14-11-2015, 02:23
ნანახია: 7897,
კომენტარები: 7
გარი ნევილის ავტობიოგრაფია: ბიჭუნა K-STAND-დან
ფეხბურთი-ჩემი გუნდის დაპირისპირებაა თქვენის წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა სტადიონზე იქნება, ტრიბუნებზე, ბარში თუ სასკოლო მოედანზე.
"გარი ნევილი წითელია და იგი ვერ იტანს სკაუზერებს."
მე "იუნაიტედი" სულ მიყვარდა და მიყვარდა კამათი. ამიტომ, ყოველი ჩემი ვიზიტი სკოლაში, რომელიც სავსე იყო "ლივერპულის" გულშემატკივრებით, არეულობას იწვევდა.
მე ბიერიში გავიზარდე, მანჩესტერთან ახლოს. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი დადიოდა "ლივერპულის" მაისურით, სრულიად შესაძლებელი იყო იმის გაფიქრებაც, რომ ქალაქი ''ენფილდიდან'' რამდენიმე მეტრში მდებარეობდა.
ოთხმოციანები იყო. ''ლივერპულის'' გულშემატკივრობა მოდაში იყო, გუნდი წარმატებით ასპარეზობდა, ასე რომ, ბავშვების უმეტესობა მათ გულშემატკივრობდა, როგორც ხდება ხოლმე. ჩვენ ''ოლდ ტრაფორდიდან'' ათი კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობდით, მაგრამ თავი ლივერპულის შუაგულში მეგონა. რა თქმა უნდა, მე არ ვიყავი ''იუნაიტედის'' ერთადერთი გულშემატკივარი, მაგრამ ხშირად თავს ეულად ვგრძნობდი.
თქვენ როგორ იქცევით არ ვიცი, მაგრამ უმცირესობაში ყოფნამ მებრძოლად ჩამომაყალიბა. მამაჩემის მხრიდან, ჩვენს ოჯახში ყველა ჯიუტი იყო და ყველას უყვარდა კამათი. სწორედ სკოლაში მივხვდი, რომ მე ნამდვილი ნევილი ვარ. ყოველი ჩემი მოგონება სკოლიდან, უკავშირდება კამათს ''ლივერპულის'' გულშემატკივრებთან. ჩემს დროს ჩხუბს უფრო ვუთმობდი, ვიდრე სწავლას. ჩვენ ვკამათობდით ვის უფრო მაგარი ფეხბურთელი ჰყავს, ვისი სტადიონი სჯობს და ვის უფრო ლამაზი ფორმა აქვს. ეს კამათი არასდროს მთავრდებოდა და ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე დასრულდება.
იმ.დროს ''ლივერპული'' ჩემი მტანჯველი იყო. მათი წარმატება დღითიდღე მახრჩობდა. ასე დაიკავა ბოღმამ ჩემში ადგილი.
ისინი ყველაფერს იგებდნენ, რაც კი შეიძლებოდა. და რაც უფრო მეტს ვისმენდი ''ლივერპულის'' წარმატებაზე, მით უფრო ვიცავდი ჩემს გუნდს. ყოველ დღეს ვფლანგავდი კამათში, რათა ჩემი საყვარელი გუნდი არავის დაეჩაგრა. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ძალიან ვაზვიადებ ''იუნაიტედის'' წარმატებას ბოლო წლებია, ვეტყვი, რომ მათ არ ვუნახივარ სათამაშო მოედანზე ''ჩანტლერს პრაიმერი''.
''იუნაიტედი'' ყველაზე დიდი საოცრება იყო ჩემს ცხოვრებაში. მთელი ჩემი ბავშვობა იმისთვის ვცხოვრობდი, რომ მორიგი შეხვედრა მენახა. ''ოლდ ტრაფორდზე'' მოხვედრა ყოველკვირეული სიხარული იყო ჩემთვის. მამაჩემის დამსახურებით, გუნდი ჩემს სისხლში ბავშვობის ასაკიდანვეა.
მან ''წითლებს'' მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა. იგი ინგლისის თასის ფინალზე იყო 1958 წელს 9 წლის ასაკში, როდესაც ''იუნაიტედი'' ცხრა თვის შემდეგ მიუნჰენის ავიაკატასტროფის შემდეგ ღირსეულად დამარცხდა ''ბოლტონთან''. მან ნახა ბასბის გამარჯვებები ბესთან, ლოუსთან და ჩარლტონთან ერთად. იგი. ერთგულად გულშემატკივრობდა ''იუნაიტედს'' უსუსურ 70-ში, ნახა როგორ გავარდა გუნდი 74-ში. გამარჯვება თუ მარცხი, არ აქვს მნიშვნელობა- ''იუნაიტედის'' გულშემატკივრობა მისი ბედნიერება იყო. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლად დაიწყო ფულის გამომუშავება, ეჭვი მეპარება, რომელიმე შეხვედრა გამოეტოვებინა.
ბავშვობის ასაკიდან ვცდილობდი, მასთან ერთად მევლო თამაშებზე. საბოლოოდ, დამთანხმდა, მაგრამ ერთი პირობით: მე შემეძლო მასთან ერთად დავსწრებოდი თამაშს იმ შემთხვევაში, თუ არავის გავაცდენდი.
მე არ მახსოვს ჩემი პირველი მოგზაურობა ''ოლდ ტრაფორდზე''. მამაჩემი ამბობს, რომ ოთხი წლის ვიყავი, ესე იგი, გარეთ 1979 წელი იდგა. თამაშს ნამდვილად ვერ გავიხსენებ, მაგრამ კარგად მახსოვს ის ემოციები, რომლებიც ჟრუანტელით მივლიდა მთელ სხეულზე.
როგორც კი გადავლახეთ ბარტონის ხიდი, რომელიც ხომალდთა არხზე გადადის, ჩემმა გულმა უფრო სწრაფად დაიწყო მუშაობა, ვიდრე მანამდე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ ახლოს ვიყავით სტადიონთან. მალე ჩვენ აღმავალი ტრიბუნები დავინახეთ და შემდეგ მანქანა გავაჩერეთ. ყოველთვის ადრე მივდიოდით სტადიონზე და მუდამ რაღაცას ვჭამდით ''Marina's Grill-ში''. ეს კაფე დღემდე მუშაობს. მე მუდამ პურსა და კარტოფილს ვჭამდი. პირველი საათისთვის ჩვენ უკვე რიგში ვიდექით ძველ K-Stand-თან.
მამაჩემი მეგობრებს ელოდებოდა, მაგრამ მე წინააღმდეგი არ ვიყავი. თავს ბედნიერად ვგრძნობდი და ყველაფერი მაკმაყოფილებდა. იგი ლუდს სვამდა ქვემოთ, მე ჩემს ადგილს ვუბრუნდებოდი და ხედით ვტკბებოდი. წამით არ მწყინდებოდა მარტო ყოფნა სტადიონზე. ''ოლდ ტრაფორდი'' შეიძლება ცარიელი ყოფილიყო, მაგრამ მე მაინც ვათვალიერებდი მის ყველა ულამაზეს მონაკვეთს. მაშინ გავიჟღენთე იმ ხმაურით, იმ ხედითა და იმ სუნით, რომელიც სტადიონზე სუფევდა. ეს ყველაფერი მე მთელი ცხოვრების მანძილზე გამომყვა.
როდესაც ფეხბურთელები გასახურებლად გამოდიოდნენ, მე ვქვავდებოდი. დღემდე მახსოვს არნოლდ მიურენი, რომელიც თავის დარტყმებს ამუშავებდა. მაგრამ ჩემი შორეული მოგონება ჯო ჯორდანია, რომელიც მაღალ ბურთზე იბრძოდა. მე ვიყავი სტადიონზე, როდესაც ''იუნაიტედმა'' ბრაიან რობსონი გაიფორმა მილიონ ნახევარ ფუნტად, რაც ინგლისის სატრანსფერო რეკორდი გახდა. მაშინ ექვსი წლის ვიყავი, მაგრამ ეს მომენტი კარგად დამამახსოვრდა. ვინ იფიქრებდა, რომ 13 წლის შემდეგ მოედანზე ჩემს გმირთან ერთად გამოვიდოდი მის ბოლო მატჩში.
რობსონი ჩემი იდეალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კედლებზე არასდროს მქონდა გაკრული მისი ნახატები. არასდროს ჩამომირთმევია ავტოგრაფი და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ აკეთებენ ამას ბავშვები. ''იუნაიტედის'' მაისური მქონდა, მაგრამ არასდროს ჩამიცვამს ''ოლდ ტრაფორდზე''. დანარჩენი ფეხბურთელები ჩემში დიდ სიმპატიას არ იწვევდნენ. ტელეფონი რომ მქონოდა იმ დროს გადამღებით, დამერწმუნეთ, ერთ სურათსაც არ გადავიღებდი ფეხბურთელებთან. მე ფეხბურთი მიყვარდა და არავის და არაფერს არ მივცემდი საშუალებას ჩემთვის ატმოსფერო გაეფუჭებინა ''იუნაიტედის'' თამაშზე.
ყოველთვის მიყვარდა გულწრფელი ფეხბურთელები და ამიტომ გახდა რობსონი ჩემი ფავორიტი. ვფიქრობ, რომ იგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ''იუნაიტედის'' ფეხბურთელი. ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯებოდა და მოედანზე ოფლს, სისხლსა და ცრემლებს ტოვებდა. იგი ნამდვილი ლიდერი იყო. როდესაც საჯარიმოში იჭრებოდა, გეგონებოდა, თითქოს მთელი მისი ცხოვრება ამ შეტევაზე იყო დამოკიდებული. ეს ყველაფერი მის სახეზე და მის სათამაშო სტილზე იკითხებოდა. იგი არასდროს ნებდებოდა, სწორედ ამიტომ შემაყვარა თავი.
მოგვიანებით, მარკ ჰიუზი და ნორმან უაიტსაიდი შემიყვარდა. ყველაზე მეტად ამ სამ ფეხბურთელს ვაკვირდებოდი. თითოეულ მათგანს ჰქონდა ნიჭი, მაგრამ ისინი მიყვარდნენ მხოლოდ იმისთვის, თუ როგორ იხარჯებოდნენ ბოლომდე ყოველ შეხვედრაში. ყოველთვის ვაფასებდი შრომისმოყვარე ფეხბურთელებს.
მომწონდა ფეხბურთელები, რომლებსაც უყვარდათ ''იუნაიტედი'' ისე, როგორც მიყვარდა მე, მაგრამ მარტო სიყვარულით წინ ვერ წახვალ. ჩვენ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი გვყავდა, მაგალითად, არტურ ალბისტონი და მაიკ დაკსბერი, მაგრამ როგორც არ უნდა მიჭირდეს თქმა, ''ლივერპულთან'' მაინც ვმარცხდებოდით. ჩემი ბავშვობის პერიოდში ''იუნაიტედმა'' რამდენიმე ტიტული მოიგო, მაგრამ ''ლივერპული' თასს თასზე იგებდა.
ვაფასებ იმ ''ლივერპულის'' წარმატებებს. როგორც ვერ უნდა ვიტანდე გუნდს, ბრმა არ ვარ და მის სიდიადეს თვალს ვერ ავარიდებ. მხოლოდ სულელი არ აღიარებს კენი დაგლიშის მიღწევებს. რომელი გულშემატკივარი არ ნატრობდა გრემ სუნესსის, პიტერ ბერდსლისა და ჯონ ოლდრიჯის ნახვას? აღფრთოვანებული ვიყავი ჯონ ბარნსით, რომელიც ძალიან ნიჭიერი იყო, რის გამოც ვერ ვიტანდი მას.
ახლა შემიძლია აღვიქვა ლივერპული, როგორც სხვა სამუშაო ქალაქი ჩრდილოეთისკენ. ლივერპული, როგორც მანჩესტერი, არაჩვეულებრივია, როდესაც საქმე მუსიკასა და ფეხბურთა ეხება. მაგრამ მაშინ მე ვერ ვიტანდი ''ლივერპულს'' და ვერ ვიტანდი მათ წარმატებას.
''იუნაიტედი'' ჩემი გუნდი იყო და მუდამ ვიცავდი, მაშინაც კი, როდესაც მტყუანი ვიყავი.
სკოლაში ვტრაბახობდი, რომ ჩვენ რობსონი გვყავდა- ნაკრების კაპიტანი და ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი. ვყვიროდი, რომ ''ოლდ ტრაფორდი'' უფრო დიდია, ვიდრე ''ენფილდი''. პასუხად კი ვიღებდი- ''ჰო, მაგრამ ''ლივერპულმა'' ჩემპიონატი მოიგო და თქვენ 31 ქულით ჩამოგიტოვათ''.
თავს მუდამ ვიმართლებდი ბასბის, ლოუსა და ჩარლტონის წარმატებით და მჯეროდა, რომ გუნდი ისევ დაბრუნდებოდა ცხრილის სათავეში. მაგრამ მეც კი დავკარგე რწმენა, როდესაც სეზონი მე-13 ადგილზე დავასრულეთ, ''ქპრ''-სა და ''ქოვენტრი სიტის'' ქვემოთ.
წარმატების ყოველგვარი მარაგი ამოვწურეთ და ვერაფერს ვერ ვიგებდით. ვიყიდეთ გარი ბირტლესი და პიტერ დევენტპორტი, რაც კარგად დაეტყო გუნდს, მაგრამ შემდეგ მაინც ვიწევდით ცხრილის ფსკერისკენ. ვემუქრებოდით გუნდებს, მაგრამ ჩვენი მუქარა ჰაერში ქრებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვერავინ მაჩერებდა.
ალბათ, შორიდან ''სიტის' გულშემატკივარს ვგავდი, რომელმაც არასრულფასოვნების კოპლექსის გამო არ იცოდა, რას აკეთებდა. ქალაქელებს უყვართ იმის თქმა, რომ დერბი ჩემპიონატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა სეზონში, მაგრამ ჩემთვის დერბი არასდროს არაფერს წარმოადგენდა. ჩემი ერთადერთი მტერი ''ლივერპული'' იყო. ნებისმიერი გულშემატკივრისთვის მხოლოდ გუნდის სიყვარული საკმარისი არ არის. ყველას სურს გულშემატკივრობდეს ისეთ გუნდს, რომელიც უყვარს და ამავდროულად ეზიზღება. ინგლისური ფეხბურთის ხიბლი მის ტრადიციებშია. დარწმუნებული ვარ, რომ ''ლივერპულსა' და ''მანჩესტერს'' შორის დაძაბულობა სულ იქნება.
ბავშვობაში იძულებული ვიყავი მეყურებინა, როგორ აღნიშნავდნენ მორიგ გამარჯვებას.
მაგრამ სწორედ ამიტომ, ყოველი ჩემი გამარჯვება ტკბილი იყო. ამის გამო ვიმყოფებოდი მეშვიდე ცაზე ყოველი გამარჯვების შემდეგ ''ლივერპულის'' წინააღმდეგ. ამიტომ ვეამბორებოდი ''იუნაიტედის'' ემბლემას გამარჯვების შემდეგ მათ თვალწინ.
შედეგად, ჩემი აღნიშვნა ხუთი ათასი ფუნტი დამიჯდა, როდესაც ''ოლდ ტრაფორდზე'' გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ მსგავსი საქციელის გამო FA-მ დამაჯარიმა. ამ სასჯელს არ მივიჩნევ სწორად. როგორც მაშინ ვთქვი, ნუთუ მათ უნდათ, რომ რობოტებად გადავიქცეთ?! უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენი ფეხბურთელია, რომლებსაც არ ანაღვლებთ არც გუნდი და მით უმეტეს გულშემატკივრები? და შენ გსჯიან იმის გამო, რომ ნამდვილი ხარ. ძალიან უსუსური საქციელია მათი მხრიდან!
ჩემი მიღწეულის გამო ''ლივერპულის'' გულშემატკივრებისგან ყოველთვის ვისჯებოდი. ამას არასდროს ვუჩივოდი, მაგრამ საკმარისზე მეტი გავიხსენე, რათა ფიქრებში სკოლის ასაკში დავბრუნებულიყავი.
წლების განმავლობაში მესმოდა, როგორ მლანძღავდნენ ტრიბუნებიდან სკაუზერები. მათ ჩემი მანქანის გადატრიალება სელფორდ კეისზე თითქმის შეძლეს, როცა სახლში ვბრუნდებოდი მატჩის შემდეგ. ცდილობდნენ ძალით გაეღოთ ჩემი კარი. როცა ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ მანქანის ამოტრიალებას ცდილობდნენ. გამიმართლა, რომ გზაზე მოძრაობა გახშირდა და იქიდან გაქცევა მოვასწარი.
ერთხელ მორიგი მატჩის წინ ''ლივერპულის'' წინააღმდეგ, ''ოლდ ტრაფორდის'' პოლიციამ გამაფრთხილა, რომ მათ აქვთ ცნობები მერსისაიდელი ხულიგნების შესახებ, რომლებიც დაუვიწყარ ღამეს მპირდებოდნენ. იძულებული გავხდი, ჩამელაგებინა ბარგი და სასტუმროში გადავსულიყავი.
სულ ვიცოდი - ეს იმის საფასურია, რომ ბავშვობიდანვე ეს ფერი ავირჩიე. მაგრამ რად გადაიქცეოდა ფეხბურთი, თუ არავინ არ აირჩევდა თავის გუნდს? ფეხბურთი - ჩემი გუნდის დაპირისპირებაა თქვენის წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა სტადიონზე იქნება, ტრიბუნებზე, ბარში თუ სასკოლო მოედანზე.
''იუნაიტედი'' ჩემი ცხოვრების ბოლო წამამდე. დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია.
გარი ნევილის ავტობიოგრაფია