უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ცსკა-ს წინააღმდეგ გატანილი გოლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლეადორთა სიაში დენის ლოუსთან გათანაბრებას უეინ რუნი უდიდეს პატივად თვლის.
ამ გატანილი გოლის შემდეგ "წითელი ეშმაკების" რიგებში კაპიტანს 237 გოლი დაუგროვდა და კლუბის ყველა დროის გოლეადორთა დავაში დენის ლოუსთან ერთად მეორე ადგილზე გადაინაცვლა - გოლების გატანა უეინმა სწორედ ამ ტურნირზე დაიწყო, როცა "ფენერბაჰჩეს" 2004 წელს სადებიუტო მატჩში ჰეთ-ტრიკი შეუსრულა. კაპიტანს მხოლოდ 13 გოლი აშორებს სერ ბობი ჩარლტონის შედეგამდე და რეკორდის მოხსნამდე.
მატჩის შემდეგ რუნიმ თავისი შედეგით გამოწვეულ სიამაყეზე ისაუბრა.
"ძალიან ვამაყობ. დენისი ამ კლუბის ლეგენდაა. მისი გოლების რაოდენობასთან გათანაბრება უდიდესი პატივია ჩემთვის.
რა თქმა უნდა, რთული თამაში გამოდგა, ყოველთვის რთულია, როცა გუნდი მოდის და თავს იცავს. მათზე ზეწოლა არ უნდა შეგვესუსტებინა, მათი გატეხვა ძალიან რთული იყო. საბედნიეროდ, მიწურულს შანსი მივიღეთ და გოლი გავიტანეთ, დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ. ვფიქრობ, დღეს სამი ქულა დავიმსახურეთ.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ეს მნიშვნელოვანი მატჩი და მნიშვნელოვანი გოლი იყო. რთული ჯგუფია, მაგრამ საბედნიეროდ, ამჟამად პირველ ადგილზე ვართ", - განაცხადა უეინმა.
გოლი მალე გავიდა ეპიზოდიდან, რომელშიც დავიდ დე ხეამ მთელი თავისი ოსტატობა გამოავლინა სეიდუ დუმბიას წინააღმდეგ, ერთი წუთის შემდეგ კი რუნიმ ანგარიში გახსნა. "კონცენტრაციის ისე შენარჩუნება, როგორც ის ახერხებს და ისეთი სეივების კეთება, როგორიც მას შეუძლია, გადამწყვეტი იყო", - გამოეხმაურა კაპიტანი ესპანელს.