"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ხუან მატამ თავისი ყოფილი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა, რომელმაც ესპანელის უნარებში ეჭვი შეიტანა.
"ჩელსიში" თამაშის პერიოდში მატა ზედიზედ ორჯერ გახდა ლონდონური კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ როცა მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო დაბრუნდა, ხუანმა კლუბი მალე დატოვა.
მოურინიომ მატას გაშვება შემდეგი მიზეზით ახსნა: "ცალკე საქმეა რამირესითა და ოსკარით გუნდის თამაში, როცა ერთმანეთს უჭერენ მხარს, მატა კი თავდამსხმელის უკან ათიანზე თამაშობს. მას შეუძლია ჭკვიანური პასი გააკეთოს და ასეც უნდა მოხდეს, რადგან ფანტასტიკური ნიჭის პატრონია.
თუმცა სხვა საქმეა შეგუება სტილთან, რომლითაც გვსურს თამაში. ამჟამად ჩემი 10 ნომერი ოსკარია და თუ ვინმე მეტყვის, რომ "ჩელსის" საუკეთესო ფეხბურთელი სეზონის დასაწყისში ოსკარი არ არის, არ დავეთანხმები.
მინდა, გუნდი ოსკარის ირგვლივ ავაშენო და ჩემი 10 ნომერი ის იქნება. მინდა, ფლანგზე მოქმედი ორი ფეხბურთელი რეალობას შეეგუოს და აკეთოს ის, რასაც მანამდე ვერ აკეთებდნენ", - განაცხადა მოურინიომ 2013 წლის სექტემბერში.
მას შემდეგ მატა "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდა და "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული არასრული ორი წლის განმავლობაში ოთხჯერ მოახერხა კლუბის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო.
ესპანელს მიაჩნია, რომ მისი წარმატებები ფაქტზე მეტყველებს.
"თუ მოთამაშე შეიძლება ფუფუნების საგნად ჩათვალო და ფუფუნების მოთამაშე - ეს არის ის, ვინც გოლს იტანს, საგოლე პასებს აკეთებს და კარგი სტატისტიკა აქვს, მაშინ მიხარია ფუფუნების მოთამაშე რომ ვარ.
მინდა, რომ ჩემს გუნდში ფუფუნების მოთამაშეები იყვნენ. მომწონს კრეატიული ფეხბურთელები და ფეხბურთელები, რომელთაც ბევრი რამ შეუძლიათ. ადვილია გარკვეული ფეხბურთელების შედარება ფუფუნებასთან, განსაკუთრებით, როცა მატჩს აგებ.
როცა მარცხდები, გარკვეული ტიპის მოთამაშეები - კრეატიული ფეხბურთელები - ყოველთვის კრიტიკას იღებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში პრემიერ ლიგაში იმდენივე გოლი გავიტანე, რამდენიც "ჩელსიში", ოღონდ 30 მატჩით ადრე. ჩემი გოლებისა და გადაცემების მაჩვენებლით სრულიად კმაყოფილი ვარ, ციფრები არ იტყუებიან. ასეთია ფაქტები", - განაცხადა მატამ.
ესპანელმა ასევე აღნიშნა ლუი ვან გაალის სამწვრთნელო მეთოდები, რომელიც გაცილებით მეტად მოსწონს, ვიდრე მოურინიოსი.
"ნამდვილად ვაფასებ მის სამართლიანობას. როცა ვარჯიშზე ვინმე იმას აკეთებს, რაც მოსწონს, მასთან მიდის, რათა ჩაეხუტოს და აკოცოს - მართლა ასე იქცევა. ან ყველას წინაშე ეუბნება: "ვარჯიშზე საუკეთესო ხარ, ვამაყობ იმით, როგორ ითამაშე". ამით სხვებს კარგ მაგალითს აძლევს.
ხედავთ, როგორია ვან გაალი ვარჯიშებზე. ასეთია ჩვენთანაც. სამართლიანი და პირდაპირია. თავისი სავარჯიშო სტილისა და მატჩებისთვის მზადების სჯერა. ყველგან მოიგო ტიტული და იმედი მაქვს, ამ სეზონში მას უკეთ გავიცნობთ და აქაც მოვიგებთ რამეს", - დაამატა მატამ.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.