მემფის დეპაიმ აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეგუება ჯერჯერობით უჭირს.
25 მილიონ ფუნტად შეძენილმა ფეხბურთელმა ლუი ვან გაალის გუნდში ადგილი დაკარგა და სამშობლოში კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა.
დეპაის ჰოლანდიაში უფრო მეტად მოდისადმი მისი მიდრეკილების გამო აკრიტიკებენ.
მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, მანჩესტერულ ცხოვრებას თავიდან ადვილად შეეგუა, აღიარებს, რომ ფორმის დაკარგვას განიცდის.
"რა თქმა უნდა, რთულია, როცა სკამზე ზიხარ, მაგრამ ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის აქაც და სავარჯიშო მოედანზეც. შეიძლება, ისე ვერ ვთამაშობ, როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ვფიქრობ, გუნდის ნაწილი ვარ და ჩემი თანაგუნდელებიც ასე ფიქრობენ.
ასე რომ, თუ თამაშის შანსს მივიღებ, გამოვიყენებ. ვფიქრობ, ბევრი რამ შეიცვალა. ახლა სხვა კლუბში ვარ, ერედივიზიონისგან განსხვავებული დონეა. ასეთი რამეები დიდ როლს თამაშობენ და ცდილობ საკუთარი გზა იპოვო, თავიდან ადვილი იყო, მაგრამ შემდეგ უკან წავედი და ამას ჩემს თამაშშიც შენიშნავდით".
"მაგრამ გარწმუნებთ, ამაზე ვმუშაობ და ფორმის აღდგენას ვცდილობ.
თავს კარგად ვგრძნობ და ვცდილობ, სავარჯიშო მოედანზე ვაჩვენო, რომ ყველაფერს ვაკეთებ. ხალხს ჩემი გოლების ნახვა უნდა და ასეც იქნება, უბრალოდ ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდა, თუმცა ისეთ ფორმაში ისევ მიხილავთ".
მიუხედავად იმისა, რომ დენი ბლინდმა, ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და დეილი ბლინდის მამამ განაცხადა, რომ მემფის დეპაის ამჯერად არ გამოიძახებდა ნაკრებში, ბოლოს მაინც მიიღო 24-კაციან განაცხადში მის შეყვანის გადაწყვეტილება.
"დენისთან კარგი საუბარი მქონდა. გუნდური ფეხბურთელი ვარ და სხვა ფეხბურთელებიც ასე ფიქრობენ. არ ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერის ცუდ ეტაპზე ვარ, როგორც ამას მედია ამბობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცუდ ფორმაში ვარ.
კვლავ ძალიან ბევრს ვშრომობ და რადგან ისე ვერ ვთამაშობ, როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე ან წინა წელს, არ ნიშნავს, რომ არ ვშრომობ. მაგრამ ახლა კარგად ვარ და ხალხი ვერ ხედავს, რას ვაკეთებ სავარჯიშო მოედანზე, ამიტომ ჰგონიათ, ფეხბურთით არ ვარ დაკავებული, მაგრამ ეს სიმართლე არ არის".