"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა თავისი ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ სამი უგოლო მატჩის შემდეგ გოლების გატანაზე უნდა იზრუნონ.
"წითლებმა" "მანჩესტერ სიტის", "მიდლსბროსა" და "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ჩატარებულ ზედიზედ სამ მატჩში ვერ მოახერხეს გოლის გატანა და ასეთი შედეგი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე ნამდვილად იწვევს შეშფოთების საბაბს.
B ჯგუფში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და დღევანდელი მატჩის მონაწილე ორივე გუნდისთვის, ცსკა-სა და "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან ორივე მათგანს 4-4 ქულა აქვს.
ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ვან გაალს გუნდის უგოლო სერიისა და სათამაშო ფორმის შესახებ ჰკითხეს. "რუსეთის ჩემპიონების" კარის აღებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ისაუბრა და რეპორტიორებს განუცხადა - "ჩვენ - მოთამაშეები, მწვრთნელი, სამწვრთნელო შტაბი" ბევრს ვმუშაობთ მიმზიდველი ფეხბურთის სათამაშოდ და ბოლოს დაამატა, რომ კლუბი ახლდება.
"ამის გაკეთებას ვცდილობთ, მაგრამ ჩემი აზრით, პრემიერ ლიგის რიტმში ძალიან რთულია განვითარება. ყოველკვირა ნახავთ ამას და არა მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემთხვევაში, არამედ სხვა გუნდებისაც. ნებისმიერმა შეიძლება მოიგოს ან წააგოს ნებისმიერ გუნდთან. იქნებ, პრემიერ ლიგაში უფრო რთულია, არ ვიცი, მაგრამ გაკეთებას ვცდილობთ.
იმედი გვაქვს, ისტორიას შევქმნით, მაგრამ დროა საჭირო. მაგრამ ეს უკვე ვთქვი მანამდე და აღარ გავიმეორებ, რადგან მერე გაჩნდება სათაურები: "ვან გაალი ისევ დროს ითხოვს!"
დღემდე სულ პროგრესი გვქონდა, ყოველთვის პროგრესია. თქვენ, ჟურნალისტებს შეგახსენებთ რას ამბობდით: "დაცვა, დაცვა, ეს არის პრობლემა". არა, არა. დაცვის ორგანიზება შემტევებით იწყება, მთელი გუნდით.
ახლა პრემიერ ლიგის საუკეთესო მცველები გვყავს და ამბობთ, რომ შეტევა გვიჭირს. არა, სიმართლე არ არის. ეს მხოლოდ პროცესის მომენტია. პრემიერ ლიგაში პირველ ადგილზე ვიყავით. ახლა ცუდი პერიოდი გვაქვს, რადგან ცუდი პერიოდია, როცა გოლები ვერ გაგაქვს. რადგან ფეხბურთი გოლების გატანაა.
ფეხბურთი არ არის პროცესი. ფეხბურთი შანსების შექმნაც არ არის. არა, ფეხბურთი არის ის, რომ გოლები უნდა გაიტანო, რადგან ეს ქმნის სხვაობას. ეს უნდა გავაუმჯობესოთ, ამით ვართ დაკავებული და იმედი მაქვს, მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ გავიტანთ.
მაგრამ ვიცი, რომ რთული იქნება, რადგან ძალიან ორგანიზებულები არიან. ისინი უფრო დაცვას ითამაშებენ, ვიდრე "კრისტალ პალასი", მაგალითად. ასე რომ, რთული იქნება, მაგრამ გატანას მაინც ვეცდებით", - განაცხადა ვან გაალმა.
მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ გულშემატკივართა მხარდაჭერა ამ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. "ჩვენ შედეგებში ღრმად შევტოპეთ და ამ სიღრმიდან უნდა ამოვიდეთ.
სწორედ ამიტომ გვჭირდება ქომაგთა მხარდაჭერა და აქამდე ვიღებდით კიდეც. მაგრამ იმედი მაქვს, მიუხედავად მრავალი დისკუსიისა, ჩემს ფეხბურთელებს მხარს დაუჭერენ, რადგან ჩემმა ფეხბურთელებმა ეს უნდა გააკეთონ. უფრო რთულია მოედანზე შესრულება, ვიდრე ის, რასაც მე ვაკეთებ, გაწვრთნა.
მოთამაშეებმა ეს უნდა გააკეთონ, ამიტომ გულშემატკივარმა მხარი უნდა დაუჭიროს. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან გულშემატკივარი ამას ყოველთვის აკეთებდა და იმედი მაქვს, ხვალ მე-12 მოთამაშე იქნებიან", - დაასრულა ჰოლანდიელმა.