რა გზები განვლო მარსიალმა და საიდან დაიწყო მისი აღმასვლა "იუნაიტედისკენ".
ბევრს გაუკვირდა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს 36 მლნ. ფუნტი გადაიხადა ნაკლებად ცნობილ ფრანგ თინეიჯერში, რომელსაც სახელად ენტონი მარსიალი ჰქვია.
მას შემდეგ ახალ კლუბში ხუთი გოლი გაიტანა, მაგრამ ეს სულაც არ არის სიურპრიზი ორი მწვრთნელისთვის, რომლებმაც ენტონი მისთვის მნიშვნელოვან წლებში აღზარდეს.
აზიზ ბენაადდანე და მაჰამადუ ნიაკატე მარსიალთან 6-დან 14 წლამდე მუშაობდნენ პატარა კლუბ "ლეზ-იულისში" პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
რაც აღსანიშნავია, მსოფლიო ჩემპიონი ტიერი ანრი და "იუნაიტედის" ყოფილ მცველი პატრის ევრაც თამაშობდნენ ამ კლუბში.
თავის დროზე ნიაკატეს ანრისთან მოუხდა მუშაობა, ბენაადდანე კი - მარსიალის ოჯახის ახლო მეგობარი - ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც მისი ნიჭი შეამჩნია.
ორივე მწვრთნელი იმ კლუბში იმყოფება, სადაც ენტონიმ დაიწყო. მოგვითხრობენ, თუ რატომ სჯეროდათ ყოველთვის მარსიალის წარმატების და იმასაც ყვებიან, რომ ერთხელ "მანჩესტერ სიტიში" ივარჯიშა.
"ჩვენ დავინახეთ ენტონის ნიჭი, ვიგრძენით და განვითარებაში დავეხმარეთ"აზიზ ბენაადდანე: "ჩემი პირველი მოგონება ენტონის შესახებ? ძალიან პატარა იყო, შეიძლება, მხოლოდ ექვსი წლის და ბურთთან ერთად პირდაპირ კარისკენ გარბოდა. ჩვენთან 400 ბიჭი თამაშობს, მაგრამ ასეთი ნიჭი 5-6 წელიწადში ერთხელ ჩნდება. ეს ნიჭი ვიგრძენით, პოტენციალი დავინახეთ და განვითარებაში დავეხმარეთ. როცა ენტონი მოვიდა, მასზე ვზრუნავდით, ყურადღებას ვაქცევდით, ვიცავდით - ყველაფერს ვაკეთებდით, რათა გამოძვრომაში დავხმარებოდით, რადგან ნამდვილი ნიჭი აქვს. მას შემდეგ, რაც 9 თუ 10 წლის გახდა, ვიცოდით, რომ ევროპული ფეხბურთის ტოპ-მოთამაშე გახდებოდა. ბევრს შრომობდა, ირგვლივ კარგი ხალხი ჰყავდა, რომლებიც ეხმარებოდნენ. აქ ტრადიციად გვაქვს სხვა ფეხბურთელებისთვის თქმა: "ენტონივით ითამაშე", რადგან დიდებული ფეხბურთელია".
მაჰამადუ ნიაკატე: "მისი ნიჭი ძალიან სწრაფად აღმოვაჩინეთ. აქ 6 წლის ასაკში მოვიდა და უკვე აკეთებდა იმას, რასაც რვა წლის ბიჭები. მაშინაც კი, როცა უფროსთა ჯგუფში გადავიყვანეთ, სხვებზე ადრე სწავლობდა. ჩვენ, შეიძლება, ვერ ვამჩნევდით მასში ტოპ-ფეხბურთელის ხასიათს, სანამ 12-13 წლის არ გახდა. ამ ასაკში შეუძლებელი იყო არ შეგემჩნია, რომ გიჟურად სურდა ფეხბურთელობა. საფეხბურთო ოჯახიდანაა. მამამისი ფეხბურთს თამაშობდა; 25 წლის ძმა დორიანი "ლეზ-იულისის" ასაკოვან გუნდში თამაშობს. ენტონის ძმა იოანი ლიგა 1-ს კლუბ "ტრუაში" თამაშობს. შესანიშნავი ოჯახია და მარსიალს კარგი განათლებაც აქვს. სკოლა და ფეხბურთი. ამისგან კარგი ბიჭები გამოდის".
მარსიალს ისე სძულდა წაგება, რომ ტიროდაბენაადდანე: "მარსიალი საკუთარ თავთან ძალიან მკაცრი იყო - 13 და 15-წლამდელთა გუნდთან ერთად ყოველდღე ვარჯიშობდა. ვერ იტანდა წაგებას, ძალიან სძულდა - მისი ხასიათის მთავარი ნიშანი იყო. როცა პატარა იყო, ტიროდა, როცა აგებდა. ძალიან ემოციური გახლდათ. საკმაოდ მორცხვია, ბევრს არ ლაპარაკობს. ძალიან უბრალო, მოკრძალებული ადამიანია. ძალიან კარგი იყო მისი ვარჯიში, რადგან ყოველთვის ბედნიერია, როცა ფეხბურთს თამაშობს. ბავშვივით, ყოველთვის იღიმის. მეგობრებთან მასხარაობა მოსწონდა".
ნიაკატე: "ჩემი პირველი მოგონება - მარსიალს ისეთივე ხასიათი ჰქონდა, როგორიც ტიერი ანრის. ბომბარდირი, ჭკვიანი, სწრაფი, გამარჯვებული. მორცხვი იყო, მაგრამ მოედანზე გამარჯვებული. გიჟურად სურდა გამარჯვება. ძალიან შრომისმოყვარე. არ იფიქროთ, რომ მთელი სამუშაო "ლეზ-იულისში" ჩვენ გავწიეთ. დიახ, რამდენიმე დიდებულ ფეხბურთელს გაზრდაში დავეხმარეთ, მაგრამ დიდებული უნარები უკვე ჰქონდათ. ასევე ჰქონდა ენტონისაც, მაგრამ ამის გარდა ბევრი შრომა მოსწონდა და ყოველთვის სურდა ნაბიჯების წინ გადადგმა. თუ მარცხდებოდა, მწუხრდებოდა, მაგრამ იშვიათად მარცხდებოდა".
მარსიალი 12 წლის ასაკში სინჯებზე "მანჩესტერ სიტიში" მივიდა12 წლის ენტონი "მანჩესტერ სიტის" ეწვია, მაგრამ საბოლოოდ "ლეზ-იულისი" 14 წლამდე არ დაუტოვებია, სანამ ლიონში გადაბარგდებოდა. "ლიონში" 2013 წლამდე დარჩა და შემდეგ "მონაკოში" გადავიდა.
ნიაკატე: "ენტონი "მანჩესტერ სიტის" 12 წლის ასაკში ეწვია. "სიტი" ძალიან ინტერესდებოდა მისით. ყველა დიდი კლუბი ინტერესდებოდა. "მანჩესტერ სიტიში" უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ: თავიანთ ბაზაზე დაპატიჟეს. არ ვიცი, რატომ არ შედგა შეთანხმება. ამის შესახებ მხოლოდ გამგზავრების შემდეგ გავიგეთ. გაზეთებში წავიკითხეთ და გაოცებულნი დავრჩით. რაც ენტონიში საოცარია - ცვლილელებს ვერასდროს შეამჩნევდი. მანჩესტერში სავარჯიშო ბაზაზე გაემგზავრა, დაბრუნდა, შრომას შეუდგა. არავითარი ცვლილებები. ვინც იყო, იმადვე დარჩა და ღრუბლებში არ დაფრინავდა. ამაშია ენტონის ძალა".
ბენაადდანე: "არა მარტო "მანჩესტერ სიტი", სხვა კლუბებიც მოდიოდნენ მის სანახავად. საფრანგეთის ყველა საუკეთესო კლუბს სურდა მისი დანახვა თავიანთ შემადგენლობაში, მან კი "ლიონი" აირჩია. "მანჩესტერ სიტიში" ჩავიდა, რადგან დაპატიჟეს. რა თქმა უნდა, მამამისმა უთხრა: "დიახ, ვნახოთ", უბრალოდ იმისთვის, რომ ინგლისი და საფრანგეთი შეედარებინა. ენტონი ძალიან, ძალიან პატარა იყო და მამამ საფრანგეთში დარჩენა ურჩია. ენტონის მგზავრობა მოეწონა, მაგრამ არავისთვის უთქვამს. არავისთვის".
მარსიალს ევრას ბუცები მორგება აიძულესნიაკატე: "მეგობარი მყავს ტიმენი, რომელიც მანჩესტერში პატრისთან ჩავიდა და როცა "ლეზ-იულისში" დაბრუნდა, ეკიპირებიდან რაღაც გამოიყოლა - მაისურები, ბუცები და ა.შ. ერთხელ დილით გადავწყვიტეთ, რომ ენტონი პატრის ევრას ბუცებით ითამაშებდა, რათა გაგვეგო, როგორია. ვუთხარით: "ენტონი, ამ ბუცებს მოგცემთ". ისეთი პატარა იყო. მხოლოდ 12 წლის, მაგრამ ბუცები მოირგო. ხანდახან პატრისთან ჩავდიოდი და "ლეზ-იულისის" პატარა ბიჭის შესახებ ვუყვებოდი, რომელსაც ენტონი მარსიალი ერქვა. ამის შემდეგ პატრისი მის განვითარებას აკვირდებოდა და როცა ენტონი "მანჩესტერ სიტის" ეწვია, ამის შესახებ გაზეთში წაიკითხა. პატრისი ძალიან აკვირდება ფეხბურთს, მაგრამ ამ კლუბისადმი ძალიან მიკერძოებულია. როგორც კი მარსიალი საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს, პატრისი "ლეზ-იულისელ" უმცროს ძმასავეთ შეხვდა. ევრაზე ორი წლით უფროსი ვარ. ჩემი კარგი მეგობარი, ერთად ვვარჯიშობდით, ტიერი ანრი კი ჩვენს გუნდში იყო და ამ მცირე ხნის განმავლობაში დავინახე, რომ დაუჯერებლად სწრაფი, კარგი დრიბლიორი, შეტევების დამასრულებელი და გამარჯვებულია. და შემთხვევით წლების შემდეგ იგივე ნიშნები აღმოვაჩინე ენტონიშიც. ამ ორი ფეხბურთელის შედარება სრულიად გამართლებულია".
"იუნაიტედი"? მათ ჯერ არაფერი უნახავთნიაკატე: "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი გადასვლით შოკირებულები არ ვყოფილვართ. შესაძლოა, განხილვის საგანი იყო მისი ღირებულება, მაგრამ ტელევიზორში ნახვა, თუ როგორ გააქვს გოლი "მანჩესტერ იუნაიტედში", - ეს შოკი არ არის".
ბენაადდანე: "ვიცოდით, რომ ტოპ-ფეხბურთელი გახდებოდა და ვიცი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია - განსაკუთრებული იქნება. როცა "მონაკოში" თამაშობდა, დავინახეთ, რომ მის თამაშს თავისუფლება აკლდა. მაგრამ ახლა, "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი ფეხბურთიდან ჩანს: გაიფურჩქნა. ეს შესამიჩნევია. მას ვიცნობთ. ბურთს იღებს და მაშინვე კარისკენ გარბის. "მონაკოში" ბურთს იღებდა და პარტნიორს აწვდიდა. ახლა კარისკენ მიდის. სხვა მოთამაშეებმა - უეინ რუნი, მემფის დეპაი - კარგად მიიღეს და მოედანზე ესეც ჩანს. ბედნიერია, იცინის. ფეხბურთის ეს უბრალოება მასში ყოველთვის იყო. პატარაობიდანვე, როგორც კი ბურთს მიიღებდა - გასატანად გარბოდა. როგორც ახლა. "იუნაიტედში" მისი პირველი გოლი "ლივერპულის" წინააღმდეგ სწორედ ასე გავიდა.