ანდერ ერერა აღნიშნავს, რომ ისეთ გამოცდილ ფეხბურთელებთან კონკურენციის გაწევა, როგორიც ბასტიან შვაინშტაიგერი და მაიკლ კერიკი არიან, მას მხოლოდ კარგი თამაშისკენ უბიძგებს.
ესპანელი ტრავმის მოშუშების შემდეგ საკუთარ გუნდს "გუდისონ პარკზე" დაუბრუნდა და "ევერტონის" დამარცხებაში თავისი წვლილი საგოლე გადაცემითა და გოლით შეიტანა.
მორგან შნეიდერლინისა და ბასტიან შვაინშტაიგერის წინ მოქმედმა "იუნაიტედის" 21 ნომერმა 74-ე წუთზე ადგილი მაიკლ კერიკს დაუთმო, რომლის შემოსვლის შემდეგ, ერერას აზრით, გუნდში არაფერი შეცვლილა. "ამით უპირატესობას იღებ. როცა საუკეთესო ფეხბურთელებით თამაშობ, ისეთ უპირატესობას იღებ, როგორიც ჩვენ მივიღეთ. ჩემთვის და კლუბისთვის კარგია. ყოველთვის ასე ვფიქრობდი. როცა კლუბი მაღალი დონის მოთამაშეს იძენს, ამით უპირატესობა უნდა მიიღო და მეც სწორედ ამას ვაკეთებ.
გვყავს შვაინშტაიგერი და ასევე მაიკლ კერიკი, რომლებიც ძალიან გამოცდილები არიან. ვფიქრობ, მე და მორგანს მათგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ძალიან შერწმულად ვმოქმედებდით და როცა კერიკი შემოვიდა, იგივე იყო. მსგავსი ფეხბურთელები ვართ. ფეხბურთი ერთნაირად გვესმის", - განაცხადა ერერამ.
სანამ ანდერი მერსეისაიდში მოპოვებული სამი ქულით ხარობს, ნახევარმცველი ასევე აღნიშნავს, რომ შრომას გააგრძელებს ისევე, როგორც ოქტომბრის სანაკრებო შესვენების დროს, რათა "იუნაიტედს" სარგებელი მოუტანოს.
"ამ ორ კვირაში მართლა ძალიან მძიმედ ვვარჯიშობდი. მინდოდა, რაც შეიძლებოდა მალე მეთამაშა და მწვრთნელმა შანსი მომცა. ამ შანსით ვისიამოვნე და მინდა გუნდს კვლავ დავეხმარო. გუნდური ფეხბურთელი ვარ და როცა ვთამაშობ, ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია.
გავიტანე და გავაკეთე საგოლე პასი, ამიტომ სიამოვნების უფლება მაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, უმაღლესი დონის ფეხბურთელი ვიყო და ყოველთვის ასე ვითამაშო. გუნდში მოხვედრა ყოველთვის გინდა, მაგრამ ეს "მანჩესტერ იუნაიტედია". თუ ყოველდღე გსურს გუნდში მოხვედრა, მართლა კარგად უნდა თამაშობდე, ამიტომ სწორედ ამის გაკეთება მინდა.
ვფიქრობ, ხალხი ჩემით ბედნიერია და მაფასებს, რადგან ყოველთვის ყველაფერს ვთმობ გუნდისთვის. ნამდვილად ვამაყობ, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედში" ვარ და პირველ გუნდში თავის დასამკვიდრებლად შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო".