ერთი კვირის წინ, ორი ფრის შემდეგ, აქ ვთქვი, რომ გამარჯვების დროა. სამწუხაროდ, ამ ორშაბათსაც იგივე მსურს. კიდევ ორი ფრის შემდეგ რაც შეიძლება მალე უნდა გავიმარჯვოთ, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შეხვედრიდან დაწყებული.
ლიგის თასზე ფრე საშინელება იყო, რადგან მატჩი პენალტების სერიაში დამარცხებით დასრულდა. "მიდლსბროს" წინააღმდეგ თამაში ერთ-ერთ იმათგანად იქცა, როცა სტუმართა გუნდმა დაცვაზე გააკეთა აქცენტი, ჩვენი თამაშის გართულება სცადა და ყოველი შანსის გამოყენებას ცდილობდა, რათა გაეტანა. ამან თავისი ნაყოფი გამოიღო, რადგან თამაშის პენალტებამდე მიყვანა მოახერხეს და ამ გასროლებში უკეთესები აღმოჩნდნენ. უფრო მეტი მომენტი გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წუთს, მაგრამ ვიცით, რომ უფრო ეფექტურები და ზუსტები უნდა ვიყოთ, როცა ვქმნით და ვასრულებთ კომბინაციებს.
"კრისტალ პალასის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ფრე სულ სხვა იყო. ეს არის გუნდი, რომელსაც თავისი კოზირები აქვს. დასაწყისში კარგად დაგვაწვნენ, რამაც ჩვენი გადაადგილება გაართულა და რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, განსაკუთრებით საწყის წუთებში. შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რთული სტარტის შემდეგ და შესვენებამდე მოვუმატეთ, თავისუფალი სივრცეები ვიპოვეთ მოწინააღმდეგის ხაზში და მას ვაკონტროლებდით. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში ისევ კარგად ახდენდნენ პრესინგს და შორეული გადაცემების გამოყენება დაიწყეს, რამაც უსიამოვნება მოგვაყენა. კარგ მომენტებს ვერაფრით ვქმნიდით. თამაშის ამ ასპექტის გაუმჯობესება გვჭირდება, რადგან ჩემი აზრით, გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც ეს შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, რომ გოლები მალე მოვა, მათთან ერთად კი შედეგებიც.
ახლა უნდა ვივარჯიშოთ და მოვემზადოთ შემდეგი მატჩისთვის. რთული კალენდარი გვაქვს. "ოლდ ტრაფორდზე" ზედიზედ ორი მატჩის ჩატარება გვიწევს და მათგან ის, რომელიც სამშაბათსაა, ფინალის ტოლფასია. სტატისტიკა ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" სახლში არასდროს მარცხებოდა რუსულ გუნდებთან, ამიტომ პირველი გამარჯვების დრო მოვიდა. ცსკა-ს და ჩვენ თანაბარი ქულები გვაქვს, ამიტომ, ცხრილის სათავეში მოხვედრისთვის, გამარჯვება მნიშვნელოვანია. ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერის ფონზე ვიმედოვნებ, რომ კიდევ ერთ ლამაზ ჩემპიონთა ლიგის საღამოს ვაჩუქებთ "ოცნების თეატრს".
ამის შემდეგ პრემიერ ლიგაში "ვესტ ბრომვიჩთან" თამაში გველოდება. ესეც ის თამაშია, რომელიც უნდა მოვიგოთ, რათა ცხრილში ავიწიოთ და შესვენებაზე, რომელიც სანაკრებო მატჩებს უკავშირდება, კარგი განწყობით გავიდეთ. "ვესტ ბრომვიჩმა" გასვლაზე უფრო მეტი ქულა აიღო, ვიდრე სახლში და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. სასიამოვნო იქნება ძველ მეგობრებთან, ანდერს ლინდეგაარდთან, ფლეთჩერთან, ევანსთან და სოლომონ რონდონთან შეხვედრა, რომელიც ახლა ფორმაშია...
იმედი მაქვს, ჰელოუნი კარგად აღნიშნეთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ჩემი YouTube არხი და სოციალური ქსელი უფრო და უფრო მეტ მოწონებას იღებს. ამაზე ვმუშაობთ, რათა მალე ისევ გაგაოცოთ.
გეხვევით,
ხუანი.
მატას ბლოგი
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.