პრემიერ ლიგის სამ მატჩში ეს თქვენი მეორე გოლია. უგოლო სერია ოფიციალურად დასრულდა?
გააჩნია, რას ფიქრობს პრესა. ამას რაც მოსწონთ, იმას უწოდებენ, მაგრამ, როგორც ადრე ვთქვი, ვცდილობ ვითამაშო, ვცდილობ გავიტანო, ასე რომ, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, თუ რას ვფიქრობ მე, ჩემი მწვრთნელი და ჩემი გულშემატკივარი.
როცა კრიტიკულ განცხადებას კითხულობთ თქვენზე გავლენა აქვს? თქვენთვის მნიშვნელოვანია?
არა, საერთოდ არა. ვფიქრობ, ძლიერი ადამიანი ვარ და კარიერის განმავლობაში ამას ყოველთვის ვაწყდებოდი. ახლა ეს ნამდვილად ვერ მოახდენს ჩემზე გავლენას. უბრალოდ შევეცდები ბევრი ვიშრომო და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.
ბოსმა მატჩის წინ თქვა, რომ თქვენგან "გუდისონ პარკზე" გოლებს ელოდება...
დიახ, ჩემს გამოსვლებს აქ, "გუდისონზე" გოლები აკლდა. წლები იმედს მიცრუებდა, მაგრამ საბედნიეროდ, დღეს გავიტანე და ეს გამარჯვებაში დაგვეხმარა.
თქვენსა და "ევერტონის" გულშემატკივრებს შორის ურთიერთობა ხომ არ შეიცვალა?
დიახ, ვფიქრობ, კარგად მიმიღეს, როცა დანკანის მატჩზე მოვედი და ამას ვაფასებ. დღესაც კარგად შემხვდნენ და ამასაც ვაფასებ, მაგრამ მე ჩამოვედი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად საქმის გასაკეთებლად, გამარჯვებაში დასახმარებლად და გამომივიდა.
კლუბთან ძალიან ახლოს ხართ დაკავშირებული; რა იგრძენით, როცა გაიგეთ, რომ ჰოვარდ კენდალი გარდაიცვალა?
დიახ, ძალიან სამწუხარო ამბავია; დღეს დილით დანკანს ვესაუბრე და კლუბისთვისაც სამწუხარო დღეა. ვფიქრობ, კლუბში ყველა განიცდის. მინდა მის ოჯახს ჩემგან და ჩემი ოჯახის მხრიდან თანაგრძნობა გამოვუცხადო და ასეთ რთულ დროს გამძლეობა ვუსურვო.