"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, უეინ რუნი დარწმუნებულია, რომ კლუბის ზაფხულის შენაძენები ისეთივე კავშირს ჩამოაყალიბებენ, როგორიც ოდესღაც მასა და კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდათ.
ენტონი მარსიალი "წითელი ეშმაკების" რიგებში რეგულარულად თამაშობს და ხშირად იტანს გოლს, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მემფის დეპაიზე, რომელმაც კარგი დასაწყისის შემდეგ ინგლისურ კარიერაში წარუმატებლობები განიცადა.
რუნის მიაჩნია, რომ ახალგაზრდებს "იუნაიტედში" დიდი პერსპექტივა აქვთ.
"ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, რომელთაც დიდი ნიჭი და ოსტატობა აქვთ. თუ ასევე გააგრძელებენ სწავლასა და პროგრესირებას, ისინი, იმედი მაქვს, იმავეს მიაღწევენ, რასაც მე და რონალდუმ მივაღწიეთ. გუნდისთვის დიდებული იქნებოდა.
კარგი ის არის, რომ სწავლის სურვილი აქვთ და ახალგაზრდებში ამის დანახვა სასიამოვნოა. აქ მხოლოდ იმისთვის არ მოსულან, რომ ისე ითამაშონ, როგორც სურთ. ისინი ისე თამაშობენ, როგორც გუნდს სჭირდება და მწვრთნელს უსმენენ. დარწმუნებული ვარ, ასეთი მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ ბევრს მიაღწევენ და ეს მსოფლიო დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ", - განაცხადა რუნიმ კლუბის ჟურნალთან ინტერვიუში.
კაპიტანმა მარსიალი ცალკე გამოყო, რომელსაც შეუძლია თავისუფლად გახდეს ზაფხულის საუკეთესო შენაძენი. "ვფიქრობ, დაუჯერებელია. მანჩესტერში მოვიდა და მაშინვე ათამაშდა. არ დაივივიწყოთ, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. მოხვიდე ახალ ადგილზე ახალგაზრდა ოჯახთან ერთად და ითამაშო ასე - დიდი ქების ღირსია.
თქვენც ნახავთ, როგორი კარგი ფეხბურთელია და სეზონის დარჩენილ ნაწილში ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება. ალბათ, ჩვენს გუნდში ყველაზე სწრაფია, თუ საერთოდ ლიგაში არა", - დაამატა რუნიმ.