"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფორვარდმა, რომელიც ამჟამად "მოლდეს" მთავარი მწვრთნელია, უეინ რუნის მხარი დაუჭირა.
ოლე გუნარ სოლსკიაერი თვლის, რომ ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირობა და "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა სიაში მეორე ადგილზე ყოფნა უკვე არის ისტორიაში სახელის დამკვიდრების მიზეზი, მაგრამ ამის გამო რუნისგან მადლიერებას ელის.
"უეინი უკვე არის კლუბის ლეგენდა. "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლიდანვე ფანტასტიკურად თამაშობს. მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ ტრავმა მივიღე იმ დროს, როცა კლუბს თავდამსხმელები სჭირდებოდა და რუნი ვიყიდეთ.
მაგრამ ჩემთვის უბრალოდ დიდებული ამხანაგი და თანაგუნდელი იყო, უეინი შესანიშნავი ადამიანი და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. უაზა ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც ოდესმე "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ინგლისის ნაკრებში უთამაშია.
როცა გუნდში რუნი გყავს, ყოველთვის გჯერა, რომ თავის დიდებულ კლასს აჩვენებს. კარშიც კი შეგიძლიათ მისი დაყენება, გუნდზე მაინც მოახდენს გავლენას", - განაცხადა სოლსკიაერმა.
ჟურნალისტები ბოლო პერიოდში ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ვან გაალის გუნდის ცუდ სტილზე.
"რა თქმა უნდა, "იუნაიტედი" ყოველთვის იყო კლუბი, რომელიც მაყურებელს თავისი ფეხბურთით ახარებდა, ამიტომ ეს უკმაყოფილება გასაგებია. იმ გუნდის ნაწილი ვიყავი, რომელიც საინტერესო, შემტევ ფეხბურთს აჩვენებდა და ნამდვილი სიამოვნება იყო ასეთ სტილში თამაში", - დაასრულა ოლემ.