კიდევ ერთი კარგი კვირის ბოლოს გწერთ: ორი დადებითი შედეგი, რომელმაც გუნდს ენერგია აჩუქა, მე კი ოპტიმიზმი. მაგრამ სეზონის განმავლობაში შეუჩერებლად ზეიმის დრო არ არის.
შაბათს "გუდისონ პარკზე" დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ: ამ სტადიონზე ყოველთვის რთულია სამი ქულის აღება. ვფიქრობ, მატჩის ანგარიში გუნდის მიერ გაწეულ კარგ სამუშაოს აღბეჭდავს. არსებული მომენტების გამოყენება შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ "ევერტონმა" მატჩი ძლიერად დაიწყო და პრესინგს მიმართავდა. პირველი გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მეორის შემდეგ კი ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ წარიმართა. ძალიან მიხარია მოედანზე ჩემს მეგობარ ანდერ ერერას დაბრუნება, გატანილ გოლებში თავისი კლასი და უნარები აჩვენა.
"ევერტონი" მეორე ტაიმის დასაწყისშიც მიმართავდა პრესინგს, მაგრამ ჩვენმა მესამე გოლმა უკვე მოგვიტანა სამი ქულა. ვფიქრობ, სრულყოფილი მატჩი ჩავატარეთ და განსაკუთრებულად კარგად დავიწყეთ მატჩი, ვიდრე "არსენალის" წინააღმდეგ წინა შეხვედრაში. ვაკონტროლებდით ბურთს და "ევერტონის" მოედნის ნახევარზე უპირატესად ვმოქმედებდით.
ჰოვარდ კენდალისადმი მიძღვნილმა პატივისცემამ შთაბეჭდილება მოახდინა. გაერთიანებულ სამეფოში მსგავსი გამომშვიდობების დროს არსებული ატმოსფერო კლავ მაკვირვებს. კენდალი ბილბაოს "ატლეტიკსაც" წვრთნიდა და ის ბევრს ახსოვს. ჩემი თანაგრძნობა მის ოჯახსა და მეგობრებს.
ესპანეთის ნაკრების მატჩი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც 2012 წლის ევროპის ფინალი მოვიგეთ - კიდევ ერთი ემოციური მომენტია გასული კვირიდან. ამჯერადაც გავიმარჯვეთ, მაგრამ ადვილი არ იყო, რადგან უკრაინა საფრანგეთის საგზურისთვის იბრძოდა. ვულოცავ მარიოს თავის პირველ გოლს ესპანეთის ნაკრებში და წარმატებას ვუსურვებ უკრაინას სლოვენიის წინააღმდეგ პლეი-ოფის მატჩში. არასდროს დამავიწყდება ეს შეხვედრა, რადგან კაპიტნის სამკლაური მოვირგე. ვიცი, რომ ეს ბევრი რამის დამთხვევის შედეგი იყო, მაგრამ ამის ფონზეც კი ჟრუანტელმა დამიარა. ეს არის ოცნება, რომელიც რეალობად იქცა, ის, რითიც ცხოვრების ბოლომდე ვიამაყებ. ესპანეთთან ერთად ძალიან კარგი შეკრების დასასრული ეს გახდა. შემდეგში ნოემბერში შევხვდებით... რათა ინგლისის წინააღმდეგ ვითამაშოთ.
დღეს კი ჩემპიონთა ლიგაზე ვართ კონცენტრირებულნი; იცით, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. ორი ტურის შემდეგ სამი ქულა გვაქვს და მოსკოვში გასამართ მომდევნო შეხვედრას შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. ცსკა-ზე გამარჯვება მომდევნო სამი მატჩისთვის კარგ იმპულსს მოგვცემს.
მითხრეს, რომ გამარჯვების გოლი ანტონიო ვალენსიამ გაიტანა, როცა "იუნაიტედი" ცსკა-ს ბოლოს ეწვია, ამიტომ მას ვკითხავთ, როგორ დავამარცხოთ: ამ სეზონში სახლში არ წაუგიათ, როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ისე ტურნირის წინა ეტაპებზე.
მომდევნო უიქენდზე "სიტისთან" ვთამაშობთ. ყოველთვის განსაკუთრებული დერბია, სხვებისგან გამორჩეული თამაში. ამჯერად მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ორივე გუნდი ცხრილის სათავეშია. ოქტომბერში პრემიერ ლიგაში გადამწყვეტი მატჩები არ არსებობს, მაგრამ ასეთი დონის გუნდის დამარცხება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
დროა დაგემშვიდობოთ. მილიონი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის. ვიცი, რომ YouTube არხზე დადებულ ჩემს საფეხბურთო-საკალათბურთო შეჯიბრებაზე ნაჩვენებ შედეგს ბევრმა გადააჭარბა.
და მართლა, დიდი მადლობა, რომ სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეთ! ჩემს საქმეს გავაგრძელებ, რათა უფრო მეტს მივაღწიო!
სასიამოვნო კვირას გისურვებთ. გეხვევით,
ხუანი
P. S. : რამდენიმე დღის წინ რაულ გონსალეს ბლანკომ განაცხადა, რომ ამ სეზონის ბოლოს კარიერას ასრულებს. ვამაყობ, რომ მის გვერდით ვვარჯიშობდი. მისი მონდომებული სულისკვეთება ამდენი წლის განმავლობაში - ყველასთვის მაგალითია. მისმა ჭკვიანმა თამაშმა დიდებული გახადა. ყველაფრისთვის გმადლობ. მომავალში ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ!