"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა პრემიერ ლიგის მკაცრი განრიგით უკმაყოფილება გამოხატა.
ცსკა-სთან მოსკოვში გამართული მატჩის შემდეგ ლუი ვან გაალმა დაიჩივლა, რომ გუნდის მანჩესტერში დაბრუნება ფეხბურთელებს გადაღლიდა და ეს უპირატესობას "მანჩესტერ სიტის" მისცემდა.
რუსეთიდან დაბრუნებულმა ჰოლანდიელმა კი თავისი მოსაზრება განავრცო და განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის განრიგი ინგლისის ნაკრებს საერთაშორისო არენაზე წარმატების მიღწევის საშუალებას არ აძლევს.
"ინგლისში ზამთრის შესვენება არ არის და ადგილობრივ საფეხბურთო კულტურაში ეს ყველაზე უარესად მიმაჩნია. ინგლისურ ფეხბურთს, კლუბებს, ნაკრებს სარგებელს ნამდვილად არ აძლევს. ვფიქრობ, რაღაც უნდა შეიცვალოს.
რატომ ვერ იგებს ინგლისის ნაკრები მრავალი წლის განმავლობაში რამეს? იმიტომ, რომ ფეხბურთელები სეზონის დასასრულს იღლებიან", - განაცხადა ვან გაალმა.