"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის შაბათის მატჩში მორგან შნეიდერლინის ხელმისაწვდომობის გასაგებად უნდა მოიცადოს, სხვა ახალი ტრავმები კი გუნდს არ აქვს.
შნეიდერლინი ავად იყო და ჩემპიონთა ლიგაზე ცსკა-ს წინააღმდეგ მატჩი გამოტოვა, თუმცა "ვესტ ბრომთან" მატჩის წინა ვარჯიში ჩაატარა.
ანტონიო ვალენსია და ლუკ შოუ კვლავ ტრავმირებულები არიან, თუმცა ამ უკანასკნელის გამოჯანმრთელების პროცესი პროგრესულად მიმდინარეობს და ყავარჯნების დახმარების გარეშე დადის. კიდევ ერთი მცველი, მატეო დარმიანი 5 ყვითელი ბარათის გამო ვერ ითამაშებს, ამიტომ მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობა კვლავ იანგს ჩაბარდება.
"ტრავმები არ გვაქვს, მხოლოდ ავადმყოფობა. მორგან შნეიდერლინი ავად იყო. დღეს პირველად ივარჯიშა, ამიტომ უნდა მოვითმინოთ და ვნახოთ. ვერ ვიტყვი, რომ ამ მატჩში ბევრი ცვლილება იქნება. მატეო დარმიანი დისკვალიფიცირებულია, ასე რომ, ვერ ითამაშებს და ვალენსია ტრავმირებულია", - განაცხადა ვან გაალმა.
"წითლებმა" უგოლო სერია ცსკა-ს წინააღმდეგ უეინ რუნის თავურის შემდეგ დაასრულეს და "შაშვებთან" მატჩს კარგ განწყობაზე ხვდებიან. მომდევნო ტურის შემდეგ კლუბები სანაკრებო შესვენებაზე გავლენ.
ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე კარგ განწყობაზე უნდა იყოს, ჯესი ლინგარდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში პირველი მატჩის ჩატარება შეუძლია სასტარტო შემადგენლობაში.
"კარგად თამაშობს. სწორედ ამიტომ მინდა მისი შენარჩუნება და ამიტომ ვამბობდი, რომ მისი შანსიც მოვიდოდა. მისგან დიდი სიმწვავე მოდის და ფლანგებზე სიმწვავე მომწონს. ახლა პირველი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ვფიქრობ, ცსკა-სთან თამაშისგან კარგი განწყობა გაჰყვება, რადგან კარგად ითამაშა და იმედი მაქვს, ასეც გააგრძელებს", - დაასრულა ჰოლანდიელმა.