ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც მის ძალებს არ აღემატება, რათა კლუბს წარმატება, "მანჩესტერ იუნაიტედის" "დაუჯერებელ" გულშემატკივარს კი ბედნიერება მოუტანოს.
"წითლების" მთავარი მწვრთნელი "კრისტალ პალასთან" მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა, როცა შუა კვირაში ინგლისის ლიგის თასიდან გავარდნის შემდეგ თავს დამტყდარი კრიტიკის შესახებ ჰკითხეს.
ვან გაალმა აღნიშნა, რომ პრესას ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ გულშემატკივართა სიამოვნებაზე ფიქრობს.
"ჩვეულებრივ ჰოლანდიურ გამონათქვამებს ვიყენებ, მაგრამ ერთი აქაც გაქვთ: "ჩხირებმა და ქვებმა შეიძლება ჩემი ძვლები დაამტვრიოს, მაგრამ სახელები ვერასდროს მავნებენ". ფანტასტიკური გამონათქვამია!
ვიცი, რომ თუ წავაგებ და წავაგებ ბოლო მომეღება, ეს ვიცი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ამ კლუბისთვის და ამ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც დაუჯერებელნი არიან.
გასულ სეზონში 13 ქულა გვქონდა 10 მატჩში და ახლა ეს გულშემატკივარი ხედავს, რომ იმავე ათში 20 ქულა გვაქვს, წინა წელთან შედარებით ლიგის თასზე ერთი ტურით შორს გავედით და ჩემპიონთა ლიგაზეც ვთამაშობთ. გასულ წელს ასე არ იყო. შარშან 15 ტრავმა გვქონდა. კარგი, ოთხშაბათის მატჩის შემდეგ უფრო მეტი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ მანამდე ყველაზე მეტი სამი ტრავმირებული გვყავდა.
ძალიან ვვითარდებით, მაგრამ ეს პროცესია, მას სამი წელი სჭირდება და სწორედ ამიტომ გავაფორმე სამწლიანი კონტრაქტი", - განაცხადა ვან გაალმა.