"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ შემტევ ფეხბურთელებზე კვლავ დახარჯავს ფულს.
ზაფხულს ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ლუიშ ნანი, ანხელ დი მარია და რობინ ვან პერსი გაყიდა, ხოლო რადამელ ფალკაოს კონტრაქტი არ გამოისყიდა.
შეტევის ხაზში "იუნაიტედმა" რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა და ფრანგი ფორვარდი ენტონი მარსიალი და ჰოლანდიელი ვინგერი მემფის დეპაი შეიძინა. მიუხედავად ამისა, "წითლების" შეტევაში პრობლემები არსებობს.
ყველა ჩემპიონატის მასშტაბით ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო, ვან გაალი კი ამ პრობლემის მოგვარების საშუალებას ფლანგების გაძლიერებაში ხედავს.
"მეტი გოლი უნდა გავიტანოთ, ამაში გეთანხმებით, მაგრამ მხოლოდ ერთით მეტი, ვიდრე ჩვენმა მოწინააღმდეგემ. ასეთია ჩემი აზრი.
კვლავინდებურად გვჭირდება ფლანგზე უფრო სწრაფი და შემქმნელი ფეხბურთელები.
ამას ხუთი თვის წინაც ვამბობდი, სამი თვის წინაც და ახლაც ვამბობ. ეს გვჭირდება და ეს პროცესია, რომელიც მიმდინარეობს", - განაცხადა ვან გაალმა.