუნაიტედის" კარს, თუმცა პრესაში ჭორები არ წყდება და დავიდს კვლავ უწინასწარმეტყველებენ ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნებას. დე ხეა კი საპირისპიროს აცხადებს.
"ვფიქრობ, კონტრაქტის გახანგრძლივება საუკეთესო რამ არის, რის გაკეთებაც შემეძლო. ახლა მართლაც ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს უდიდეს კლუბში ვთამაშობ და ვგრძნობ, გულშემატკივარს ვუყვარვარ.
არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები განაწყენებული და იმედგაცრუებული იმით, რაც ზაფხულში მოხდა - ასე ხდება. წინ უნდა იყურო და არა უკან, ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ.
სატრანსფერო ფანჯრის დროს ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. ერთ წუთში სიტუაცია ყირამალა დადგება - ასეთია ფეხბურთი. თითოეულ ფეხბურთელს ექნება კარიერაში უცნაური და რთული მომენტები, მაგრამ ასეთი რამეები ხასიათს გიმყარებს. ამ ყველაფრის გავლით უფრო ძლიერი ხდები".
დავიდმა მთავარი მწვრთნელის შესახებაც ისაუბრა.
"კარგი ადამიანია. მასთან ყველაფერზე შეგიძლია ლაპარაკი და გულახდილად, პირისპირ. ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, როგორც მწვრთნელსა და მოთამაშეს შეიძლება ჰქონდეს. ჩვენი კლუბისთვის ორივეს საუკეთესო გვსურს.
პირველი დღიდან მას შემდეგ, რაც მთელი ამ ისტორიის შემდეგ დავბრუნდი კლუბში, მწვრთნელმა ჩემში თავდაჯერებულობა ჩანერგა, მითხრა, რომ ვითამაშებდი, მოვდუნებულიყავი და მეკეთებინა ის, რასაც მანამდე ვაკეთებდი. ამასთან ერთად, დიდი ხუმარაა და განწყობის ამაღლება შეუძლია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძირითადად ფეხბურთზე ვლაპარაკობთ.
დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დავრჩი ამ ყველაფრის შემდეგ ჩატარებული პირველი მატჩით. "ოლდ ტრაფორდმა" ისე მიმიღო, რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. სიტყვებით რთულია გადმოვცე, რასაც იმ დღეს ვგრძნობდი. ამას მართლა ძალიან ვაფასებ".