მაიკლ კერიკი ფიქრობს, რომ "იუნაიტედს" ყოფილი თანაგუნდელის, პოლ სქოულზის სიტყვები ვერაფერს ავნებს.
პოლ სქოულზმა, რომელსაც მაიკლ კერიკთან ერთად არაერთი ტიტული აქვს მოგებული, სატელევიზიო ექსპერტობის შემდეგ არაერთხელ გააკრიტიკა "იუნაიტედი".
მაგალითად, ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ტურის მატჩის შემდეგ პოლმა ვან გაალის გუნდის თამაშს მოსაწყენი უწოდა და აღნიშნა, რომ ჰოლანდიელის სისტემაში თავდამსხმელს ძალიან გაუჭირდებოდა თამაში.
თუმცა კერიკი ამ კომენტარებს ყურადღებას არ აქცევს.
"უამრავი აზრი არსებობს ხალხში. თუ იმაზე ნერვიულობას დაიწყებ, რასაც ხალხი შენზე ტელევიზიასა და გაზეთებში ამბობს, პრობლემები შეგექმნება.
როგორც მოთამაშეებმა, ვიცით, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ამ კომენტარებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
ხალხი იმისთვის არსებობს, რომ აზრი გააჩნდეს. ამას არა უშავს. სირთულეებთან ერთად სიადვილეც უნდა მიიღო და კრიტიკაც, რომელიც გხვდება.
რასაც სქოულზი ამბობს, არ მაღელვებს. მას პატივს ვცემ და ეს არასდროს შეიცვლება. განსახილველი თემაც კი არ არის.
ზეწოლა ყოველთვის არსებობს, როცა მაისურს მოირგებ და ითამაშებ. ხალხი ყოველთვის ისურვებს შენს განსჯას და ესეც არასდროს შეიცვლება. მღელვარებად არ ღირს", - განაცხადა კერიკმა.