კრიშტიანუ რონალდუ აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში უკეთესი გუნდია, მაგრამ ძველ დონეზე ჯერ არ იმყოფება.
რონალდუ "იუნაიტედს" 2003 წელს ლისაბონის "სპორტინგიდან" 12.2 მლნ. ფუნტად შეუერთდა და მას შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში 292 მატჩი ჩაატარა, 188 გოლი გაიტანა და სხვადასხვა ტურნირი მოიგო.
30 წლის პორტუგალიელი BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამ სეზონში გაუმჯობესების ნიშნებს ხედავს, თუმცა "წითელი ეშმაკები" იმ დონეს ვერ აღწევენ, რასაც მის პერიოდში აღწევდნენ.
"ჩემთვის რთულია ამის ყურება, რადგან ეს კლუბი მიყვარს. რა თქმა უნდა, მინდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" იმ დონეზე ვნახო, რომელზეც წარსულში იყვნენ. როგორც, მაგალითად, ლისაბონის "სპორტინგი", რომელიც ჩემი პირველი პროფესიონალური კლუბი იყო.
მომწონს მწვერვალზე იმ კლუბების ხილვა, რომელიც ჩემი ფავორიტები არიან და ვფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ სეზონში გაცილებით უკეთესია, თუმცა ჯერ კიდევ დიდი სამუშაო უნდა გასწიონ იმისთვის, რომ მიაღწიონ დონეს, რომელზეც 6-7 წლის წინ იმყოფებოდნენ", - განაცხადა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა.
ჭორები რონალდუს "რეალის" დატოვების შემდეგ პარიზს სენ-ჟერმენსა და "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას უკავშირებენ.
სამგზის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კვლავ არ აპირებს საჯაროდ განაცხადოს, თუ სად ითამაშებს მადრიდულ გრანდში კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ.
როცა "იუნაიტედში" დაბრუნების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: "მრავალჯერ, მრავალჯერ ვთქვი, რომ არავინ იცის მომავალში რა მოხდება. ამჟამად მადრიდში ბედნიერი ვარ, მაგრამ მომავალში არავინ იცის.
ყოველთვის ასეთ პასუხს გაგცემთ, რადგან მომავალი ყველასთვის უცნობია, თუმცა აქ კარგად ვარ. მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი მაკავშირებს და ბედნიერი ვარ".