"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი ბებე გამოტყდა, რომ "წითელი ეშმაკების" რიგებში გადასვლის ბოლომდე არ სჯეროდა.
2010 წლის აგვისტოს "იუნაიტედმა" ბებეს შესაძენად 7.4 მლნ. ფუნტი გადაიხადა, თუმცა მოგვიანებით სერ ალექსმა აღიარა, რომ მოთამაშეს საერთოდ არ იცნობდა.
"ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა სიურპრიზი იყო ბებესთვისაც, თუმცა პორტუგალიელი გრძნობდა, რომ მწვრთნელს მისი სჯეროდა.
"ჩემთვისაც შოკი იყო. ტრანსფერამდე დარჩენილი მთელი ერთი კვირის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ხუმრობა იყო. მეგონა, მეხუმრებოდნენ.
შემდეგ მივხვდი, რომ მათი წადილი სერიოზულია. გაკვირვებული ვიყავი. პორტუგალიის მესამე დივიზიონში აღმოვჩნდი, შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს სურს ჩემი შეძენა? არანორმალური იყო.
პირველი ვარჯიში მახსოვს. ძალიან ვნერვიულობდი. მოედანზე გავედი, იქ კი ისეთი ლეგენდები იყვნენ, როგორიც გარი ნევილი, რაიან გიგზი და უეინ რუნი არიან. სასოწარკვეთით მსურდა მათზე შთაბეჭდილების მოხდენა.
ჩემს დახმარებას ცდილობდნენ. ნანი და ანდერსონი პორტუგალიურად მელაპარაკებოდნენ და ფერგიუსონის რჩევებს მითარგმნიდნენ ვარჯიშის დროს. პატრის ევრა და ჩიჩარიტოც შესანიშნავად მესაუბრებოდნენ, რადგანაც ესპანურად ლაპარაკობენ, როგორც მე. ევრა - განსაკუთრებული ადამიანია, გასაოცარი პიროვნება გასახდელ ოთახში.
ფერგიუსონმა მითხრა, რომ ჩემში ნიჭიერ ბიჭს ხედავდა და გრძნობდა, რომ დიდი ფეხბურთელი გავხდებოდი. ჩემი ტემპერამენტის გამოყენებას და ჩემს შთაგონებას ცდილობდა", - განაცხადა ბებემ.