ლუი ვან გაალისა და მანუელ პელეგრინის ინფორმაცია თავიანთი ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ.
ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას განუცხადა, რომ გუნდს ახალი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს და 170-ე მანჩესტერულ დერბის მხოლოდ ლუკ შოუ და პედი მაკნეირი დააკლდებიან.
შოუმ სექტემბერს პსვ-სთან მატჩში ფეხის ორმაგი მოტეხილობა მიიღო, ხოლო ახალგაზრდა მცველმა, მაკნეირმა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების რიგებში ფინეთის წინააღმდეგ მატჩში მიღებული დაზიანება ვერ მოიშუშა.
ეშლი იანგმა მიმდინარე თვეს "არსენალთან" გამართულ მატჩში მცირე ტრავმა მიიღო, რომელმაც მას "ევერტონსა" და ცსკა-სთან თამაშის საშუალება არ მისცა. ბოსმა დაადასტურა, რომ იანგი ტრავმირებული აღარ არის, თუმცა ვინგერი კვირას სათამაშოდ საკმარისად კარგ ფორმაში არ იმყოფება.
ანდერ ერერას, რომელმაც "გუდისონ პარკზე" გაიტანა გოლი და შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, მოსკოვში ჩატარებულ მატჩში მცირე ტკივილი ემჩნეოდა, თუმცა ყველაფერი რიგზეა და ერერა ხელმისაწვდომია.
ოფიციალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ლუი ვან გაალს "იუნაიტედის" ტრავმების შესახებ ჰკითხეს, რაზეც უპასუხა:
"კარგია, რადგან ხანგრძლივვადიანი ტრავმირებულები მხოლოდ ლუკ შოუ და პედი მაკნეირი არიან. ეშლი იანგმა ვარჯიშები სამი კვირის განმავლობაში გამოტოვა, ამიტომ "სიტისთან" ვერ ითამაშებს.
ყოველთვის უკეთესია, როცა მწვრთნელს მრავალ ფეხბურთელს შორის შეუძლია არჩევა. იყო დრო, როცა ცოტას შორის ვირჩევდი, როგორც ბოლო წელს, მაგრამ ამ წელს გაცილებით უკეთესია".ამასთან, "მანჩესტერ სიტის" ბოსმა, მანუელ პელეგრინიმ დაადასტურა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება:
"ტრავმირებულ ფეხბურთელთა სია იგივეა, რაც გასულ შეხვედრაში.
დავიდ სილვა, სერხიო აგუერო, სამირ ნასრი, ფაბიან დელფი და გაელ კლიში. ამ კვირას არავინ დაბრუნდება; შესაძლოა, მომდევნო კვირას ერთმა ან ორმა ფეხბურთელმა მოახერხოს გუნდთან ერთად მუშაობა, მაგრამ ჯერ ვერა".წყარო:
manutd.com