სეზონის უდიდესი მატჩი შესაძლოა, რამდენიმე დღეში შიდა ჩემპიონატში ჩატარდეს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ახლა მხოლოდ ევროპაში თამაშზე და მინიმუმ 1 ქულის აღებაზე ფიქრობს.
ეს იყო ვან გაალის მთავარი განცხადება, როცა კაპიტან უეინ რუნისთან ერთად რუსულ, ინგლისურ და საერთაშორისო მედიას "ხიმკი არენაზე" პრესკონფერენცია მიმართა.
"ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მომდევნო მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია. არ ვფიქრობ "მანჩესტერ სიტიზე". მხოლოდ მოსკოვის ცსკა-ზე ვფიქრობ და ფოკუსირება ამ მატჩზე უნდა მოვახდინო. ასევე კარგი მაგალითი უნდა მივცე ჩემს ფეხბურთელებს. იმავეს ვითხოვ ჩემი ფეხბურთელებისგან.
ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ახლა მოსკოვის ცსკა-სთან გვაქვს. გასვლაზე პსვ-სთან უკვე წავაგეთ და ამჯერად მინიმუმ ერთი ქულის აღება გვინდა. სწორედ ამიტომ არის ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
პსვ-სთან დაპირისპირებამდე, ასევე გასვლით მატჩამდე ვთქვი, რომ ერთი ქულა კარგია. სამი ქულა უკეთესია, მაგრამ ერთი კარგია", - განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.
ვან გაალს იმედი აქვს, რომ მოსკოვიდან ქულების წამოღებას მანჩესტერში სამშაბათს დილით ვარჯიშის შედეგად შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ მიაჩნია, უკეთესია ფეხბურთელი სტადიონს თამაშის წინა ღამეს შეეგუოს.
"გვითხრეს, რომ მოსკოვში საცობი შეიქმნებოდა, ამიტომ, როცა სასტუმროში, სტადიონზე და უკან სასტუმროში წავიდოდით, ბევრი დრო დაგვჭირდებოდა და ვიფიქრეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ სახლში ვივარჯიშებდით.
ვამჯობინებდი მოთამაშეებს აქ ევარჯიშათ, რადგან მაშინ პირობები და სათამაშო ადგილი მოთამაშეებს ეცოდინებოდათ, მაგრამ მაინც მანჩესტერში ვარჯიში გადავწყვიტეთ. მოედანი უკვე ვნახე, მაგრამ ამის შესახებ რუნის აზრის მოსმენა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან იქ მან უნდა ითამაშოს", - სიტყვა გადასცა ვან გაალმა რუნის.
რუნი: "მოედანი ძალიან კარგად გამოიყურება და გაცილებით უკეთესია, ვიდრე ვფიქრობდი. მოედანზე ჩივილის უფლება არ გვაქვს და სხვა ფეხბურთელებსაც მოეწონებათ. ფეხბურთის სათამაშოდ კარგი მოედანია და იმედი გვაქვს, სწორედ ამას გავაკეთებთ".